5:29 PM
უქმეების 5 მატჩი, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება

უქმეებზე ფეხბურთის გულშემატკივარს დიდი სანახაობა ელის. ჩვენ ავარჩიეთ ის 5 შეხვედრა, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება.

"შალკე 04" - "ბაიერნი" (შაბათი, 17:30 საათი)
გერმანიის ტურის ცენტრალური შეხვედრა გელზენკირხენში გაიმართება. მიუნჰენური კლუბი ბრწყინვალე ფორმაშია - ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიასთან" მოპოვებული სამი ქულა, მათთვის ზედიზედ მე-6 გამარჯვება იყო. "შალკეც" არა ნაკლებ კარგ ფორმაშია: ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოგება და 1 ფრე, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ გელზენკირხენელების მეტოქეები შედარებით სუსტები იყვნენ, მაგალითად "ოლიმპიაკოსი", რომელიც ჰუბ სტევენსის გუნდმა 2:1 დაამარცხა. გერმანული ფეხბურთის გრანდების დაპირისპირებას დამატებით ელფერს საგოლე მანქანების, ჰუნტელაარის და გომესის დუელი შესძენდა, მაგრამ მარიო ტრავმირებულია. ჯერჯერობით გომესის ადგილს ღირსეულად იკავებენ მანჯუკიჩი და პისარო. 

სავარაუდო შემადგენლობები

"შალკე 04": უნტერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუქსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი, ჰოლტბი, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.

"ბაიერნი": ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო - რობენი, მიულერი, რიბერი - მანჯუკიჩი.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (კვირა, 16:30 საათი)
დიდი სანახაობა გველის "ენფილდზე". ერთმანეთს ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდან როჯერსის გუნდმა ბოლო შეხვედრაში "იანგ ბოისი" დაამარცხა 5:3 ევროპის ლიგაზე, "ლივერპულს" ძალიან მძიმე პერიოდი უდგას. "მერსესაიდელებმა" პრემიერ ლიგის 4 თამაშში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს და მე-17 ადგილზე იმყოფებიან, რაც დაგვეთანხმებით და კატასტროფული შედეგია. "ემიუ" გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. ალექს ფერგიუსონის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაი" დაამარცხა, მართალია მინიმალური ანგარიშით, მაგრამ მშვიდად და აუღელვებლად. კარგი ამბებია ლაზარეთიდან - უეინ რუნიმ ვარჯიში განაახლა, თუმცა ის ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, ბრიტანული ფეხბურთის კლასიკის გამოტოვება უბრალოდ უპატიებელი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

"ლივერპული": რეინა - კელი, შკრტელი, აგერი, ჯონსონი - ჯერარდი, ალენი, შელვი - ბორინი, სუარესი, სტერლინგი.

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა - და სილვა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, სქოულზი - ვალენსია, კაგავა, ნანი - ვან პერსი.

"უდინეზე" - "მილანი" (კვირა, 17:00 საათი)
სერია ა-ს მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრად ეს მატჩია შერაცხული. ორივე გუნდმა ევროასპარეზი წარუმატებლად დაიწყო: ფრიულელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას პენალტების სერიაში გამოეთიშნენ და ახლა ევროპის ლიგაზე ასპარეზობენ, "ანჟისთან" შეხვედრაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩნენ. თავის მხრივ, "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ანდერლეხტს" ვერ გაუტანა გოლი და თამაში ნულოვანი ფრით დასრულდა. კლუბებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ რეაბილიტაცია. დიახ, "უდინეზე" ახლა ასამოას, ისლას და ჰანდანოვიჩის გარეშეა, "მილანი" კი იბრამ, კასანომ და სილვამ დატოვეს. მიუხედავად ამისა, გვიდოლის შეუძლია დი ნატალეს იმედი ჰქონდეს, ალეგრის კი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების, მაგალითად ელ შაარავის.

სავარაუდო შემადგენლობები

"უდინეზე": პადელი - ბენატია, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა, პინცი, ვილიანსი, არმერო - ბარეტო, დი ნატალე.

"მილანი": აბიატი - აბატე, ბონერა, მექსესი, ანტონინი - ნოჩერინო, მონტოლივო, დე იონგი - ბოატენგი - პაცინი, ელ შაარავი.

"მანჩესტერ სიტი" - "არსენალი" (კვირა, 19:00 საათი)
ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდების ბრძოლა. კლუბი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ დიდი ოთხეულის შესაძლო წევრად მოიაზრებოდა, ახლა ინგლისის მოქმედი ჩემპიონია და ტოპ კლუბიც გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" ფაქტიურად მოგებული მატჩის წაგების შემდეგ "არსენალი" "სიტისთვის" მეორე დარტყმის მიყენებას შეეცდება. თავის მხრივ, "მეთოფეებმა" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "მონპელიესთან" ჟერვინიოს, პოდოლსკის გოლების წყალობით მოიგეს და მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. აქვე გეტყვით, რომ არსენ ვენგერს ჯეკ უილშერი დაუბრუნდა, თუმცა ახალგაზრდა ინგლისელი ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ბოლომდე მზად არ არის. დიდი ალბათობით, შეხვედრას ტრავმირებული სამირ ნასრი გამოტოვებს

სავარაუდო შემადგენლობები

"სიტი": ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კლიში - იაია ტურე, ხავი გარსია - მილნერი, ტევესი, სილვა - აგუერო.

"არსენალი": მანონი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი - დიაბი, არტეტა - ჟერვინიო, კასორლა, პოდოლსკი - ჟირუ.

"ატლეტიკი" - "მალაგა" (კვირა, 21:50 საათი)
გასულმა სეზონმა ფეხბურთს ორი ისეთი კლუბი შესძინა, რომლებზეც ყურადღების არ მიპყრობა უბრალოდ არ შეიძლება. ბილბაოს "ატლეტიკმა" ევროპის ლიგის ფინალში იასპარეზა, საფეხბურთო სამყაროს რამდენიმე ვარსკვლავი და ტალანტი შესძინა. ახალ სეზონში გუნდი დატოვა ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ, ხავი მარტინესმა. ხელმძღვანელობას პრობლემები ჰქონდა ფერნანდო ლორენტესთან, რომელსაც კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარებულია, თავდამსხმელი თამაშს განაგრძობს და გოლებსაც იტანს. "მალაგამ" ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სტარტი აიღო - სამ ბურთიანი სხვაობით დაამარცხა "ზენიტი" და თავის ჯგუფში გალიდერდა. მიუხედავად ზაფხულში შექმნილი ფინანსური პრობლემებისა, მანუელ პელეგრინის მაინც ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებზეც დაყრდნობა შეეძლება.

სავარაუდო შემადგენლობები

"ატლეტიკი": ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკისა, დე მარკოსი - იტურასპე, გურპეგი - სუსაეტა, მუნიაინი, ლოპესი - ლორენტე.

"მალაგა": კაბალიერო - ხესუს გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - კამაჩო, დუდა - ისკო, ხოაკინი, ელისეუ - სავიოლა.
 
ნანახია: 262 | დაამატა: RoM@N | ტეგები: უქმეების 5 მატჩი, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: