9:43 AM "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა | |
![]() 15 სექტემბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ" საკუთარ „ცენტრალურზე" მარტვილის „მერანს" უმასპინძლა. ტორპედოელები ამ მატჩს საკადრო დანაკლისით ხვდებოდნენ - დისკვალიფიცირებულ ლექსო კვახაძეს, თამაშის წინა დღეს ზაზა ჭელიძის მიღებული მიკრო-ტრავმაც დაემატა და მათ ნაცვლად ცენტრალური მცველის პოზიციები მოედანზე გიორგი გურულმა და ვაჟა ტაბატაძემ დაიკავეს, რომლებმაც თავი ჩინებულად გაართვეს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მატჩი ქუთათურებმა თავიდანვე რიხიანად დაიწყეს და მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს. ჩვენმა გუნდმა მეტოქე უმეტეს სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა და ასეთი დომინირება შედეგზეც აისახა. გარდა მარტვილელთა კარში გატანილი გოლებისა, გია გეგუჩაძის შეგირდებმა 5-6 ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც ვერ გამოიყენეს, რაშიდაც მთავარი „დამნაშავე" სტუმართა მეკარე იყო, ხანაც კი ტორპედოელებს სულ ცოტა აკლდებოდათ მიზნამდე. იყო ეპიზოდიც(30-ე წუთზე), როცა წესების სრული დაცვით მატჩის ერთ-ერთმა აქტიურმა ფეხბურთელმა - ბერიაშვილმა ოპონენტ მეკარეს დაასწრო ბურთზე თამაში და ის იყო ცარიელ კარში უნდა გადაეგზავნა ბურთი, როცა „უმაღლესში" პირველი თამაშის განმსჯელმა მთავარმა არბიტრმა სანოძემ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ჯარიმა დააფიქსირა. გოლები კი შემდეგნაირად გავიდა: მე-7 წუთზე მარჯვენა ფრთიდან დოლიძის გადაცემით მერაბ გიგაურმა „ტორპედო" ქუთაისური გუნდისთვის ეროვნულ ჩემპიონატში საიუბილეო - რიგით 1100-ე გატანილი გოლით დააწინაურა - 1:0. 32-ე წუთზე იმავე მხრიდან ბერიაშვილის მიერ გაკეთებული პასით ნიკა საბანაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა და მეორედ აიღო „მერანის" კარი - 2:0. 38-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოს ხაზზე მყოფმა დათუნაიშვილმა მარჯვნივ გრიგოლ დოლიძე მონახა, რომლის გამოზომილი დარტყმით სხვობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა - 3:0. 79-ე წუთზე ბერიაშვილთან გათამაშებული კედლით გიორგი კუხიანიძე საჯარიმოში შევიდა, ცრუ მოძრაობების შემდეგ ძლიერად და მეკარე შეროზიასთვის აუღებლად გაისროლა - 4:0. საბოლოოდ, „ტორპედომ" ხარისხიანი თამაშის შედეგად, გასულ ეროვნულ ჩემპიონატში მარტვილში განცდილი მარცხისთვის(0:3) სრულფასოვანი რევანში აიღო და ამ გამარჯვებით(4:0) სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |