6:59 PM
გიორგი დარასელია: „ვბრუნდები იქ, სადაც დიდხანს ვცხოვრობდი“

30 სექტემბერს, ქუთაისის „ტორპედო" გორის „დილას" უმასპინძლებს. სტუმართა რიგებს, მთავარი მწვრთნელის რანგში ახლახანს შეუერთდა 44 წლის სპეციალისტი გიორგი დარასელია. მისთვის რიონისპირა ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის თამაში უცხო არაა – ფეხბურთელობისას მას "ტორპედოს" ღირსება არაერთხელ დაუცავს. დავაზუსტებთ, ეროვნული ჩემპიონატების პირველ 4 სეზონში, გიორგი დარასელიამ ქუთაისური კლუბის მაისური 110 საჩემპიონატო თამაშში მოირგო და 32 გოლი გაიტანა.

ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა საიტმა გიორგი დარასელიასთან ჩაწერა ინტერვიუ:

– დავიწყოთ იქედან, რომ ქუთაისში 1988 წელს ჩავედი პირველად. მაშინ საკავშირო მე–2 ლიგაში თამაშობდა „ტორპედო", გადავედით პირველ ლიგაში და 1989–შიც ამ გუნდში ვითამაშე. მერე თბილისის „დინამოში" ვიყავი ნახევარი წელი საკავშირო უმაღლეს ლიგაში და პირველი ეროვნული ჩემპიონატი როგორც კი დაიწყო, ისევ ქუთაისის გუნდში გადმოვედი.

– თითქმის 6 წელი ითამაშეთ ქუთაისში, ახლა კი როგორც მეტოქე გუნდის მწვრთნელი ბრუნდებით. ალბათ სულ სხვა გრძნობა იქნება...

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის „ტორპედოდან" დავიწყე პროფესიულ ფეხბურთში ჩემი კარიერა. ფოთის „კოლხეთში" და „სამტრედიაში" თამაშის პერიოდშიც, სანამ ისრაელში გადავიდოდი სათამაშოდ, ოჯახით ისევ ქუთაისში ვცხოვრობდი. დღესაც კარგად მახსოვს ადგილობრივი გულშემატკივრის ჩემდამი დამოკიდებულება, რაც არ შეიძლება კაცმა არ დააფასო.

კი, მართალია, კვირას ქუთათურთა საამაყო გუნდის მეტოქის მთავარი მწვრთნელის რანგში გავალ სტადიონზე, მაგრამ რას იზამ – ეს ფეხბურთია. მთავარი ისაა, ის მაყურებელი, ვინც „ტორპედო"–„დილას" თამაშის საყურებლად მოვა, ნანახი ორთაბრძოლით შინ კმაყოფილი გავუშვათ.

– საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „ტორპედო" მე–4 მეტოქეა. დღემდე, ქართული ფეხბურთის ახლანდელ ლიდერთაგან სამს დაუპირისპირდით და სამივეს მოუგეთ. როგორ დაახასიათებთ თქვენს უახლოეს მეტოქეს?

– არაერთხელ მითქვამს – „დილამ" სეზონის დასაწყისში იმდენი ქულა დაკარგა, ჩვენ დასაკარგავი აღარაფერი დაგვრჩენოდა. კარგია, რომ ფეხბურთელებმა გამონახეს საკუთარ თავში ძალა და მათი დახმარებით აღმასვლა დავიწყეთ. 

„ტორპედოს" რაც შეეხება, მის ძალაზე სატურნირო ცხრილში მისი ახლანდელი ადგილი მეტყველებს. თუმცა, ვთვლი, რომ უნაკლო გუნდი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს – მთავარია, შესაბამისი გასაღები მოუძებნო. „ტორპედოს" გია გეგუჩაძის სახით, საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო და შედეგსაც ნელ–ნელა ღებულობს.

– გუნდში სიახლეები თუ გაქვთ?

– გოჩა ხოჯავამ ტრავმა მოიშუშა და უკვე დაგვიბრუნდა. კონტრაქტი გაფორმდა ბრაზილიელ თავდამსხმელ ნათან ჟუნიორთან და თუ მისი ჩვენთვის სასურველ კონდიციებში ჩადგომა „ტორპედოსთან" თამაშამდე მოესწრება, ალბათ უარს არ ვიტყვით მის სამსახურზე. თუ არადა, უახლოეს მომავალში იგი „დილას" სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ამით დამთავრდება ზამთრამდე გუნდის დაკომპლექტება. „დილას" შემადგენლობაში ისედაც ბევრი ფეხბურთელი დამხვდა, თუმცა დეკემბრამდე მეტად არც გამშვები ვარ ვინმესი და არც მომყვანი – დავკმაყოფილდებით იმ კადრებით, ვინც დღეს არიან.
 

წყარო: fctorpedo.ge

ნანახია: 270 | დაამატა: RoM@N | ტეგები: სადაც დიდხანს ვცხოვრობდი“, გიორგი დარასელია: „ვბრუნდები იქ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: