9:09 PM ზვიად სიჭინავა: „ახლა, ჩვენი 19-წლამდელების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“ | |
![]() საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ ფიფას კონგრესზე გამგზავრება გადადეს და ბელგიაში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მზარდასაჭერად ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელები, დღეს საღამოს, ელიტრაუნდის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრას ბელგიის ნაკრებთან გამართავენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სფფ-ის პრეზიდენტმა ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა. ზვიად სიჭინავა: „ანტვერპენში გუშინ ჩამოვედით. ჩავთვალეთ, რომ ახლა, ჩვენი აქ ყოფნა უფრო საჭირო იყო. უეფას კონგრესის შემდეგ, ფიფას კონგრესზე უნდა წავსულიყავით, თუმცა, ასეთ გადამწყვეტ დროს, ჩვენი ბიჭების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლაც გუნდთან ერთად ვართ. ბიჭები გავამხნევეთ, ბევრი ვისაუბრეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაგრად არიან, საუკეთესო განწყობაზე და ეს ძალიან მიხარია. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც მოხდა, ეგ უკვე გადაშლილი ფურცელია და ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს მიზანს. მერე რა, რომ ცამეტნი ვართ?! ისტორიას ახსოვს არაერთი მაგალითი, თუ როგორ მიუღწევიათ მიზნისთვის პატარა ერებს და გმირების მცირერიცხოვან ჯგუფს. ყველაფერი კარგად იქნება – ამის თქმის საფუძველს ჩვენი ბიჭების შემართება და განწყობა მაძლევს. დადგა დრო, ჩვენც ვთქვათ ჩვენი ხმამაღალი სიტყვა და ამ ბიჭებს ეს შეუძლიათ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მოუთმენლად ველოდებით მატჩის დაწყებას. ძალიან მინდა, დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ და მთელმა საქართველომ გაიხაროს!" სფფ-ის პრესსამსახური | |
|
სულ კომენტარები: 0 | |