10:37 PM ვენგერი რუნის შეძენითა და ფაბრეგასის დაბრუნებითაა დაინტერესებული | |
![]() ზაფხულში "არსენალმა” შესაძლოა ორი გახმაურებული ტრანსფერი განახორციელოს. "მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის უეინ რუნისა და "ბარსელონას” ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება – ორივე ფეხბურთელი თავიანთ ამჟამინდელ კლუბებში ლიდერის ფუნქციებს ვერ ითვისებენ და მზად არიან სამუშაო ადგილი უკვე ამ ზაფხულს შეიცვალონ. ინგლისელი, "ოლდ ტრაფორდზე” რობინ ვან პერსის მისვლის შემდეგ, იძულებულია მისთვის უცხო პოზიციებზე ითამაშოს, ესპანელს კი "კულეების” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს და გუნდში ნეიმარის ჩარიცხვის შემდეგ მისი სათამაშო დრო შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. უახლოეს დროში რუნი და ფაბრეგასი მთავარ მწვრთნელებს შეხვდებიან, შესაბამისად დევიდ მოიესსა და ტიტო ვილანოვას, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, გააგრძელებენ თუ არა ეს ფეხბურთელები კარიერას თავიანთ ამჟამინდელ კლუბებში. ამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება "არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც ლონდონში არც ნახევარმცველის და არც ფორვარდის მიწვევაზე არ იტყვის უარს. "რუნი – ფეხბურთელია, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი მწვრთნელი დაინტერესდებოდა. ვინ არ ისურვებდა საკუთარ განკარგულებაში ასეთი ფეხბურთელის ყოლას? დიდი ალბათობით, "ემიუში” დევიდ მოიესის პირველი დავალება – უეინთან ურთიერთობის გამოკეთებაა. ვნახოთ, რით დასრულდება ეს სიტუაცია”, – აცხადებს ვენგერი. "რაც შეეხება ფაბრეგასს, ახლა მას საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა არ ჰყოფნის, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელები იღებენ. სესკი – წარმოუდგენელი დონის ფეხბურთელია, და, ვფიქრობ, იგი ლიდერის როლის არქონის გამო წუხს. ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს ძირითადში გამოჩნდება, ხვალ კი მთელ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, თავისი ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებს”, – თვლის ფრანგი. "არსენალს”, შეგახსენებთ, სესკის გამოსყიდვის უფლება გააჩნია, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა” ფეხბურთელის გაყიდვას გადაწყვეტს. "კულეების” ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსყიდვა "მეთოფეებს” დაახლოებით 20-25 მილიონი ფუნტი უნდა დაუჯდეთ, "მანჩესტერ სიტი”, "მანჩესტერ იუნაიტედი” და "ჩელსი” კი, რომლებიც ესპანელის მიმართ ინტერესს იჩენენ, ეცდებიან ფაბრეგასი ვენგერს ხელში არ ჩააგდებინონ. წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |