9:53 AM უგო ლორისი: “საქართველო საინტერესო გუნდია” | |
![]() ხვალ, თბილისის დროით 22:15 საათზე "დინამო არენა” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და საფრანგეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. „მამლები" თბილისს გუშინ ესტურმნენ, დღეს კი "დინამო არენაზე” მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს. ქართული და ფრანგული მედიის წინაშე სამფეროვანთა კიპერი უგო ლორისი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი წარსდგნენ. პირველად ჟურნალისტების კითხვებს უგო ლორისმა უპასუხა. - რას ფიქრობთ პირველ დაპირისპირებასთან შედარებით, რამდენად განსხვავებული თამაში იქნება და ვის გამოარჩევდით იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან? - სტუმრად თამაში არასოდეს არ არის მარტივი, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველა ის რესურსი, რომ ხვალინდელ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, მაგრამ საქართველო აშკარად საინტერესო გუნდია, რომელსაც ძალუძს ხიფათი შეგვიქმნას. ამასთან ერთად ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებენ, რაც მათთვის უდაოდ პლუსია. - თქვენ პირველ შეხვედრაში ბოლოს მაინც გაუშვით გოლი. არის თუ არა თქვენი მიზანი, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში კარი მშრალად შეინახოთ? - ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს და ახლა ამაზე წინასწარ ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, ჩვენ ვეცდებით დაცვაში უშეცდომოდ ვითამაშოთ და გოლი არ გაუშვათ. - რა მიზანს ისახავს საფრანგეთის ნაკრები საქართველოსთან და ბელარუსთან სტუმრად გასამართი შეხვედრების წინ? - რასაკვირველია გვინდა შინ 6 ქულით დავბრუნდეთ და ვფიქრობ ამ შედეგის მისაღწევად მზად ვართ. - რას ფიქრობთ, ის, რომ საქართველო ესპანეთის დონის გუნდი არაა, ხომ არ აიოლებს ეს თქვენ ამოცანას? - ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა. გუნდების ძლიერებად და სუსტებად დაყოფა არ შეიძლება, ყველასთან ერთანირად უნდა მოვინდომოთ. წარმატებას თუ გვინდა რომ მივაღწიოთ, ერთანირი შემართებით უნდა ვითამაშოთ. ის, რომ საქართველო შესაძლოა ესპანეთის სიძლიერის გუნდი არაა, არაფერს ნიშნავს. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და სწორედ ეს იქნება წარმატების მიღწევის გზა. - რას ფიქრობთ, რამდენად დიდი იქნება რიბერის როლი, რომ საფრანგეთის ნაკრებმა შედეგს მიაღწიოს? - ამის გაკეთებას მთელი გუნდი, ყველა ჩვენთაგანი ეცდება. რა თქმა უნდა, რიბერი ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა, მაგრამ არავის გამოყოფა არ შეიძლება, რადგან ნაკრების წარმატება არა კონკრეტულ ფეხბურთელზე, არამედ მთლიანად გუნდზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ხვალინდელ მატჩში, ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს და ყველა მათგანს თავისი მნიშველოვანი ფუნქცია ექნება მოედანზე. - ხვალინდელ მატჩში წარმატების მისაღწევად, რამდენად დაგეხმარებათ საქართველოს ნაკრებთან პარიზში გამართული შეხვედრის გამოცდილების გათვალისწინება? - აუცილებლად. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ის შეხვედრა, სადაც ნამდვილად გვქონდა შეცდომები, რომლის გამოსწორებასაც ხვალ ვეცდებით. - საფრანგეთის ნაკრებში ხშირია შემადგენლობის როტაცია… - რასაკვირველია, იდეალურია როდესაც გუნდში სტაბილურადაა ამ მხრივ საქმე, თუმცა ვფიქრობ, რომ შესარჩევ ეტაპზე მიმდინარე ეს პროცესი დადებითად აისახება საბოლოო შედეგზე. მთავარია ვიფიქროთ გუნდზე და საერთო სულისკვეთებაზე, ამ შემადგენლობას ნამდვილად ხელეწიფება წარმატებას მიაღწიოს. - საფრანგეთს ფაქტობრივად გარანტირებული აქვს ჯგუფში მეორე ადგილი. ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტი, რომ ხვალინდელ თამაშზე კონცენტრაცია სრულად ვერ მოხერხდეს? - ეს არაფერ შუაშია. ჩვენ ყველა მატჩს მაქსიმალურად მობილიზებულები ვხვდებით და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. წყარო: Geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |