12:10 PM
წლის ბოლო მატჩი - „ჯვაროსნები“ ვაკეში „ფარაონებს“ დაუხვდებიან



13 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო, ეგვიპტესთან მატჩისწინა ვარჯიში კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" გამართა. „ჯვაროსნებმა" სრული შემადგენლობითა და სრული დატვირთვით საათზე ოდნავ მეტხანს ივარჯიშეს. ხანგრძლივი მოთელვებისა და კვადრატების შემდეგ, ქეცბაიამ გუნდს ნახევარ მოედანზე „ორკარაც" ათამაშა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მცირე კომენტარები გააკეთეს გურამ კაშიამ და სანდრო კობახიძემ.

გურამ კაშია: „უპირველესად, მთელი გუნდის, ბიჭების სახელით, მინდა ჯანო ანანიძეს მივუსამძიმრო მამის გარდაცვალება. ყველა მის გვერდით ვართ მისთვის ამ მძიმე დროს და იმედი მაქვს, ჯანო ვაჟკაცურად გადაიტანს და გაუმკლავდება ამ ტკივილს.
მომავალ თამაშს რაც შეეხება, ყველა კარგი განწყობით ვხვდებით. ეგვიპტე ძლიერი გუნდია და ბოლო წლებში, თავიანთ კონტინენტზეც გამორჩეულები იყვნენ. როგორც კარგი დასაწყისია მნიშვნელოვანი, ისეა წლისა და სეზონის ბოლოსაც; ამიტომ, ყველას ძალიან გვინდა, წელი დადებითი შედეგით დავასრულოთ."

სანდრო კობახიძე: „მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია, ვარჯიშებმა ძალიან კარგად ჩაიარა; ყველა სრულად დავიტვირთეთ. მართალია, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემადგენლობითაც შეგწევს ძალა, რომ ეგვიპტელები დავამარცხოთ. "

რაც შეეხებათ ჩვენს სტუმრებს, ეგვიპტის ნაკრები და მათი ამერიკელი მთავარი მწვრთნელი „მიხეილ მესხის" სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშის ჩასატარებლად საღამოს 6 საათზე მივიდა.

ვარჯიშის დაწყებამდე, ბობ ბრედლიმ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ ეს მატჩი ჩატარდება. რა თამაშებიც ვნახეთ, თქვენმა ნაკრებმა ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ ახალგაზრდული შემადგენლობით ვართ და მომავალი მატჩი ჩემი გუნდისთვის კარგი გამოცდა იქნება."

ვარჯიშის საწყისი 15 წუთის შემდეგ, ეგვიპტელებმა საწვრთნელი პროცესი დახურეს. ბობ ბრედლი, თავის ეგვიპტელ თანაშემწესთან ერთად, უკვე ტაქტიკურ მუშაობას იწყებდა.
ჩვენი აფრიკელი სტუმრები სასტუმრო „რედისონში" ცხოვრობენ. ბრედლიმ თბილისში 22 ფეხბურთელი იახლა: აჰმად ელ შენავი, ალი ლოთფი, ესამ ელ ჰადარი, მოჰამედ აბდელ შაფი, ომარ გაბერი, ისლამ რამდანი, ბასემ ალი, მოჰამედ ნასეფი, აჰმედ ტემსა, აჰმედ ელ მოჰამადი, აჰმედ საიდ ჰამედი, აჰმედ ნეგაზი, სალე გომა, მოჰამედ ელ ნენი, იბრაჰიმ სალა, მოჰამედ იბრაჰიმი, აჰმედ ჰასანი, მოჰამედ სალა, ამრ ზაკი, შერიფ აშრაფი, ჰოსნი აბდრაბუ და მაჰმუდ აბდელრაზეკი.

საქართველოსა და ეგვიპტის მატჩს ლატვიელი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი - ანდრის ტრეიმანისი; ასისტენტები - ჰარალდს გუდერმანისი და ალექსეის სპასიონიკოვსი. მეოთხე ოფიციალური - დავით ხარიტონაშვილი (საქართველო).

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსანთა" წლის ბოლო საერთაშორისო ამხანაგური მატჩი „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, საღამოს 6 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. სტადიონის სალაროები დილიდან ღიაა და მსურველებს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა 5 ლარად შეგიძლიათ.

სფფ-ის პრესსამსახური
 
ნანახია: 253 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: georgia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: