საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 6 სექტემბერს, "დინამო არენაზე” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩს გამართავს საფრანგეთის ნაკრებთან. შეხვედრა 22:15 საათზე დაიწყება.
- რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ხვალ? ითამაშებთ თუ არა სრული რესურსებით?
- ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ფინეთთან მატჩში მე-3 ადგილის ბედი წყდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალინდელ მატჩში ძალებს დავზოგავთ. არა მგონია, ეს თამაში ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მომდევნო. გუნდი მინდორზე საბრძოლოდ გავა.
- ესპანეთთან მატჩში ნაკრებმა ღრმა დაცვიდან ითამაშა და შედეგის მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდა…
- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ხვალ მოედანზე გასვლას და შეტევითი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ. ვეცდებით, ორგანიზებულად ვითამაშოთ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და პირველ რიგში დაცვის ხაზის გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენს შანსს დაველოდებით.
- საფრანგეთში ძალიან ხშირად აკრიტიკებენ ბენზემას და მხარს ჟინიაკსა და ჟირუს უჭერენ. თქვენ რა აზრის ხართ ამის შესახებ?
- არ ვიცი. მე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი არ ვარ. წარმოიდგინეთ, ბენზემა "რეალ მადრიდში” თამაშობს, იმას აკრიტიკებენ და ჩვენ რაღა ვთქვათ.
- უფრო ხომ ვერ დააკონრეტებდით, როგორ ითამაშებთ ხვალ?
- დაცვაში შეცდომები არ უნდა დავუშვათ და დაველოდოთ ჩვენს შანსს, რათა მომენტები შევქმნათ და შედეგს მივაღწიოთ. რეალობასთან ახლოს ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. თანაც ახლა ჩვენს ნაკრებს რთული პერიოდი უდგას. რამდენიმე წარუმატბელი მატჩი ჩავატარეთ. დიდი ხანია თბილისში არ გვითამაშია და ამ წარუმატებლობის შემდეგ გვიწევს შინ, საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირება. წარმოიდგინეთ, რამდენად ძნელია ეს. დავამტკიცეთ, რომ, ვისაც არ უნდა დავუპირისპირდეთ თბილისში, კარგად თამაში შეგვიძლია, თუნდაც ესპანეთის ნაკრები ავიღოთ მაგალითად.
- ნაკრები შედარებით დიდი ხანია, რაც შეიკრიბა. რას ფიქრობთ, არის გუნდი მზად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იმისთვის, რომ ეს ამოცანა გადაწყვიტოს? ვგულისხმობ ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებას?
- რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, შეკრების დრო ნაკრებისთვის საკმარისი არასდროს არ არის. ორშაბათს შევიკრიბეთ და პირველი შემთხვევაა, როცა სამშაბათს ყველა ადგილზე იყო. ბიჭები ემზადებიან. ყველაფერს გააკეთებენ შედეგის მისაღწევად. ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ მე-3 ადგილზე გავიდეთ. ადვილი, რა თქმა უნდა, არ იქნება. ადვილი არც არასდროსაა და სანაკრებო დონეზე – განსაკუთრებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საფრანგეთში როცა ჩავედით, წინა დღეს შევიკრიბეთ პრობლემების გამო. მუდამ ვიზაზე გვაქვს პრობლემა. ამათ როცა უნდა მაშინ ჩამოდიან და მიდიან. არ ვიზის, არც არაფრის პრობლემა არ აქვთ.
- შეუძლია რიბერის, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს?
- რიბერი უკვე გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. მის თამაშს და პროგრესს რომ ვუყურებ, ყველანაირი შანსი აქვს ევროპის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს.
- რიბერი მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ჩვენი მარჯვენა მცველი ლობჟანიძე კი უთამაშებელია. ეს მგონი დიდი პრობელმაა… ორ კაცს ხომ არ დაუყენებთ მას?
- მოწინააღდეგის შემადგენლობაში იმდენი კარგი ფეხბურთელია, ყველას რომ ორ-ორი ფეხბურთელი დავუყენო, ჩვენ არაფერი დაგვრჩება. საფრანგეთის ნაკრები მარტო რიბერი არ არის. ჩვენს გუნდში კი უთამაშებელი მხოლოდ ლობჟანიძე არ არის. მაგრამ ესენი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები არან. იმედი მაქვს, მოედანზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ შედეგის მისაღწევად.
იმედია გულშემატკივარიც მოვა სტადიონზე და მხარს დაგვიჭრს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება და გამოცდა იქნება.
თამაშების მოგება საფრანგეთის ნაკრებსაც უჭირს უკვე. არ არის ასეთი ადვილი. ფეხბურთი ძალიან გართულდა. ახალგაზრდა ბიჭები გვყავს, რომლებსაც ლანძღვა-გინება კი არა, გვერდში ამოდგომა სჭირდებათ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე-3 ადგილი არაფერი არ არის, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენთვის ეს დიდი მიღწევაა. გუნდი შემდეგი ეტაპისთვის უკეთესად მოემზადება. 2-3 წელიწადში ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიზრდებიან . იმედია უკეთეს გუნდებში ითამაშებენ და შეიქმნება ის გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს.
გიორგი მორჩაძის ფოტო
Geosports.ge