6:05 PM
თემურ ქეცბაია: “საქართველოში სანაკრებო ფეხბურთი დაავიწყდათ”



სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე” ფიფას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო საშინაო მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხვალ "დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და საშინაო კედლებში შეეცდება სამი ქულის მოპოვებას. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

თემურ ქეცბაია: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება წინ. კარგია, რომ თბილისში ვთამაშობთ. კარგი თამაშის მერე მოლოდინი დიდია, ამიტომ ყველას ჰგონია, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები მოედანზე გავა და თამაშს მოიგებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი შანსია და მის გამოყენებას აუცილებლად შევეცდებით. ამ შეხვედრის მოგებით ჯგუფში მე-3 ადგილს დავიკავებთ. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ მატჩს მოვიგებთ. ფინეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფებურთელებით არის დაკომპლექტებული და ხვალ ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ჩვენ თამაშისთვის მზად ვართ, რადგან ამისთვის უკვე მთელი კვირაა ვემზადებით. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გავა, თავის მაქსიმუმს დადებს მინდორზე.

არამარტო საფრანგეთთან, არამედ უმეტესობა თამაშებისა, რაც სამშობლოში ჩავატარეთ, ნაკრებმა კარგი თამაში და საკმაოდ კარგი შედეგიც აჩვენა. სამწუხაროდ, ბევრი თამაშის ჩატარება გასვლაზე გვიწევს, რაც ძალიან რთულია ჩვენთვის. ადვილი არ არის ყველა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარო, ისეთი დონის ნაკრებთან შედარებით, როგორიც საფრანგეთია. ყველას ეგონა, მათ შორის ზოგიერთ ქართველსაც, რომ ფრანგები ჩამოვიდოდნენ და მარტივად დაგვამარცხებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც ავიღეთ 1 ქულა.

ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინეთის ნაკრები იოლი სათამაშო გუნდია. საკმაოდ ძლიერი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებია. ფეხბურთის თამაში ნამდვილად შეუძლიათ. ამის ნათელი მაგალითი ესპანეთიდან წამოღებული დამსახურებული ქულაა. ვფიქრობ, რომ დაძაბული შეხვედრა გველოდება, რადგან ისინიც ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის.

ბიჭებს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა. კარგია, რომ ფსიქოლოგიური მზადყოფნის თემაზე მათთან არ მიწევს საუბარი, რადგან ბოლომდე და კარგად ესმით მათ ამ შეხვედრის მნიშვნელობა. ეს არის საუკეთესო შანსი იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ გულშემატკივარს და ხალხს, რომ ჩვენ თამაში შეგვიძლია. შეიძლება ითქვას, გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი. დანარჩენი კი ბიჭებზეა დამოკიდებული. მე ბოლომდე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ბიჭები ხვალ მოედანზე გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამარჯვება მათ დარჩეთ.

ფინეთის ნაკრები ყველა თამაშს დამაჯერებლად და კარგად თამაშობს. ბოლო დროს მას არცერთი შეხვედრა არ ჩაუგდია. საფრანგეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ვფიქრობ, რომ ის შეხვედრა წასაგები ნამდვილად არ იყო. აქამდე ამ ნაკრებს კარგად არ ვიცნობით, რადგან არასდროს არ გვქონია შეხება, მაგრამ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუნდში ტრავმა არ გვაქვს. ერთადერთი იძულებითი ცვლილება, რომელიც იქნება გიორგი ლორია ვერ ითამაშებს. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება, რადგან ისეთი შეხვედრა, რაც საქართველომ საფრანგეთთან ჩაატარა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია რამე შევცვალოთ თუ ისეთი არაფერი მოხდა მანამდე. პატარ-პატარა პრობლემები გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია.

მოგებაზე უნდა ვითამაშოთ. იმას არ ვამბოვბ, რომ სულ შეტევაზე უნდა ვითამაშოთ. უნდა დავაკვირდეთ და თამაში ისე უნდა წავიყვანოთ, როგოც ჩვენთვის იქნება კარგი და შედეგიანი. შევუტევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვის ხაზს არ დავიცავთ. შეტევაში თუ წავალთ, უკან ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს იმისთვის, რომ მეტოქეს ხიფათის შექმნის საშუალება მივცეთ.

ამხანაგური მატჩის გამართვა გვინდა ნოემბერში და ყველანაირად ვეცდებით ეს თამაში აუცილებლად თბილისში იყოს. მაქსიმალურად უნდა გამმოვიყენოთ ამხანაგური შეხვედრები და გუნდები თბილისში უნდა ჩამოვიყვანოთ. ეს იქნება ნოემბერში, მარტში და მუნდიალის დაწყებამდე. ყველას მოინდომებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბევრი ამხანაგური შეხვედრა გამართოს და ჩვენც შევეცდებით მაქსიმალური შეხვედრები ჩავატაროთ და შეძლებისდაგვარად, ყველა სამშობლოში. ეს არა მარტო ფეხბურთისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, რადგან უფრო მეტი პოპულარიზაცია იქნება და საქართველოს ბევრი გაიცნობს.

ქვეყნებს აქ ჩამოსვლის სურვილი არ აქვთ, რადგან საქართველოს არ იცნობენ. რომ იცოდნენ თბილისი რამდენად საინტერესო ქალაქია, ალბათ გაუჩნდებოდათ სურვილი ჩამოსვლისა. სამწუხაროდ, არ იციან და ამიტომაც არ სურთ. თანაც რატომ უნდა იფრინონ 4 საათი 2 დღისთვის, როცა იქვე ევროპის რომელიმე ქვეყანას დაუპირისპირდებიან და დიდი დროც არ დაეხარჯებათ. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს გასვლა და ისე თამაში. ყაზახეთთანაც 6 საათის ფრენა მოგვიწია გადაჯდომებით, რაც არც თუ ისე იოლია. თანაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოგვიწია თამაში.

ვფიქრობ, რომ საქართველოში უკვე დაავიწყდათ სანაკრებო ფეხბურთი, რადგან მთელი წელი სულ გასვლითი თამაშები იყო. გულშემატკივარში ისე დავარდა ფეხბურთის დონე, რომ ნომერ პირველ სახეობად უკვე აღარ ითვლება ფეხბურთი, როცა ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში ის ნომერ პირველი სახეობაა. აქ, რომ დავფიქრდეთ ალბათ ხუთეულში თუ შევა, ალბათ ესეც გაუჭირდება.

"ბასაზე” ძალიან კარგი პირობებია იმისთვის, რომ მოვემზადოთ. ამიტომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია "დინამო არენაზე” ვივარჯიშოთ. აქ შესანიშნავი მინდორი გვაქვს და ტყუილად გზაში რატომ უნდა ვხარჯოთ დრო. "დინამოს” მინდორს ძალიან კარგად ვიცნობთ და დისკომფორტი ამ მხრივ არ შეგვექმნება”.

გიორგი მორჩაძის ფოტო
წყარო: მანანა სურმანიძე, Geosports.ge

ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: