12:26 PM
ტრადიცია რომელიც საქართველოში უკვე რამოდენიმე წელია დარღვეულია. რა როლი უჭირავს თეატრში ფეხბურთს?



ბევრმა ახალგაზრდა გულშემატკივარმა არც კი იცის, რომ წინა საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში, სხვადასხვა თეატრებს შორის მეტად დაძაბული საფეხბურთო პირველობები იმართებოდა. სამწუხაროდ ეს ტრადიცია უკანასკნელ პერიოდში გარკვეულწილად დაირღვა და ამისი ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ჩვენი ფეხბურთის საერთო დონის დაცემა აღმოჩნდა. 

ქართულ თეატრებს შორის საფეხბურთო ურთიერთშეხვედრების ისტორია ძირითადად, წინა საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. იმ ხანად ძლიერი "გუნდი” ჰყავდა რუსთაველის თეატრს. სხვადასხვა დროს მის ღირსებას ისეთი "მოთამაშეები” იცავდნენ, როგორებიც იყვნენ: ჯემალ ღაღანიძე, ეროსი მანჯგალაძე, კოტე მახარაძე, ბიჭიკო ჩხეიძე, გურამ საღარაძე, გოგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე, კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე და გია ფერაძე. 

ურიგო გუნდი არც მარჯანიშვილის თეატრსაც ჰყავდა: გოგი გელოვანი, შოთა ქოჩორაძე, ავთო ვერულეიშვილი, ედიშერ მაღალაშვილი, გივი ბერიკაშვილი. 

მუსკომედიის თეატრში ბრწყინავდა უბადლო გოლეადორი ბადრი ბეგალიშვილი, ქუთაისის თეატრში კი მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა არაჩვეულებრივი ბომბარდირი იპოლიტე ხვიჩია. 

მსახიობები და ფეხბურთელები ერთმანეთთან განსაკუთრებით დაახლოებულები იყვნენ. ხელოვანებს ფეხბურთი უყვარდათ, სპორტსმენებს – თეატრი, ორივეს ერთად კი – ქეიფი და მოლხენა. თავის დროზე სწორედ რომ ქეიფში გაიცნეს ერთმანეთი მიხეილ მესხმა და ეროსი მანჯგალაძემ. ამ ორი ბუმბერაზი პიროვნების ძმაკაცურ ურთიერთობაზე ლეგენდებს დღესაც კი ჰყვებიან. მესხი ერთი ხანობა რუსთაველის თეატრის ფეხბურთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელიც კი იყო და ამას გარდა, ეროსი მანჯგალაძესაც ცალკე ავარჯიშებდა. 

მსახიობები იმასაც იხსენებდნენ, რომ მიშამ ეროსის პენელტების დარტყმის განსაკუთრებული მეთოდი შეასწავლაო. თუ არ გჯერათ, ბატონ ჯემალ ღაღანიძეს მოვუსმინოთ: "ერთხელ ეროსიმ პენალტი დაარტყა, ეგეთი არაფერი გექნებათ ნანახი. დადო ბურთი პენალტის ნიშნულთან, შორიდან გამოქანდა ცეკვა-თამაშით, მანჭვა-გრეხით და ათასგვარი არტისტული მოძრაობით. როგორც იქნა, მოაღწია ბურთამდე, დაარტყა და ვაი შენ ეროსის, ბურთი ზედ კარის ხაზზე გაჩერდა, არც იქით არის და არც აქეთ. არ ჩაუთვალეს, რა თქმა უნდა – არ იყო გასული. ეგეთი არტისტული პენალტი მე არ მინახავს”. 

განსაკუთრებული დაძაბულობით მაინც რუსთაველელთა და მარჯანიშვილელთა პაექრობები გამოირჩეოდა. მათი შეხვედრების დროს "დინამოს” ძველი სტადიონი ყოველთვის პირთამდე სავსე იყო. საინტერესოა, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობები საკუთარ საფეხბურთო სიძლიერეს ეჭვის ქვეშ არასოდეს აყენებდნენ, საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნდათ მათ მარჯანიშვილელ კოლეგებს. ბოლოს და ბოლოს ამ საკითხზე აზრს ერთ ნაცნობ მსახიობს შევეკითხე. ამ უკანასკნელმა ამიხსნა, რომ „რეალი"-„ბარსელონას" ჭიდილი ამ ორი თეატრის დაპირისპირებასთან ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა, ხოლო ობიექტურად უფრო ძლიერები რუსთაველის თეატრის ფეხბურთელები იყვნენ.

ჩემმა ნაცნობმა მსახიობმა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო სამსახიობო საფეხბურთო ნაკრებიც ჩამომიყალიბა: მეკარე – ჯემალ ღაღანიძე (რუსთაველი), მცველები – ვალიკო ქურხული, ავთო მახარაძე (ორივე რუსთაველი), ავთო ვერულეიშვილი (მარჯანიშვილი), ერემი სვანაძე (ქუთაისის თეატრი), ნახევარმცველები – ანზორ ხერხაძე (ქუთაისის თეატრი), შოთა ქოჩორაძე (რუსთაველი), ბადრი ბეგალიშვილი (მუსკომედია), თავდასხმა – სოსო ლაღიძე, გია ფერაძე (ორივე რუსთაველი) და კარლო ღლონტი (რუსთაველი). ამ რეიტინგის ავტორმა ისიც დასძინა, რომ ეს სია ტენდენციური არ არის, რადგან საქართველოში ყველაზე ძლიერი გუნდი რუსთაველელებს ჰყავდათ და სადღაც ალბათ ლოგიკურიც არის, ამ ნაკრებში მრავალი მათგანი რომ მოხვდა. 
ნანახია: 314 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: