11:45 AM
"ტორპედომ" "ტრაბზონსპორთან" წააგო

13 ოქტომბერს ქუთაისის „ტორპედომ" ეროვნული ნაკრებების თამაშებით გამოწვეული პაუზისას თურქეთში საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსპორთან" გამართა საკონტროლო მატჩი.

სანამ უშუალოდ თამაშის სტენოგრამას შემოგთავაზებდეთ, მანამ ზოგად მონაცემებს ტრაბზონური გუნდის შესახებ მოგაწვდით:

უეფას საკლუბო რეიტინგში 95-ე ადგილზე მყოფი „ტრაბზონსპორი" 1967 წელს დაარსდა და 1975-ში პირველად გახდა ჩემპიონი. სულ კი იგი 6-გზის ჩემპიონი და 8-გზის ეროვნული თასის მფლობელია. გუნდი დღესდღეობით თურქეთის ჩემპიონატის მე-3 ადგილზეა. „ტრაბზონსპორი" მდიდარია ლეგიონერებით, თუმცა მას ასევე ჰყავს გამოცდილი ადგილობრივი კადრები, რომელთაგანაც გამოსარჩევია გერმანული „შალკე 04"-ის ყოფილი თავდამსხმელი ჰალილ ალტინტოპი. გუნდის მწვრთნელი თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი სენიოლ გიუნესია. აქვე აღსანიშნავია, რომ თურქულ გუნდს ბოლო 9 საერთაშორისო ამხანაგური მატჩიდან არცერთი არ წაუგია.

რაც შეეხება მატჩს, მისი საწყისი წუთები მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმის შუაში იყო 10-15-წუთიანი მონაკვეთი, როცა „ტორპედომ" ყოველგვარ სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე. გია გეგუჩაძემ გუნდი ჩვეული, 4-4-2 სათამაშო სქემით განალაგა მოედანზე. დაცვაში ძირითადის ფეხბურთელები: კვახაძე, ჭელიძე, გურული და რიგვავა, შუა ხაზში: მარჯვნიდან დოლიძე, ცენტრალურებად: გიგაური, ბოლქვაძე და მარცხნიდან კუხიანიძე, თავდამსხმაში კი საბანაძე-ტუღუშის დუეტი იყო.

7’ – „ტორპედოს" საჯარიმოში მარჯვენა მხრიდან გადაცემა გაკეთდა, რომელიც ემრე გიურალმა გააგრძელა დარტყმით, ქვილითაიამ ბურთი მოიგერია.

11’ - ქუთაისელთა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, საიდანაც საჯარიმოში ჩაწოდება მოხდა, ბურთი თურქ მცველს მოხვდა და ისე გადავიდა მოედნის მიღმა, ტორპედოელები საჯარიმოში ხელით თამაშის დაფიქსირებას საფუძვლიანად ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა მხოლოდ კუთხურის ნიშნულისკენ მიუთითა.

15’ - დოლიძის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

18’ - გერმანელი იოზბეკის დარტყმულ ბურთზე „მაქსიმ" ითამაშა დამაჯერებლად.

20’ - ტუღუშის აქტიურობით გიგაურმა დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი, თუმცა არაზუსტად.

23’ - იუმლუს თავური დარტყმა ახლოდან და ბურთი „ტორპედოს" კარის ძელს მოხვდა.

24’ - ქართველთა საპასუხო იერიში, ბოლქვაძემ 25 მეტრიდან დაარტყა, ბურთმა კარს ზემოდან ჩაუქროლა.

28’ - მალევე, მეტოქის საჯარიმოში მარცხენა მხარეს მყოფმა კუხიანიძემ მოჭრილად და სახიფათოდ დაარტყა, ბურთი „ჩარჩოში" არ მოხვდა.

31’ - ბრაზილიელი ჰენრიკეს სამიოდე მეტრიდან ძლიერი დარტყმით ქვილითაიას სწორი პოზიცია ჰქონდა არჩეული და ურთულესი ბურთი მიგერია.

42’ - გურულის მიერ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ მეორე ეპიზოდი იყო, როცა ტორპედოელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.

45’ - ჩვენი გუნდის საჯარიმოში მდგარმა ემრე გიურალმა შემობრუნებით დაარტყა, „ტორპედოს" პირველი ნომერი ამ ბურთსაც გაუმკლავდა და ტაიმიც 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარშიც მსგავსი სურათი იყო მოედანზე - „ტრაბზონსპორის" უპირატესობა, რომელიც დასვნით ტაიმში 10 წუთით „ტორპედოს" ხელშიც იყო. მოედანზე შეცვლაზე შევიდნენ: გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი, ფირცხალავა და ბერიაშვილი.

49’ - ფირცხალავამ ბურთი ძლიერად გაიგდო წინ, არა და ოდნავ რომ ძალა დაეკლო მისთვის მეკარესთან პირისპირ გადიოდა.

60’ - ტრაბზონსპორელთა კონტრშეტევით აიკუტის დარტყმულ ბურთზე კვლავ მაქსიმემ იყოჩაღა. საერთოდაც ქუთაისელთა მეკარე ამ მატჩში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

67’ - ამჯერად ემერსონის თავური დარტყმით დაიმორჩილა ბურთი მაქსიმ.

მეორე ტაიმში საგოლე მომენტებთან ერთად მოხშირდა ჯარიმებიც.

75’ - დათუნაიშვილის ჭკვიანური დარტყმით მასპინძელთა მეკარემ „ცხრიანიდან" ჩამოიღო ბურთი.

82’ - მარჯვენა მხრიდან საჯარიმოში ჩაწოდებისა და თავით თამაშის შემდეგ ბურთი ემრე გიურალს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგაც ქვილითაიამ საკუთარი კარის მშრალად შენახვა ვეღარ მოახერხა და თურქებიც დაწინაურდნენ - 1:0.

დარჩენილ დროში „ტორპედო" გააქტიურდა, 88-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას კვარაცხელიამ დაასწრო, რომელიც 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მან თავით გადაგზავნა ბურთი კარისკენ და შეცვლაზე შესულმა მეკარემ ძალზედ დამაჯერებელი მოქმედებით ბურთი ხელებში გაიჩერა. შორიდან ფირცხალავასა და იოსელიანის დარტყმები უშედეგო იყო. თავიანთი მხრივ მასპინძლებმაც რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს და საბოლოოდ, მატჩი 1:0 „ტრაბზონსპორის" გამარჯვებით დასრულდა.

აქვე დავწერთ, რომ გუნდი უკვე სამშობლოშია და ხვალიდან საჩხერის "ჩიხურასთან" 20 ოქტომბერს, ქუთაისში გასამართი მატჩისთვის მოემზადება.
 

წყარო: fctorpedo.ge

ნანახია: 266 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ტორპედომ ტრაბზონსპორთან წააგო | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: