1:08 PM
"ტორპედომ" ივანწმინდადან ქულა წამოიღო




19 დეკემბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს" საჩხერის „ჩიხურამ" სოფელ ივანწმინდაში უმასპინძლა.

ზემო იმერეთში დერბს დიდი ინტერესით შეხვდნენ. საჩხერელ გულშემატკივრებთან ერთად სტადიონის მხოლოდ ცალ მხარეს არსებული ტრიბუნები „ტორპედოს" არც თუ ისე მცირერიცხოვანმა ქომაგებმაც შეავსეს. უნდა აღინიშნოს, ივანწმინდის საფეხბურთო მოედნის საფარზე, რომელიც წვიმის შედეგად ისეთი სახეშეცვლილი გახლდათ, რომ ნამდვილად არ იყო დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩის გასამართი ადგილისთვის შესაფერისი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში იქაურობა ერთადერთი გამონაკლისი ჯერჯერობით როდია...

მატჩი მოლიდინისამებრ, დაძაბულად, ორმხრივ შეტევებსა და გულშემატკივართა შეძახილებში მიმდინარეობდა.

10’ - ლომაშვილმა შორიდან გაუშვა ბურთი „ტორპედოს" კარისკენ, მომენტს ხიფათი არ მოჰყოლია.

14’
 - მატჩის განმავლობაში სტუმართა ყველაზე რეალური მომენტი იმ დროს შეიქმნა, როცა დათუნაიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა „გიგუშამ" მეკარეს გაარტყა ბურთი.

16’ 
- მარცხენა მხრიდან საჩხერელთა მოწოდებული კუთხურიდან ახლო ძელთან ბურთს ბერიანიძე დახვდა და არაზუსტად დაარტყა.

23’
 - მარჯვენა მხრიდან ტაბატაძემ კარგად ითამაშა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, იქ „მეორე სართულზე" ორთაბრძოლა ტუღუშმა მოიგო და კარში თავით გადაგზავნა იგი, მეკარე მწყერაშვილმა დამაჯერებლად იმოქმედა.

35’
 - მასპინძელთა მცველმა მისივე საჯარიმოს გარედან მეკარეს თავით სუსტად დაუგდო ბურთი, დათუნაიშვილმა მეტოქის ეს ჩანაფიქრი „წაიკითხა" და გოლის გასატანად გასწია, საჯარიმოში შესულმა ბურთს დაარტყა და იმავდროულად წინ გამოსულ მეკარეს შეეჯახა, ამ უკანასკნელმა დარტყმის შემდეგ კარი „მშრალად" შეინახა, თუმცა კი არბიტრმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელი დააჯარიმა. დათუნაიშვილმა ამ ეპიზოდში მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც, სამწუხაროდ, სერიოზული აღმოჩნდა. იგი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, რის შემდეგაც მის ნაცვლად კუხიანიძე ჩაერთო თამაშში.

37’ - კვასხვაძის ძლიერი დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა დაიმორჩილა.

40’ - ბერიაშვილმა მეტოქის საჯარიმოს წვეროდან დაარტყა ბურთს, რომელმაც მწყერაშვილის კარის „ცხრიანს" ოდნავ ჩაუარა.

45’ - დეკანოიძის დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია მუშტებით. ტაიმიც 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის პროლოგი ტორპედოელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.

49’ - ლომაშვილის არაზუსტ დარტყმას, კირკიტაძის ასეთივე თავური მოჰყვა.

55’ - შორი მანძილიდან გრიგალაშვილს დარტყმა არ გამოუვიდა.

62’ 
- კვასხვაძემ კიდევ ერთხელ მოსინჯა მიგინეიშვილის მზადყოფნა, „ტორპედოს" კაპიტანი არც ამჯერად შემცდარა.

72’ - ჩხეტიანის პასით ლომაშვილმა სირბილისას დაარტყა კარში, თუმცა ოდნავ ააცილა მიზანს.

77’ - კირკიტაძის პასით „ტორპედოს" საჯარიმოში კვასხვაძემ გაიჩერა ბურთი და ის იყო კარშიც უნდა დაერტყა, როცა შერგელაშვილმა წესების სრული დაცვით აართვა ბურთი, მთავარმა მსაჯმა კრიჭაშვილმა მოულოდნელად თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის ნიშნულისკენ მიუთითა, თუმცა ასისტენტ ფიფიასთან კონსულტაციის შემდეგ ეპიზოდი საბოლოოდ სწორად განსაჯა და პენალტი გააუქმა, რაც სამართლიანი და სამაგალითო გადაწყვეტილება იყო.

მატჩის ბოლო წუთებში თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა. დარჩენილ დროში გამოსარჩევი იყო „ჩიხურას" ორი მომენტი.

87’ – „ტორპედოს" საჯარიმოს გარედან დარტყმისას კირკიტაძეს უმტყუნა სიზუსტემ.

88’ - მარცხენა მახვილი კუთხიდან ქუთაისელთა კართან მიახლოვებულმა ჩხეტიანმა დარტყმაც შეძლო, ბურთი ხარიხამ გამოაგდო.

საბოლოოდ, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული არ გამოვლინდა და თამაში ნულოვანი ფრით დასრულდა, რის შემდეგაც ორივე გუნდის ფეხბურთელებმა თავიანთი გულშემატკივრები ერთგული მხარდაჭერისთვის ტაშით გააცილეს სტადიონიდან.


მიმდინარე წლის ბოლო მატჩს ქუთაისის „ტორპედო" 23 დეკემბერს საშინაო არენაზე ბოლნისის „სიონთან" გამართავს. ფეხბურთის ფედერაციის დადგენილებით, ამ დღეს ჩასატარებელი ტურის ყველა შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გასამართ თამაშზე დასწრება უფასოა.
 
ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: