11:44 PM საიუბილეო, XXV ეროვნული ჩემპიონატი იწყება! | |
![]() 10 აგვისტოს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა ახალი სეზონის წინ საფეხბურთო კლუბებში არსებული ფინანსური თუ საკადრო პრობლემები. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. უფრო მეტიც, პრობლემები გასული სეზონის ბოლოს დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს რა მდგომარეობა იყო "დილასა” და "ზესტაფონში”. მძიმე პერიოდი უდგას უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "გურიას”, რომელიც 2 დღის განმავლობაში წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს… პრობლემებზე საუბარი შორს წაგვიყვანს… ასეა თუ ისე, ეროვნული ჩემპიონატი იწყება. 1-ლი ტურის მატჩები 10 და 11 აგვისტოს ჩატარდება. სამი თამაში შაბათს გაიმართება, სამიც – კვირას. პირველ ტურში ექს და მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შესაბამისად, ცენტრალურ თამაშს გულშემატკივარი "დინამო არენაზე” იხილავს. საინტერესო მატჩი გაიმართება ქუთაისში. ერთმანეთს ორი სახეცვლილი გუნდი "ტორპედო” და "მეტალურგი” შეხვდება. სამწუხაროდ, უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდი 2013/14 წლების სეზონზე საშინაო მატჩებს სხვა ქალაქში ჩაატარებს, რადგან სტადიონების უმრავლესობამ ლიცენზია ვერ მიიღო. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 12 გუნდი პირველ ეტაპზე ორ წრედ ითამაშებს, შემდეგ კი ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან. სეზონის ბოლოს უმაღლეს ლიგას ორი გუნდი დატოვებს, ორი კი პირველი ლიგიდან აღზევდება. 10 აგვისტო, 17:30 საათი "ვიტ ჯორჯია”-”გურია” მცხეთა, "მცხეთა პარკი” მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი ლანჩხუთის "გურია”, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია, უმაღლეს ლიგაში, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, წელს დაბრუნდა. როგორც უკვე ვთქვით, გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება ეროვნულ ჩემპიონატს. "გურია” წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. როგორც მთავარმა მწვრთნელმა დავით მახარაძემ განაცხადა, "ვიტ ჯორჯიასთან” ის ფეხბურთელები გავლენ მოედანზე, ვინც გუნდს ამ ეტაპზე ჰყავს. ლანჩხუთის "გურია” აქცენტს ახალგაზრდა, პერსპექტიულ, ადგილობრივ ფეხბურთელებზე აიღებს. ამის შესახებ განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, საკუთარ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რაც შეეხება კლუბის მზადებას, მუნიციპალიტეტის გამგებელმა თქვა, რომ ლანჩხუთის "გურია” უმაღლესი ლიგისათვის მზადაა და ის შაბათს, მცხეთაში, პირველი ტურის მატჩისათვის, თბილისის "ვიტ ჯორჯიასთან” სრულ მზადყოფნაში იმყოფება. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას”, გუნდმა შეკრება თბილისში გაიარა საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად დაიწყო. 11-12 ივნისს გუნდის 27-მა ფეხბურთელმა გაიარა სრული სამედიცინო შემოწმება. ვეტერინარებმა შვიდი სპარინგმატჩი გამართეს და ექვსში გამარჯვება მოიპოვეს. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ვეტერინართა მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. რა იქნება წელს, ამას მომავალი გვიჩვენებს. 10 აგვისტო, 17:30 საათი "მერანი”-”სპარტაკი” სამტრედია, ე. მანჯგალაძის სახ. სტადიონი მსაჯი: თ. გვანცელაძე უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა ცხინვალის "სპარტაკი”, რომელიც გასულ წელს პირველი ლიგის ბ ზონაში ასპარეზობდა. წლევანდელი ჩემპიონატის პირველ მატჩს ცხინვალელები მარტვილის "მერანთან” გამართავენ. "სპარტაკმა” შეკრება საქართველოში გაიარა და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა. "სპარტაკში” "დინამო” თბილისიდან იჯარით ორი ფეხბურთელი მივიდა: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და 22 წლის შემტევი შუახაზელი გიორგი თექთურმანიძე. "სპარტაკში” კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელია: 20 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით ნანიევი, ვინც მანამდე რუსეთის მეორე ლიგის "ჩერნომორეცის” (ნოვოროსიისკი) მოთამაშე გახლდათ, იქამდე კი ვლადიკავკაზის "ალანიას” დუბლებში თამაშობდა. "სპარტაკში” ითამაშებენ ლაშა ჩაფიძე და ვახტანგ ფანცხავა. რაც შეეხება "მერანს”, გუნდი გასული სეზონის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა მეკარე მიხეილ მუჯირიშვილმა, მცველებმა – ვალერი იობაშვილმა და თევდორე ლურსმანაშვილმა, ნახევარმცველმა გაგა გუგუნაშვილმა, ასევე თავდამსხმელებმა – მამუკა ტორონჯაძემ, ბერდია შარვაძემ და ბექა ზაქრაძემ. საფეხბურთო კარიერა დაასრულა ვეტერანმა ნახევარმცველმა გივი დიდავამ, რომელიც საქმიანობას "მერანის” სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. რაც შეეხებათ ახალწვეულებს, ფოთის "კოლხეთიდან” გადმოვიდა შალვა კვანტალიანი, "ზესტაფონიდან” შოთა ბაბუნაშვილი, მიხეილ ხარშილაძე, თემურ ფარულავა, გიორგი მელქაძე და შოთა კერძევაძე, ხოლო ახალგაზრდები – გიორგი გეგია, ლაშა ჯღამაია, ცოტნე მონიავა და ბექა ციკოლია დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში დააწინაურეს. იჯარა დაუმთავრდა და "ზესტაფონს” დაუბრუნდა მარტვილელთა საუკეთესო ბომბარდირი საბა ლომია. შეკრება "მერანმაც” საქართველოში გაიარა და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა. მარტვილელები საშინაო შეხვედრებს არა მარტვილის ცენტრალურ არენაზე, არამედ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართავენ, რადგან მარტვილის მოედანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზია გაუუქმა. 10 აგვისტო, 19:00 საათი "ტორპედო”-”მეტალურგი” ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი მსაჯი: ლ. სილაგავა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, "ტორპედო” დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა, რომლის ნაცვლადაც გუნდში მოვიდნენ ესპანელი სპეციალისტი ჟერარდ სარაგოსა მულეტი და 17 ახალი ფეხბურთელი. ქუთაისურმა გუნდმა ახალი შემადგენლობით შეკრება ავსტრიაში გაიარა. ევროთასებზე წარუმატებლად იასპარეზა, სლოვაკურ "ჟილინასთან” ბრძოლაში, პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ევროპის ლიგაზე ასპარეზობას. ეროვნული ჩემპიონატისთვის კი, "ტორპედო” თურქეთში მოემზადა, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა. შემდეგ მზადება ქუთაისში გააგრძელა. გუნდს ახალი კაპიტანი ჰყავს – მაქსიმე ქვილითაია. ქუთათურთა რიგებში იასპარეზებს გამოცდილი ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი. ახალი სამწვრთნელო შტაბითა და გადახალისებული შემადგენლობით ხვდება ახალ სეზონს რუსთავის "მეტალურგიც”. რუსთავულ კლუბს 34 წლის გელა სანაია ჩაუდგა სათავეში, გუნდს 8 ახალწვეული ჰყავს – გიორგი ბერიაშვილი ("ტორპედოდან"), დავით მაისაშვილი („გურიადან"), ლევან კაკუბავა („ზესტაფონიდან"), დავით კირკიტაძე, ნიკა შერმადინი (ორივე „ჩიხურადან"), გურამ გურეშიძე, გიორგი ვასაძე (ორივე „ვიტ ჯორჯიადან"), სერგო ორბელაძე („სიონიდან"). „მეტალურგმა" სეზონის წინ თურქეთში გაიარა მოსამზადებელი შეკრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, „მეტალურგმა" ვარჯიშები „ფოლადზე" განაახლა. 6 აგვისტოს გუნდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ და მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ რვა ახალწვეული ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. პრესკონფერენციაზე გელა სანაიამ სეზონის სტარტისთვის გუნდის მზადყოფნა კიდევ ერთხელ აღნიშნა. რაც შეეხება ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების საერთო სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისური ("ქუთაისი”, "ტორპედო”) და რუსთავული ("გორდა”, "მეტალურგი”, "ოლიმპი”) გუნდები უმაღლეს ლიგაში 37-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც იმერლებმა 22 შეხვედრა მოიგეს, რუსთაველებმა 13, ფრედ კი 6 დამთავრდა. ბურთების შეფარდება ქუთათურთა სასარგებლოდაა – 87:43. ახალ სეზონში ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
"ზუგდიდი”-”ჩიხურა” განმუხური, ცენტრალური სტადიონი მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი ზუგდიდის "ზუგდიდი” XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში საჩხერის "ჩიხურას” უმასპინძლებს. მეგრულ გუნდში ფინანსური პრობლემები მუდმივადაა, მათთვის ეს საკითხი ახალი სეზონის წინაც აქტუალურია. გუნდს სრულფასოვანი შეკრება არ გაუვლია. "ზუგდიდს” მთავარი მწვრთნელიც ახლახან დაუნიშნეს. ზუგდიდელებს ოთარ თუთბერიძე და კობა წიტაიშვილი უთავკაცებენ. გუნდს გორის "დილადან” შეუერთდა მეკარე ზურაბ მამალაძე. ასევე დაიმატეს "ხიმკის” დუბლშემადგენლობისა და 19-წლამდელთა გუნდის მცველი საბა ფიფია. "ზუგდიდში” ითამაშებენ: სანდრო კვარაცხელია, ზურაბ კვარაცხელია, დათო კეკელიძე, ვილენ ჭრელაშვილი, დათა რიგვავა, რეზო ჯიქია და კოკა ახალაია. გუნდმა რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა მოახერხა. რაც შეეხება საჩხერის "ჩიხურას”, გასული სეზონი გუნდისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. საჩხერლებმა ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავეს, საქართველოს თასის ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ და ევროპის ლიგაზე იასპარეზეს. თუმცა სეზონის ბოლოს, ევროთასების დაწყებამდე, გუნდი ერთდროულად 13-მა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან წავიდნენ: ირაკლი ზაბახიძე, გიორგი სომხიშვილი, ედიკ საჯაია, ნიკოლოზ გუშარაშვილი, ჯაბა ბერიანიძე, ლევან ბაკურაძე, ზურაბ ძამსაშვილი, დავით დიღმელაშვილი, გიორგი ჩხეტიანი, რევაზ გოცირიძე, თეიმურაზ შარაშენიძე, დავით ბოლქვაძე და დავით კირკიტაძე. ფინანსური პრობლემები "ჩიხურაშიც” იყო, თუმცა გუნდმა მოახერხა ახალი ფეხბურთელების დამატება და ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ვადუცის” ბარიერი გადალახა, ხოლო შვეიცარიულ "თუნისთან” ვერაფერს გახდა და ევროთასებს გამოეთიშა. "ჩიხურასთან” კონტრაქტი გააგრძელეს გიორგი სომხიშვილმა, დავით ოდიკაძემ, ბესიკ დეკანოიძემ და ნიკა კვასხვაძემ. გუნდმა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაიმატა – დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, რატი წინამძღვრიშვილი, ჯაბა ჯიღაური, დავითი კაკულია, გიორგი გაბედავა. ახალ სეზონზე ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. 1-ლი ტურის მატჩი "ზუგდიდსა” და "ჩიხურას” შორის განმუხურში გაიმართება. 11 აგვისტო, 17:30 "სიონი”-”დილა” თბილისი, "მიხეილ მესხი” მსაჯი: გ. ყრუაშვილი გასულ სეზონში "სიონმა” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. გუნდიდან წავიდნენ: სერგი ორბელაძე, გიორგი მანწკავა, ირაკლი კლიმიაშვილი, ირაკლი ლექვთაძე. თუმცა ბოლნისელთა რიგებში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ითამაშებენ: ალექსანდრე გოგობერიშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ვალერი აბრამიძე, დავით იმედაშვილი, გიორგი განუგრავა, გივი იოსელიანი, ლაშა თოთაძე. "სიონს” ახალწვეული ლეგიონერიც ჰყავს – კრისტიან ობინა. ახალ სეზონს ბოლნისური გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება, "სიონს” გიორგი კიკნაძე თავკაცობს. ბოლნისელთა მეტოქე გორის "დილაა”, რომელმაც 8 აგვისტოს სრულიად საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქა – ევროპის ლიგის პლეი ოფში "ჰაიდუკის” ძლევით ზედიზედ მეორედ გავიდა. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გორელებს "რაპიდის” ბარიერის გადალახვა მოუწევთ. მეტოქის ვინაობა 9 აგვისტოს, ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი. გასულ სეზონზე "დილამ” ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატის დასრულებისთანავე გუნდში ფინანსური პრობლემები გაჩნდა, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა და წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. ევროტურნირებზე ასპარეზობის შემდეგ, "დილადან” შესაძლოა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავიდეს. გორელებს გიორგი დევდარიანი უდგას სათავეში. მთავარმა მწვრთნელმა ორი თვის შეკრებილი გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფში გაიყვანა და არაჩვეულებრივ ფეხბურთს ათამაშებს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სეზონზე "დილა” მოახერხებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას. გუნდის მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა იქნება. XXV ეროვნული ჩემპიონატის 1-ლი ტურის მატჩი "სიონსა” და "დილას” შორის "მიხეილ მესხზე” გაიმართება. 11 აგვვისტო, 18:00 საათი "დინამო” თბილისი – "ზესტაფონი” თბილისი, "დინამო არენა” მსაჯი: გ ვადაჭკორია XXV ეროვნული ჩემპიონატის 1-ლი ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე” "დინამო” თბილისსა და "ზესტაფონს” შორის გაიმართება. მოქმედი ჩემპიონისა და ექს-ჩემპიონის დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. "დინამო” თბილისმა გასულ წელს დუბლი გაიფორმა. გუნდი წელსაც იგივე მიზნებისთვის იბრძოლებს, თუმცა მანამდე ევროპის ლიგის პლეი ოფის მძიმე ბრძოლა ელის. თბილისელთა მეტოქე "ტოტენჰემ ჰოტსპურია”. გასული სეზონის ბოლოს "დინამო” თბილისიდან მიკელ ალვარო წავიდა, გუნდში მოვიდნენ: დავით კვირკველია, ომარ მიგინეიშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, დავით ხურცილავა და იჯარიდან დაბრუნებული ირაკლი ლექვთაძე; ლეგიონერები – პატრიკ ვუო, დორინ გოგა. წარუმატებელი სეზონისა და გუნდში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შემდეგ, "ზესტაფონმა” სამკაოდ ნაყოფიერი შეკრება თურქეთში გაიარა. რამდენიმე საკონტროლო მატჩიც გამართა. იმერული კლუბის თავკაცი სერბი სპეციალისტი რაკო დოსტანიჩია. "ზესტაფონს” დაუბრუნდნენ ილია კანდელაკი და გიორგი ადამია. რაც შეეხება "დინამო” თბილისსა და "ზესტაფონის” შორის დაპირისპირებას, გუნდები დღემდე 29–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 15 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შემთხვევაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება "დინამოს” სასარგებლოდ – 41:26–ზეა. წყარო: geosports.ge, მირანდა სურმანიძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |