დღეს, „მიხეილ მესხის" სტადიონის მედია-ცენტრში სფფ-ის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ პრესკონფერენცია გამართეს და მედიას საზოგადოებისათვის აქტუალურ და საინტერესო შეკითხვებზე უაპსუხეს.
უპირველესად, ზვიად სიჭინავა ეროვნული ჩემპიონატის თემას შეეხო და განაცხადა, რომ უმაღლესი ლიგის 11-მა კლუბმა უკვე დაადასტურა 2013-14 წწ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის თანხმობა. ჯერჯერობით, თავს იკავებს „ზესტაფონი". იმერული კლუბის მესვეურები აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან სოლიდარობის პრინციპი დაცული იქნება და „ზესტაფონიც" მიიღებს ფინანსურ დახმარებას, ამ შემთხვევაში ისინი ითამაშებენ.
„უმაღლესი ლიგა კვლავ 12- გუნდიანი იქნება და იგივე ფორმატით ჩატარდება. მომავალ კვირას, აღმასკომი შეიკრიბება და დაამტკიცებს კალენდარს, რომელიც შემდეგ გუნდებს გადაეგზავნებათ. ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი 4 ან 10 აგვისტოა. აქვე გეტყვით, რომ მომავალი სეზონისთვის ძალზე გამკაცრდება კლუბების ლიცენზირების პროცესი. შევამოწმებთ არა მარტო უმაღლესი ლიგის, არამედ, პირველი ლიგის კლუბებსაც. ვინც ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ის თავის მოედანზე ვერ ითამაშებს და მოუწევს სხვა, შესაფერისი მოედნის დაქირავება. ჩვენი მიზანია, რომ სტადიონზე იყოს ნორმალური საშხაპე, ინტერნეტი, პრესლოჟა და ა.შ. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ პირველ ლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვეს – „ბორჯომმა", გორის „დილას" დუბლების გუნდმა და „საბურთალომ". საზოგადოება შეცდომაში შეყავდათ, როცა ამბობდნენ და წერდნენ, რომ მომავალი ჩემპიონატი 16 ან 18 გუნდიანი იქნებოდა" – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ, ზვიად სიჭინავა ფუტსალის თემას შეეხო და კომენტარი გააკეთა ბექა კვიციანისა და კახა დევდარიანის განცხადებებსა და ბრალდებებზე.
ზვიად სიჭინავა: „ამ თემამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია… უპირველესად, იმას გეტყვით, რომ ფუტსალის ოთხთა ფინალის ტურნირის გარდა, გასული 3 წლის განმავლობაში, სფფ-ს ფუტსალში დახარჯული აქვს 811944 ლარი და 22 თეთრი – მეტი სიზუსტისთვის. რაც შეეხება კახა დევდარიანის განცხადებებს, მე მასთან არანაირი პიროვნული უსიამოვნება არ მაქვს და არც ვერჩი. იმ პერიოდში, რომელსაც ის ასახელებს, ერთი დიდი პრობლემა მქონდა – ვიჯექი და ფედერაციის ვალებს ვითვლიდი. 2009 წელს, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ვადა ამოწურა; თუმცა, არჩევნები მხოლოდ 2010 წელს ჩატარდა. ამის დამადასტურებელი საბუთი – აღმასკომის გადაწყვეტილება არჩევნებზე – თავად ბექა კვიციანმა წაიღო. ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ თავისი საქმე აკეთოს და სიმართლე თქვას. იანვრიდან მოყოლებული, მალტისა და ჰოლანდიის ტურნირებისა და ჩემპიონატის თანხების ჩეკების მოტანას ვთხოვთ და ეგ ვერ მოაგვარეს… ნუ აკეთებს განცხადებებს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და ფეხბურთის ფედერაციაზე და ნუ აკნინებს ადამიანების დამსახურებებს. გააკეთოს აქცენტი ფუტსალის ასოციაციის მუშაობაზე – ეს იქნება სწორი. 2009 წელს, როცა დევდარიანმა ფუტსალის ჩემპიონატი ჩაატარა, პირადად მივედი და მივულოცე… მათ გვერდში დგომას, სხვა თუ არაფერი, ფინანსები ადასტურებს.
აქვე, გამოვეხმაურები მერაბ ჟორდანიას წერილსაც, რადგან ამანაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მას მადლობა შეფასებისთვის. ჩვენ ხშირად ვხვდებით და ის პირად საუბრებშიც ყოველთვის გამოხატავს სიმპათიას ჩვენი მუშაობისადმი. ბოლოს, ბატონი მერაბი ბელგიაში, ელიტრაუნდზე ვნახეთ და მან იქაც გვითხრა, რომ დადებითად აფასებს ფედერაციის საქმიანობას."
პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, ფედერაციის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებაც, რაზეც ზვიად სიჭინავამ უპასუხა: „არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ვინმეს დროშით დავრბოდი… ფედერაციაში უნდა იყვნენ აპოლიტიკური ადამიანები – ამას ამბობს უეფა და მე მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემს ყველა თანამშრომელზე. სამწუხაროა, რომ საქართველოში წარმატებული ხალხი არ უყვართ…"
ამის შემდეგ, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.
რევაზ არველაძე: „უაზრობაა იმის მტკიცება, რომ ირლანდიასთან და დანიასთან ჩატარებული მატჩების კმაყოფილები ვართ. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ დანიასთან წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო. სხვა თემაა ირლანდიასთან თამაში… უთქმელობა რომ პრობლემებსა და გაუგებრობებს იწვევს, ეს ქეცბაიას და ყენიას თემამაც დაამტკიცა. არ შეეძლო ყენიას ქეცბაიას და დანარჩენი 20 ფეხბურთელის თანდასწრებით ეთქვა, რომ ნაკრებმა ერთი თავდამსხმელით არ უნდა ითამაშოს?! მიუხედავად ყველაფერისა, მე ამას კონფლიქტს ვერ დავარქმევ. თავად ნახავთ, თემური მას ნაკრებში გამოიძახებს, როცა საჭიროება იქნება – ყოველთვის.
ჩვენ იმის ილუზია არ გვქონდა, რომ ამ ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებდით. სურვილი – ყველას. როცა ეს შესარჩევი ციკლი დასრულდება, დავსხდებით და ყველაფერს გავაანალიზებთ. ქეცბაიას კონტრაქტი კიდევ 2 წელი და რამდენიმე თვე გრძელდება."
სფფ-ის პრესსამსახური