6:28 PM რომელმა ფეხბურთელებმა შესაძლოა გააძლიერონ ამ ზაფხულს “ბარსელონა”? | |
![]() ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებიც ესპანური გრანდის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. ნეიმარი, ჰუმელსი, ტიაგო სილვა – ეს სახელები უკვე ცნობილია საფეხბურთო საზოგადოებისათვის. დღეც კი არ გადის, რომ სხვადასხვა გამოცემებმა "ბარსელონაში” ამ ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერზე რაიმე ახალი სიახლე არ დაწერონ, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან კატალონიელებს არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ სერიოზულად გაძლიერება სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, გარდა მრავალმილიონიანი გარიგებებისა, კატალონიური გრანდი ასევე განიხილავს კლუბის ბიუჯეტის გაუმჯობესების ვარიანტებსაც. ამ კატეგორიაში შედიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტი კლუბთან მხოლოდ ერთი წლით აკავშირებთ, სწორედ ამიტომ, ეს ფეხბურთელები ამ ზაფხულს კლუბს ან უფასოდ დატოვებენ, ან უახლოეს დროში კლუბმა მათი ტრანსფერები უნდა შეათანხმოს. გარდა სასტარტო შემადგენლობის გაძლიერებისათვის შერჩეული ვარსკვლავებისა, ამ სიაში შევიდნენ ის ფეხბურთელებიც, რომლებსაც სათადარიგოთა სკამის გაძლიერება შეუძლიათ. სწორედ გრძელი სათადარიგოთა სკამი არ ეყო "ბარსელონას” მიმდინარე სეზონის დაკვნითი ნაწილის წარმატებით ჩატარებისათვის, როდესაც ტრავმა მიიღო გუნდის რამოდენიმე წამყვანმა შემსრულებელმა. საინტერესოა, რომ კატალონიის დედაქალაქში გადამსვლელების პრეტენდენტთა სიაში მოხვდა "შახტარის” მცველი იაროსლავ რაკიცკიც, რომელსაც დონეცკელებთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. ახლა კი, იმ ფეხბურთელების სია, რომლებითაც "ბარსელონა” ინტერესდება, შემდეგნაირად გამოიყურება. მეკარე: ვოიცეხ შესნი (არსენალი); მცველები: ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი), მამადუ სახო (პსჟ), იაროსლავ რაკიცკი (შახტარი), ბრუნო ალვეში (ზენიტი), ჟერემი მატიე (ვალენსია), ფერნანდო ამორებიეტა, ანდონი ირაოლა (ორივე – ატლეტიკი), ბაკარი სანია (არსენალი); ნახევარმცველები: კევინ-პრინს ბოატენგი (მილანი), პერეირა ელისეუ (მალაგა), კრისტიან ერიქსენი (აიაქსი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), ბენიატი (ბეტისი), რაულ გარსია (ატლეტიკო); თავდამსხმელები: ნეიმარი (სანტოსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია), ლუის ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ტომერ ჰემედი (მალიორკა), მიროსლავ კლოზე (ლაციო). მოცემული წყაროს ინფორმაციით, ეს იმ ფეხბურთელთა გვარების მთლიანი სია არაა, რომლებიც "ბარსას” ყურადღების ქვეშ მოექცნენ. ზოგიერთი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, თავიანთი კლუბებისგან ახალ შეთავაზებებს ელოდება, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ტიტულებმა მოხიბლოს და "ბარსელონას” მიაშუროს. გარდა ამისა, "ბლაუგრანა” ჯერ კიდევ რჩება ფეხბურთელების უმრავლესობის ოცნების გუნდად და ცოტა თუ იტყვის "ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურის მორგებაზე უარს. ასე რომ, კატალონიელების ხელში ყველა საჭირო კოზირია იმისათვის, რათა დიდი დანაკარგის გარეშე, თუმცა გუნდის ყველა პოზიცია სერიოზულად გააძლიეროს, თუ არა ამ ზაფხულს, ერთი წლის შემდეგ მაინც. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |