12:49 PM
ნიაზ ძიაპშიპა - 85



ქართული ფეხბურთის სახელოვანმა წარმომადგენელმა ნიაზ ძიაპშიპამ მშობლიური ოჩამჩირის „ნორჩ დინამოელში" თამაში 16 წლისამ დაიწყო. 1945 წლიდან სოხუმის დინამოელი, 19747წელს თბილისის „დინამოში" ჩაირიცხა და პირველსავე სეზონში 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საკავშირო ჩემპიონატის 19 მატჩი ითამაშა (სსრკ-ს ორწრიან პირველობაში იმ წელს ცამეტი გუნდი მონაწილეობდა), ხოლო თორმეტ სეზონში ჩემპიონატის 179, თასის გათამაშების 15 და 20 საერთაშორისო შეხვედრაში დაიცვა ჩვენი სახელოვანი გუნდის ღირსება...

გარუნ აკოფოვი - სპორტული ჟურნალისტი: ქართულ ფეხბურთს რომ აღიარება და სახელი შემტევმა სტილმა და ფორვარდებმა მოუტანეს, ეს ალბათ სადაო არაა. მაგრამ, მცველებიც ხომ გამორჩეული გვყავდა?! და მათ შორის ღირსეული ადგილი ეკუთვნის ნიაზ ძიაპშიპას - სწრაფ და ალღოიან ფეხბურთელს, რომელიც ბურთს მიღებისთანავე პარტნიორს გადასცემდა და პრაქტიკულად ასე იწყებოდა კიდეც დინამოელთა კომბინაცია...

დავით ქლიბაძე: 1955 წლის ზაფხულში, საკავშირო ჩემპიონატზე დინამო - ტორპედოს მატჩში პირველად ვნახე ნიაზ ძიაპშიპას თამაში. ჩვენებმა 3-1 მოიგეს ის შეხვედრა, კალოევმა - ერთი და ღოღობერიძემ - ორი გოლი გაიტანეს. თუ არ ვცდები, დინამოელთა კაპიტანმა ორჯერ ზუსტად დაარტყა პენალტი. მაგრამ, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - კარგად მახსოვს. ტორპედოელთა ცენტრფორვარდი ედუარდ სტრელცოვი წინა წელს გამოჩნდა, მაშინვე ყველა აალაპარაკა და ახლაც, მატჩის პირველსავე ტაიმში დინამოელთა მცველებს გაექცა და მეკარე კიტიას დაბალი, აუღებელი ბურთი გაუტანა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ეს ეპიზოდი მოვაგონე, ნიაზ ძიაპშიპამ ღიმილით მითხრა: სხვა ფორვარდებიც გაიხსენე, რომელთა წინააღმდეგაც ვთამაშობდიო...

ვლადიმერ ბარქაია - ვეტერანი ფეხბურთელი: იშვიათად მინახავს ასეთი უშიშარი მცველი! ალექსანდრე პონომარიოვი, გრიგოლ ფედოტოვი, ნიკიტა სიმონიანი, ედუარდ სტრელცოვი... კიდევ რამდენი ცენტრალური თავდმასხმელი ჩამოვთვალო? აი, სწორედ მათ უმკლავდებოდა ნიაზ ძიაპშიპა, მართლაც უნიკალური მცველი და პიროვნება...

ომარ ძიაპშიპა - თბილისელი ინჟინერ-მშენებელი: მამაჩემი ცხრამეტი წლის იყო თბილისის „დინამოში" რომ გადაიყვანეს და ვინ დახვდა იქ?! პაიჭაძე, ჯეჯელავა, ანთაძე, კიკნაძე, ღოღობერიძე... ყოველთვის მოწიწებითა და დიდი პატივისცემით იგონებდა მათ და მომდევნო დინამოელთა მეორე თაობის მეგობრებს: ელოშვილს, თოდრიას, ჭკუასელს, ვარდიამიდის, გაგნიძეს... ერთი შეხედვით თითქოს პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა მამა, მაგრამ სინამდვილეში არაჩვეულებრივად თბილი, მოსიყვარულე იყო, მძიმედ განიცდიდა 1992 წლის ტრაგედიას, რაც მოუნელებელ ჯავრად წაჰყვა. კაცურად, ლამაზად იცხოვრა და უამრავი მეგობარი ჰყავდა თბილისში, მთელ საქართველოში...

1952 წელს ნიაზ ძიაპშიპას სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა; საკავშირო ჩემპიონატის ერთი - ვერცხლის და ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა; საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველი სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორია; სამჯერ დაასახელეს 33 უძლიერეს ფეხბურთელთა სიაში. აქტიური საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ მწვრთნელად იმუშავა სოხუმის „დინამოში", ქუთაისის „ტორპედოში", თბილისის „დინამოში", 1976-1977 წლებში იყო თბილისის „დინამოს" გუნდის უფროსი...

იმ თაობის ფეხბურთის თაყვანისმცემლები, მეგობრები, ახლობლები კიდევ ერთხელ გამოხატავენ ჩვენი ფეხბურთის ღირსეული წარმომადგენლის ნიაზ ძიაპშიპას ხსოვნისადმი პატივისცემას, როცა 14 ნოემბერს, ოთხშაბათს - ბორის პაიჭაძის სტადიონზე შეხვდებიან ერთმანეთს.
ნანახია: 447 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ნიაზ ძიაპშიპა - 85 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: