12:16 PM
ნათან ჟუნიორი: "იმედი მაქვს, "დილას" ხელმძღვანელების იმედებს გავამართლებ"

გუშინ, გორის "დილას" ახალწვეულის - ნათან ჟუნიორის ოფიციალური წარდგენა გაიმართა. ბრაზილიელი ორ კვირაზე მეტია გუნდთან ერთად ვარჯიშობს. იგი "დილაში" ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგ, პირველი ახალწვეული გახდა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა შიდაქართლურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაუკავშირა საკუთარი მომავალი და 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

დღეს ნათანმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბედნიერია საქართველოში ჩამოსვლით. 

"მშვენიერი ქვეყანაა, ასეთივე კლუბი და პირობები. მოხარული ვარ, რომ "დილას" შემადგენლობაში ჩავირიცხე. იმედი მაქვს კლუბის ხელმძღვანელების იმედებს გავამართლებ", - განაცხადა ბრაზილიელმა.

23 წლის ფორვარდი ნათან სოარეშ დე კარვალიო ჟუნიორი რიო დე ჟანეიროშია დაბადებული და 2005 წლამდე „ფლამენგოს” ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 2005-2008 წლებში, კვიპროსის „ანორთოსისის” ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, პროფესიული კარიერა კი რიგის „სკონტოში" დაიწყო.

ნათან ჟუნიორმა ლატვიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში 2011 წლის ბოლომდე ითამაშა. 69 მატჩში გატანილი 45 გოლი – ასეთია მისი სკონტოური მონაგარი. მიმდინარე წლის იანვარში მან კონტრაქტი ავსტრიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კაპფენბერგთან” გააფორმა და მაისის ბოლომდე მის რიგებში ნათამაშებ 13 მატჩში 1 გოლი მიითვალა (მის მიერ რეალიზებული პენალტით ვენის „აუსტრია” იქნა ძლეული).

მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა ზამთრამდე დახურულია და გორელთა მიერ მხოლოდ თავისუფალი აგენტის გადმობირება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ სტატუსის მქონე ნათან ჟუნიორთან (184სმ, 79კგ) გააფორმეს შიდაქართლური კლუბის მესვეურებმა კონტრაქტი.

გუნდში კიდევ ერთი ბრაზილიელი ვარჯიშობს, რომლის „დილასთან" კონტრაქტის ბოლო დეტალების შეთანხმება დასკვნით სტადიაშია. ეს გახლავთ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი რამოს დოს სანტოს ლეონარდო, რომლის ბოლო პროფესიული კლუბი მინსკის „დინამო" გახლდათ, სადაც მან 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

სურათი აღებულია გორის "დილას" ოფიციალური საიტიდან
 

წყარო: მირანდა სურმანიძე , Geosports.ge

ნანახია: 272 | დაამატა: RoM@N | ტეგები: დილას ხელმძღვანელების იმედებს გავამ, ნათან ჟუნიორი: იმედი მაქვს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: