9:36 PM
მურთაზ ხურცილავა - 70
მურთაზ ხურცილავა - 70
„...ჩემი მშობლიური რაიონის, მაშინდელი გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის) სოფლის სკოლები სულ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მე უკვე მოპოვებული მქონდა ავტორიტეტი; ბავშვები მიჯერებდნენ და აბედათის სკოლის ფეხბურთელთა გუნდი ჩუმად, ისე, მამაჩემს რომ არ გაეგო, სათამაშოდ დამყავდა ახლომახლო სოფლებში. ვერ დაგიმალავთ, მე კი არა, ყველა ჩემი თანაგუნდელი ოცნებობდა, რომ მამაჩემი სხვა სამუშაოზე გადაეყვანათ (ის ჩვენი სკოლის დირექტორი იყო) და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! ბანძაში ვაზის იშვიათი ჯიშის - ოჯალეშის მეურნეობა შეიქმნა და მამა იქ დანიშნეს დირექტორად. აი, მაშინ კი გავიხარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და მართლაც ავიშვით: სწავლა ზომიერად, უფრო - ბურთი...

...1961 წლის გაზაფხულზე, გაგრაში, თბილისის „დინამოს" საწვრთნელ შეკრებაზე გამომიძახეს. მესამე დღეს, მოსკოვის „დინამოსთან" საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა ჩვენს გუნდს. დილიდანვე გამაფრთხილეს, რომ ბუცები წამომეღო სტადიონზე. კოკისპირულად წვიმდა და მეც სხვებთან ერთად ავტობუსიდან ვუყურებდი პირველ ტაიმს. შესვენებისას ავტობუსში ამოვიდნენ იამანიძე, ბარქაია, კალოევი, მესხი და მე მაშინვე უკან გადავჯექი. ჩაი დალიეს, შესვენებაც მორჩა და ანდრო ჟორდანიამ უთხრა ბორის სიჭინავას, რომ მეორე ტაიმში დაისვენებდა. მერე ჩემთან მოვიდა და თავჩაღუნულს მეკითხება - ხომ არაფრის გეშინიაო. არა-მეთქი, ვუპასუხე და როცა გავიგონე - აბა, გადი და მარჯვენა მცველის ადგილზე ითამაშეო, სასწრაფოდ ჩავიცვი ბუცები და ცუდად არ მითამაშია მეტად სწრაფი და შეუპოვარი ფადეევის წინააღმდეგ.

...ახლა, როცა ამდენი წელი დარჩა უკან, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ თბილისის „დინამო" მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ იყო. დიღომში, ბაზაზე ორი თვეც რომ გეცხოვრა, უკვე აღარაფერი გაგაკვირვებდა. სად არ ვყოფილვარ, ნებისმიერი რანგისა და თანამდებობის პირებთან მქონია ურთიერთობა და მსგავსი განცდები არ მქონია. უფროსების პატივისცემა და თბილი, გულითადი დამოკიდებულება ახალმოსულების მიმართ - ასე ცხოვრობდა მაშინდელი „დინამო"...

...ჟორდანიას განსაკუთრებული თვალი ჰქონდა. თუ იტყოდა, დიავოლ, ეს ბიჭი ითამაშებსო - გადაწყვეტილი ამბავი იყო. როცა 1961 წელს, თბილისის „ლოკომოტივის" სტადიონზე საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ კიევის „დინამოსთან" და სწორედ, იმ დღეს მნახა პირველად თბილისელმა მაყურებელმა, ბატონი ანდროსთვის პირდაპირ უთქვამთ - ეს მოჭიდავე სად იპოვე, რატომ ჩამოიყვანეო?! - თქვენ აცადეთ მაგას ცოტახანს და ნახავთ, მოჭიდავე ჩამოვიყვანე თუ ფეხბურთელიო, - უპასუხა თურმე ჟორდანიამ. ყოველშემთხვევაში, ასე მიამბო იმ დღის ისტორია „დინამოს" ადმინისტრატორმა - თენგიზ მაჭავარიანმა ორი წლის შემდეგ...

...იმ თაობის ფეხბურთელებს თავისი განუმეორებელი სტილი ჰქონდათ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ნაღდი ქართული ფეხბურთის სტილი - იმ უზარმაზარ ქვეყანაში გამორჩეული და განუმეორებელი. ამიტომაც, თბილისის „დინამოს" მატჩებზე, ყველა ქალაქში, სტადიონის ბილეთი პრობლემა იყო.

...არ მომბეზრდება იმ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი; არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეც ვითამაშე. მიზეზი სხვაა - სწორედ, ისინი მიმაჩნია ყველაზე მაღალი რანგის ფინალურ ტურნირებად, რაც კი დღემდე მინახავს. უნგრეთს, პორტუგალიას, დასავლეთ გერმანიას, ინგლისს ძლიერი გუნდები ჰყავდათ. ბრაზილიელი ვარკვლავების ნაკრები ნაადრევად კი „ჩაიძირა", მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, მექსიკაში გამარჯვებული ბრაზილია ხომ უძლიერესადაა აღიარებული მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში... ბედნიერი ვარ, რომ სწორედ, იმ პერიოდში წარიმართა ჩემი საფეხბურთო კარიერა. ევროპის ჩემპიონატები?! - ამას სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ რა დამავიწყებს - 1968 წლის გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, უნგრეთთან პირველი მატჩის 0:2 წაგების შემდეგ, მოსკოვში რევანში ავიღეთ და 3:0 მოვიგეთ. ერთი გოლი მეც გავიტანე და მატჩის დამთავრებისთანავე, „ლუჟნიკების" სტადიონზე ფეხზე წამომდგარი 102 ათასი მაყურებელი მადლობას გვიხდიდა და ჩემი გვარიც მესმოდა...

...ყველას მოსწონს თავისი დრო და მეც ჩემი დრო მომწონს. შეადგინონ ყველა დროის მსოფლიო ნაკრები და ვნახოთ, ვინ დაუდგება გვერდით იაშინს, ბენქსს, ნილტონ სანტოსსა და კარლოს ალბერტოს, დი სტეფანოს, ბეკენბაუერს, პლატინის, კრუიფს, ბობი ჩარლტონს, მარადონას, გარინჩასა და პელეს. კიდევ რამდენი ჩამოვთვალო?!

...ჩემი ცხოვრების არც ერთ ეპიზოდს, არც ერთ დღეს არ შევცვლიდი, რადგან ყველაფერი მომწონდა და ვიცხოვრე ისე, როგორც მინდოდა..."

„სამი ვარსკვლავი" - ასე დავარქვით ვლადიმერ ბარქაიასთან, გიორგი სიჭინავასთან და მურთაზ ხურცილავასთან ილუსტრირებულ დიალოგს, რომელიც 2011 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა - „ხობმა" გამოსცა. ხუთასივე ეგზემპლარი საჩუქრად მიიღო ტრადიციული ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე" მოსულმა მაყურებელმა. ჩვენი ფეხბურთის ამ შესანიშნავმა სამეულმა, თავიანთი სპორტული კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდები გაიხსენა.

დღეს კი, 70 წლის იუბილარის - მურთაზ ხურცილავას მოგონებების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი შემოგთავაზეთ.

ნანახია: 333 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: