5:59 PM
მუჯირი-ზამთარაძე: ფეხბურთელმა გუნდში თავი ფეხბურთელად უნდა იგრძნოს!




საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ბოლო დღეებია მთლად რიგზე ვერ არის საქმე. ჯერ იყო და, კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელები დააჯარიმა, შემდეგ კუთვნილი ხელფასის ნახევარი ჩაურიცხა. ამას გუნდიდან მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წამოსვლა მოჰყვა. გადაიდო მე-19 ტურის მატჩიც, რომელიც ჩემპიონს "ჩიხურასთან" უნდა გაემართა. ამ მოვლენებთან დაკავშირებით, დავით მუჯირმა და ზაზა ზამთარაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს.

დავით მუჯირი: "რადგან კლუბში მიმდინარე მოვლენების გამო, ჩვენი პოზიცია ვერ გამოვხატეთ, ვალდებულნი ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე. არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი წასვლის მიზეზები ავხსნათ, ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის. მე რვა თვე ვითამაშე "ზესტაფონში" და არასრული სამი თვე მწვრთნელი ვიყავი. მტკივნეულია, რომ ჩემპიონ გუნდში ახლა ასეთი მდგომარეობაა. ეს ერთი გადაწვეტილებით არ ხდება, ეს დაგროვილია ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კლუბში არ იყო ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა.

მინდა, მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივარს, რომელიც კლუბს მუდამ გვერდში უდგას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე, სიტუაცია ასე განვითარდა. "ზესტაფონი" ჩემი გუნდიც გახდა. ერთი ოჯახივით ვიყავით, როცა ვთამაშობდი და როცა ვწვრთნიდი "ზესტაფონს". დიდი სურვილი მაქვს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდეს, თუნდაც ეს შუალედური მიზანი, ექვსეულში მოხვედრა, წლის ბოლომდე დადებითად გადაიჭრას.

მე როდესაც გუნდში მოვდიოდი, კლუბში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტთან მქონდა საუბარი. ის ეძებდა ისეთ მწვრთნელს, ვინც მალე მოახერხებდა ადაპტაციას და შედეგის მოტანას. მოგეხსენებათ, გაძლიერებისთვის დრო ფიზიკურად არ იყო. ჩვენ, რეალობიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ ექვსეულში მოხვედრა, შემდეგ უკვე, იანვარში, გაძლიერების ან სამწვრთნელო პროცესების გარდაქმნის გადახედვით, გვინდოდა მოლაპარაკების საფუძველზე, ისევ და ისევ ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ძალიან ვნერვიულობთ, რომ ასე მოხდა. დიდი და შორსმიმავალი გეგმები გვქონდა. პირადად მე მსიამოვნებდა ამ ფეხბურთელებთან მუშაობა და მინდოდა ზამთარში ამ კლუბთან მომცემოდა მუშაობის საშუალება. ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვხედავდი, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალია.

ჩვენ გულშემატკივრებს შევხვდით და ავუხსენით რისთვის ვიბრძოდით. თამაშების კარგი სერია გვქონდა, მხოლოდ ლიდერთან დავმარცხდით. მაგრამ შემდეგ "დილასთან" წავაგეთ, "ვიტ ჯორჯიასთან"... ასეთი შედეგის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასი გაენახევრებინა. ამის შესახებ გუნდის მწვრთნელებმა არაფერი ვიცოდით. კლუბის ხელმძღვანელის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. რაც "ზესტაფონის" პრესსამსახურმა გაავრცელა, სიმართლეს არ შეესაბამება - რამდენიმე ფეხბურთელი კი არა, ყველა დაჯარიმდა, მათ შორის სრული სამწვრთნელო შტაბი, ექიმებიც კი.

ამ ფაქტმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. ოთხ დეკემბერს ვიმყოფებოდით თბილისში. როდესაც ფეხბურთელებმა საქმის კურსში ჩაგვაყენეს, მე და ზაზა დავუკავშირდით სპორტულ დირექტორს და განვუცხადეთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება კლუბის დატოვების შესახებ, რადგან მივიჩნევით, რომ ასეთი საქმეები ჩვენს გარეშე არ უნდა წყდებოდეს. არც მე და არც ზაზას არ გვქონია იმის მიზეზი, რომ ფეხბურთელები დაგვეჯარიმებინა, მითუმეტეს შედეგიდან გამომდინარე. ამის გარდა, ჩვენ ისიც განვაცხადეთ, რომ ძალიან ცუდი დრო იყო ჯარიმებისთვის შერჩეული, წინ ოთხი შეხვედრა გვქონდა, რაც ცუდად აისახებოდა კლუბის შედეგებზე და ფეხბურთელების მორალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ეს კი ჩვენ ხელს შეგვიშლიდა მუშაობაში. პრეზიდენტს ჩვენთვის თავიდანვე რომ ეთქვა, აუცილებლად დავუსაბუთებდით, რომ ეს ცუდ შედეგს მოიტანდა.

სპორტულ დირექტორს ისიც ვუთხარით, რომ სპორტული თვალსაზრისით, არასწორად მიგვაჩნდა გუნდის მიტოვება ოთხი ტურით ადრე. ჩვენ გვქონდა ჩვენი ვალდებულებები გუნდისა და ფეხბურთელების მიმართ და გვინდოდა ჩვენი საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა ისიც განვუცხადეთ, რომ მათი ეს გადაწყვეტილება შეგვიშლიდა ხელს მუშაობაში. მიუხედავად ამისა, დეკემბრის ბოლომდე ვიქნებოდით გუნდის მწვრთნელები და სეზონს ამ ფეხბურთელებთან ერთად ჩავამთავრებდით.

კლუბის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. არ ვიცი რატომ მიიჩნევს ასე... იმ საქმისთვის, რაც ჩვენ გვქონდა დასახული, ნამდვილად ხელისშემშლელია...

კლუბის ხელმძღვანელობას ჩვენთან ხელშეკრულების გაგრძელება სურდა. დაგვაგეგმინეს მოსამზადებელი პერიოდი, ამხანაგური თამაშები, ფეხბურთელების დამატება და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერზე ზრუნვას 23 დეკემბრის შემდეგ შევუდგებოდით. თუმცა მათი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ შევატყობინეთ ხელმძღვანელობას, რომ უკვე ახალი სეზონიდან მოეძებნათ ახალი მწვრთნელი.

მტკივნეული დარტყმა იყო ჩემთვის, ასე მუშაობა ვერ წარმომედგინა. მე ძალიან მინდა მწვრთნელობა, ამ სამი თვის განმავლობაში ამაში დავრწმუნდი. ჩემს თავს წარუმატებელს ვერ ვუწოდებ, რადგან ამ პერიოდში, ამ რესურსით, ნამდვილად მქონდა შედეგი. მიხვდი, რომ მინდა მწვრთნელობა და არა ფიზკულტურის მასწავლებლობა. როცა მწვრთნელს არავინ უთანხმებს მატჩის გადადებას, დაჯარიმებას, ძალიან სამწუხაროა...

ხუთ დეკემბერს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინეთ ფეხბურთელებს. მათ ავუხსენით ვითარება და განვუმარტეთ, რომ გუნდისა და მოთამაშეების მიმართ პასუხისმგებლობა გაგვაჩნდა. ფეხბურთელებმა თავად გამოთქვეს კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი. მიხეილ ხუციშვილს შევხვდით, რადგან დიდხანს გაგრძელდა საუბარი, იმ დღეს დღის სამ საათზე დანიშნული ვარჯიში აღარ შედგა. ამის შემდეგ ფეხბურთელებმა წერილობით მიმართეს ილია კოკაიას. პარასკევს პრეზიდენტი ოთხ ფეხბურთელს - ზაალ ელიავას, ზურაბ მენთეშაშვილს, თორნიკე აფციაურსა და ზურაბ მამალაძეს თავისთან უხმობდა, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, მეორე დღეს საჩხერესთან შეხვედრა გვქონდა. ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს კოკაიასთან დაბარებულ ოთხ მოთამაშეს თავადაც გაყოლოდნენ და თბილისში გაემგზავრნენ. პარასკევს გუნდში დავრჩით - მწვრთნელები, სამი ლეგიონერი და რამდენიმე დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი, რომლებსაც მომდევნო მატჩისთვის მოვიაზრებდით. ამ ფეხბურთელებთან წინასამატჩო ვარჯიში ჩავატარეთ, ვარჯიშის ბოლოს კი გავიგეთ, რომ თამაში გადაიდო, არც ეს შეუთანხმებია ჩვენთან კლუბის ხელმძღვანელს.

ფეხბურთელების წასახალისებლად გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის აგვეხნა, როდესაც გორთან წავაგეთ და რუსთავი ხუთი ქულით მოგვიახლოვდა, პრემია მიგვეცა ფეხბურთელებისთვის, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" უფრო მეტი მონდომებით ეთამაშათ, რაც ექვსეულში მოხვედრისთვის დაგვეხმარებოდა.კოკაიას პასუხი ასეთი იყო - ვინ დაგისახათ მიზნად ექვსეულში შესვლაო, უკვე ვეღარ მივხვდით რა ხდებოდა... გუნდის გასაძლიერებლად ბოტი და იელიჩი დავიმატეთ, რომ გვცოდნოდა ჩვენი მიზანი ექვსეული არ იყო, მაშინ აღარ ჩამოვიყვანდით და მივცემდით იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს, რომლებიც ხვალ და ზეგ მართლაც გამომადგებოდნენ.

"ზუგდიდს" მოვუგეთ, "ტორპედოს" მოვუგეთ, შემდეგ უფრო სუსტ მეტოქესთან - "ვიტ ჯორჯიასთან" დავმარცხდით, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ამის გამო არ უნდა ხდებოდეს ხელმძღვანელობის მხრიდან ასეთი ჩარევები. ჩვენი აზრით, ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა. მე რომ ჩამოვედი საქართველოში, სხვა გუნდებიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ "ზესტაფონი" იმიტომ ვამჯობინე, რომ ამ გუნდში მეგულებოდა ადამიანი, რომელიც თავის ფულს დებდა და ხარჯავდა ქართული ფეხბურთისთვის.

ვფიქრობ, ფეხბურთელები არ დამიზარალებია, რადგან მათთან ერთად ვიყავი 3-4 დღის განმავლობაში, ერთად ველოდებოდით ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ განცხადება განთავისუფლების შესახებ, ვინაიდან წინ უქმეებია, გვითხრეს, რომ ორშაბათისთვის მივიღებდით პასუხს. სპორტულმა დირექტორმა სიტყვიერად, კოკაიას სიტყვები გადმოგვცა - დავაკმაყოფილებო".
 
ნანახია: 249 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: