11:16 PM მოურინიოს ბრწყინვალე ხუთეული: “ჩელსი” სატრანსფერო აფეთქებისთვის ემზადება | |
![]() პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის პოტენციური ახალწვეულები დაასახელა. ჟოზე მოურინიო, რომელიც გუშინ ლონდონის "ჩელსის” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა, უკვე წარუდგინა კლუბის მფლობელებს იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს. ეს ფეხბურთელები ფორვარდები სტევან იოვეტიჩი და ედინ ჯეკო, რომლებიც, შესაბამისად, "ფიორენტინასა” და "მანჩესტერ სიტის” ეკუთვნიან, "პორტუს” უნივერსალი ელიაკიმ მანგალა, ასევე ორი ცენტრალური მცველი – "რომას” "მომავალი კაპიტანი” დანიელე დე როსი და დონეცკის "შახტარის” ლიდერი ფერნანდინიო არიან. პორტუგალიელი სპეციალისტი აცხადებს, რომ მისი "ჩელსი”, არაერთი ბევრმილიონიანი ტრანსფერის საშუალებით, შიდა და საერთაშორისო არენებზე წარმატებას მიაღწევს. "გუნდის გაძლიერება გვჭირდება. როგორც წესი, როდესაც ამ ფრაზას ვიძახი, ხალხი იმის დათვლას იწყებს, თუ რამდენი ათეული ან ასეული მილიონის დახარჯვა მინდა. თუმცა მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ – ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ და თითოეულმა ფეხბურთელმა პროგრესი უნდა განიცადოს. და თუ ამას კიდევ რამოდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაემატება, მაშინ რეზულტატი არ დაიგვიანებს”, – თვლის ჟოზე. "ნულიდან დაწყება მსურს და გუნდის იმ პრინციპით აშენება, როდესაც გასულ წლებში ავაშენე. დავივიწყებ, რომ აქ ჩემპიონი უკვე გავხდი და მზად ვარ საკუთარ თავზე ის ზეწოლა ვიგრძნო, თითქოს "ჩელსიში” პირველად მოვედი”. ასევე ვარაუდობენ, რომ ჟოზე მოურინიო პირველ რიგში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” განათხოვრებულ ბელგიელი ფორვარდს რომელუ ლუკაკუს დაიბრუნებს, რომელშიც პორტუგალიელი ახალი "ჩელსის” საჭირო ფეხბურთელს ხედავს. უახლოეს დროში "განსაკუთრებული” ნახევარმცველ კევინ დე ბრუინესაც შეხვდება, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესით ბრემენის "ვერდერში” გაატარა და გერმანიაში დარჩენას გეგმავს. ის, აქვს თუ არა ჟოზეს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთან დაკავშირებული გეგმები, ჯერჯერობით უცნობია. წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |