არის პრობლემა, არის მიზეზი, არის მიზეზი და არის გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად თუმცა პრობლემა ისევ მოუვარებელია, რეალი კი უმძიმეს სიტუაციაში..
ძნელია იყო დამარცხებული, მაგრამ მერწმუნეთ უფრო ძნელია გამარჯვებულად ყოფნა. ჟოზე მოურინიოს დამარცხებაც უგემია და გამარჯვებებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, მაგრამ მე პირადად მადრიდის რეალის მოგებული ტიტული კასილიასის გარეშე იგივე განცდას ვერ მომანიჭებს, რამდენსაც ის განცდა, როდესაც რეალის ცოცხალი ლეგენდა ცალით ხელით, ჩვეულ სტილში აიტაცებს თასს და მთელი მადრიდის გასახარად გასძახებს HALA MADRID!
უნაკლო არავინაა, მითუმეტეს ისეთი დონის სპეციალისტები, როგორიც ჟოზე მოურინიო გახლავთ, მისი ხასიათის შესახებ და ზოგადად ცხოვრებაზე ინფორმაციას მეტ-ნაკლებად ყველანი ვფლობთ. ის უდიდესი მწვრთნელია და მოტივატორი, მისი გაწვრთნილი გუნდები თავიანთი შემადგენლობით შესაძლოა საუკეთესონი არ იყვნენ, მაგრამ მოურინიოს შემართება მათთვის უმთავრესი იარაღი გახლდათ. დღეს ჟოზე რეალის მწვრთნელია, იმ რეალის, რომელსაც სოფლიოში საუკეთესო თუ არაა ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ნებისმიერ პოზიციაზე და მაინც, 4:1 წაგება 1/2 ფინალში დორტმუნდთან!ეს ანგარიში საპასუხო მატჩის წინ ბურუსში ახვევს რეალის შანსებს ფინალში გასასვლელად. რა არის ამის მიზეზი? ჩემი აზრით ამის მიზეზი სწორედ მოურინიოშია და არა იმ ფეხბურთელებში ვისაც გადააბრალა მატჩის შემდეგ წაგება, მან რეალს თილისმა წაართვა, ლეგენდა სკამზე დატოვა და დიეგო ლოპესს მიანიჭა კვლავინდებურად უპირატესობა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიეგოს შეეძლო ლევანდოვსკისთვის პოკერის შესრულებაში ხელის შეშლა და მისი ბრალია რეალის სასტიკი მარცხი, მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ კასილიასის შემართება და ზოგადად მოედანზე ყოფნა პეპეს და ვარანეს უფრო თვითდაჯერებულს გახდიდა, რამოსიც უფრო იმედიანად შეუტევდა და დაიცავდა რეალის კარს, არც ალონსო იქნებოდა ისეთი უნიათო, როგორიც გერმანიაში ვიხილეთ და არც კრიშტიანუ რონალდუ დასჯერდებოდა ნაჩუქარ გოლს.
კასილიასი რეალის სულია, მისი ნაწილი, მისი საქმე გაცილებით მეტია იმასთან შედარებით, რასაც ლოპესი აკეთებს, დაუფასებლობა შეუგნებლობასთან ასოცირდება და გულწრფელად ვიტყვი როისის და გიუნდოგანის დარტყმის შედეგად მართლაც გაიბრწყინა ხანში შესულმა კიპერმა, თუმცა კასილიასი მაინც სულ სხვაა და ეს ყველამ კარგად ვიცით, სხვა თუ არაფერი ის კაპიტანია, გუნდის სული და გული, ნამდვილი ლიდერი, რომელიც განსაზღვრავს და განკარგავს მატჩს 90 წუთის განმავლობაში, სწორედ ის ამხნევებს შეძახილებით ყველაზე მეტად თეთრებში გამოწყობილ მადრიდელ ბიჭებს და მისი შეცვლა არავის შეუძლია, რადგან კასილიასი ერთია და განუმეორებელი. მის გარეშე რეალი სულის გარეშე რჩება, დაკარგულია ის ჟინი და თავდადება, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა იკერს სხვა ფეხბურთელებისგან, მოკლედ გუტისა და რაულის შემდეგ რეალის ლეგენდებზე გადაკიდებულ ჟოზე მოურინიოს ყელზე უნდა დაადგეს იკერ კასილიასი, უნდა გაეჩხიროს მისი ლეგენდარულობა და სიდიადე! ის განსაკუთრებულია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ მისი თავსგასული სიამაყე და ამპარტავნობა ჩემთვის პირადად უკვე მოსაბეზრებელია, ყველა მადრიდისტა ალბათ აფასებს მის მადრიდულ კარიერას, მის რეკორდებს, იმ ფაქტს, რომ მან შეძლო და ბარსელონასთან ღირსებით დარაზმული მადრიდული არმია გამოიყვანა და ხშირ შემთხვევაში გამარჯვებასაც აღწევდა, თუმცა გუტი, რაული და კასილიასი მასზე გაცილებით მეტი უნდა უღირდეს მადრიდის რეალის უდიდეს ისტორიასა და ხელმძღვანელობას!
ორ დღეში საპასუხო მატჩი გაიმართება, რეალსა და დორტმუნდს შორის, ბევრი საოცარ ქამბექზე საუბრობს, ამის რასაკვირველია უნდა სჯეროდეს ყველა მადრიდისტას, მაგრამ თუ კასილიასი ისევ სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებს თვალს მატჩის პერიპეტიებს, უბრალოდ შემრცხვება, რადგან ბორუსიასთან მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რას წარმოადგენდა ის გუნდისთვის, სწორედ ის ამხნევებდა ყველაზე მეტად ფეხბურთელებს და მოუწოდებდა რეალის ფანებს საოცარი ატმოსფერო შეექმნათ სანტიაგო ბერნაბეუზე, მან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ის იკერ კასილიასია, მადრიდის რეალის ცოხალი სიამაყე და მისი ყოფნა მოედანზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმაციის მადრიდის რეალისთვის, ის შანს იმსახურებს და ამ შანსის გამოყენებას ვფიქრობ ღირსეულადაც მოახერხებს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე!
არ ვიცი რა კონფლიქტი იყო ასეთი მოუსა და კასილიასს შორის, მაგრამ რაღაც რომ მოხდა ფაქტია და ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ ხმაურდება გარკვევით ამ კონფლიქტის დეტალები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კასილიასის სიდიადეს, ის უპირველეს ყოვლისა უდიდესი ადამიანია და მხოლოდ ამის შემდეგაა ბრწყინვალე გოლკიპერი, მას ბევრჯერ განუცხადებია, რომ მისი მიზანი არის წლების შემდეგ გაიხსენონ ის, როგორც კარგ ადამიანად და არა მხოლოდ კარგ მეკარედ! მე პატივს ვცემ იკერ კასილიასს და მჯერა მის გარეშე მყოფი რეალი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთანაც ვერ მიაღწევს წარმატებას, რადგან ის ნამდვილი თილისმაა მადრიდელთათვის, სწორედ ისაა მადრიდის რეალისთვის გამარჯვების მომტანი და მოტივატორი გახადოს გუნდი ჩემპიონი!
იკერ კასილიასი არამხოლოდ მადრიდის რეალის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა, ეს უნდა ახსოვდეს ყველას, განსაკუთრებით კი "განსაკუთრებულს”