9:17 PM
ჯუღელი და "მისი რაზმი" ბათუმის "დინამოში"?!



მამუკა ჯუღელი და "მისი ფეხბურთელები" შესაძლოა გორის "დილადან" ბათუმის "დინამოში" გადაბარგდნენ. სცენარი ნაცნობია – საფეხბურთო აგენტი კლუბში "თავისი მოთამაშეებით" მიდის (რუსეთში მოთამაშე ყველა ქართველი ფეხბურთელის აგენტია), რაღაც პერიოდის განმავლობაში რომელიმე ტიტულს გამოჰკრავს ხელს, შემდეგ სხვაგან გადაინაცვლებს.

ასე იყო 2009 წელს, როცა მამუკა ჯუღელი რუსეთის პირველ დივიზიონში მახაჩყალის "ანჟის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. შემდეგ ნიჟნინოვგოროდის "ვოლგაში" გადაინაცვლა, ორივე შემთხვევაში, პირველი დივიზიონის გუნდები პრემიერლიგაში გადაიყვანა. ამის შემდეგ რუსულ საფეხბურთო წრეებში "რუხ კარდინალად" წოდებულმა საფეხბურთო აგენტმა საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" ჩაიბარა, გუნდი ამ შემთხვევაშიც "თავისი ფეხბურთელებით" დააკომპლექტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ მყოფ გუნდს სეზონის დასაწყისში ფინანსურად მყარი და სტაბილური ვითარება ჰქონდა, მაგრამ ყველა საუბრობდა იმაზე, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შესაძლოა ვითარება შეცვლილიყო. ასეც მოხდა...

ამ ეტაპზე საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" დაფინანსების საკითხი გაურკვეველია, გუნდს არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთელები კი, თავიანთი აგენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ "დილას" ახალი ბიუჯეტი გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობას ვერ გასწვდება, სავარაუდოა, რომ ჯუღელი და "მისი რაზმი" სხვა კლუბში გადავლენ, ახალი სამიზნე კი ბათუმის "დინამო" შეიძლება აღმოჩნდეს, ამის შესახებ კულუარებში უკვე საუბრობენ.

ზღვისპირელებს უმაღლესში დარჩენა სურთ. იმ შემადგენლობით, რითაც გუნდი ელიტაში გადმოვიდა, ზედა ექვსეულში მოხვედრა რომ არ შეეძლო, თავიდანვე გამოჩნდა. გია გურული, ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გარკვევით ამბობდა, რომ ბათუმელების მთავარი მიზანი უმაღლესში დარჩენა იქნებოდა, რისთვისაც ქვედა ექვსეულში ბრძოლა დასჭირდებოდათ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბათუმის "დინამომ" შემადგენლობა არ გააძლიერა, უმაღლეს ლიგაში თავის დამკვიდრება გაუჭირდება. როგორც იცით, კლუბის დაფინანსება უკრაინელ ბიზნესმენს, "კარპატის" ყოფილ მფლობელ პიოტრ დიმინსკის ჰქონდა გადაწყვეტილი. უკრაინელი ბათუმშიც იყო ჩამოსული, მაგრამ შემდეგ მოლაპარაკება არ შედგა და აჭარული კლუბი მფლობელობაში ბათუმის მერიას გადაეცა. ბათუმის "დინამოს" ახალი ბიუჯეტი განსაზღვრავს გუნდის გაძლიერებისა და მეორე ეტაპისთვის მზადების საკითხს.

როგორც გია გურულმა რადიო "კომერსანტთან" საუბარში განაცხადა – "ბათუმის "დინამო" 12 იანვრიდან იკრიბება და ადგილზე გავაგრძელებთ მზადებას. თებერვლის დასაწყისში კი ანტალიაში ვაპირებთ შეკრებაზე წასვლას. გვაქვს სურვილი გუნდის გაძლიერების და რამოდენიმე უმაღლესში მოთამაშე ფეხბურთელიც არის ჩვენ მონახაზში. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დაფინანსებასთან დაკავშირებთ ჯერ არაფერი გარკვეულა, ჯერ–ჯერობით ისევ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში ვრჩებით. უკრაინელ ინვესტორებთან დაკავშირებითაც არაფერია სიახლე. რაც შეეხება მამუკა ჯუღელს, პირველად მესმის თქვენგან. ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ".

როგორ განვითარდება მოვლენები ამას კლუბებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი განაპირობებს, რომელიც დღედღეზე გაირკვევა.
 
ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: