5:07 PM
ირაკლი სირბილაძე: "ფინეთთან შანსები თანაბარია"



საქართველოს ნაკრებისა და ფინური "ინტერ ტურკუს" ქართველი თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე ფინელმა ჟურნალისტებმა ქვეყნის ჩემპიონატში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩვენებურს მართლაც კარგი სეზონი აქვს, მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 16 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავაში პირველია. მისი გუნდი გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. 12 ოქტომბერს "ჯვაროსნები", მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სტუმრად, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 8-ში მთელი გუნდი შეიკრიბება, ირაკლი თანაგუნდელებს ჰელსინკში დაუხვდება. Geosports.ge სირბილაძეს ფინეთში შეეხმიანა.

- ძალიან კარგი სეზონი გაქვს. ფინეთში სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს, მე-16 გოლი გაიტანე მიმდინარე სეზონში, გილოცავ...

- დიდი მადლობა, მართლაც ასეა, ძალიან კარგი სეზონი მაქვს. ეს როგორც ჩემი, ისე ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. 16 გოლი მაქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე ვარ. ვეცდები გავაუმჯობესო შედეგი. დიდი სტიმულია მოთამაშისთვის, როცა შრომას უფასებენ.

- ბოლო შეხვედრა შენმა გუნდმა აუტსაიდერ "კუოპიოსთან" 1:4 წააგო, არადა ჩემპიონატში პირველ ადგილს იმყარებდით...

- ჩვენგან ასეთ შედეგს არ ელოდა გულშემატკივარი... დასანანია, რომ წავაგეთ და ქულები დავკარგეთ, თანაც აუტსაიდერ გუნდთან. ძალიან დაძაბული ჩემპიონატია და გაგვიჭირდება პირველ ადგილზე გადასვლა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, შემდეგ შეხვედრებში მოვიპოვოთ გამარჯვება.

- 12 ოქტომბერს ჩვენი ნაკრები ფინეთში ჩამოვა და ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ქართველი მოთამაშეებიდან, ყველაზე უკეთ შენ იცნობ ფინურ ფეხბურთს. ქეცბაია ისევ გენდო და გამოგიძახა ნაკრებში. რას გვეტყვი მომავალ დაპირისპირებაზე?

- ფინელებს საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავთ. ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, კონტრშეტევაზე კარგად გადადიან. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ თანაბარი შანსები გვაქვს. რთული მატჩი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწევთ. მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში, ეროვნული ნაკრების განაცხადში მუდმივად ვხვდები, ვეცდები მწვრთნელისა და გულშემატკივრის იმედი გავამართლო.

- ფინეთის ნაკრებში ძირითადად ლეგიონერები თამაშობენ, მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა ფინეთის ჩემპიონატში მოასპარეზე, მათ შორის შენი თანაგუნდელი მიკა ოიალა. მიკასა და სხვა ფეხბურთელებზე რას გვეტყვი?

- მიკა ოიალა ფინეთში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. ჩემი თანაგუნდელია და ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ჩვენი მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ასევე თამაშობენ ძმები ერემენკოები, ჩემი მეგობრები, რომლებიც ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში ირიცხებიან, მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ბევრი მეგობარი მყავს ფინეთის ნაკრებში, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.

- რას ამბობენ ფინეთში საფრანგეთთან წაგებული მატჩის შემდეგ, რას შედეგს ელიან საქართველოსთან შეხვედრაში?

- ფრანგებთან კარგი მატჩი ჩაატარეს ფინელებმა და როგორც ჩვენ ესპანეთთან, მათაც მინიმუმ ფრედ შეეძლოთ მატჩის დასრულება. რა თქმა უნდა, მოგება სურთ, როგორც ჩვენ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს დარჩება გამარჯვება.

ოთარ მუმლაძის ფოტო
 

წყარო: მირანდა სურმანიძე, Geosports.ge

ნანახია: 372 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ირაკლი სირბილაძე: ფინეთთან შანსები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: