12:04 PM გურამ სამუშია: “ბიჭები დარწმუნებულები ვიყავით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით” | |
![]() საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ფეხბურთელები დღეს დაბრუნდნენ თბილისში. აეროპორტში მათ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. 19-წლამდელთა განწყობა, ბრძოლით მოპოვებული წარმატების შემდეგ, კიდევ უფრო საბრძოლოა. Geosports.ge-სთან კომენტარი ნაკრების წევრებმა გურამ სამუშიამ და ნიკა სანდოხაძემ გააკეთეს. გურამ სამუშია: "გუნდში თავიდანვე საბრძოლო განწყობა იყო. ბიჭები დარწმუნებულები ვიყავით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. მწვრთნელის დავალებებს მაქსიმალურად ვასრულებდით და შედეგიც სახეზეა. ყველა თამაშში მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და ბოლომდე ვთამაშობდით. ეს გამარჯვება მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა. მთელი გუნდი ვგრძნობდით ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას და ვეცადეთ მათი იმედები მაქსიმალურად გაგვემართლებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს”. ნიკა სანდოხაძე: "ჩვენი ჯგუფის ლიდერი ინგლისის ნაკრები იყო, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით. უნდა ითქვას, რომ ჯგუფიდან გასვლა ელიტრაუნდის დაწყებამდე გვქონდა დაგეგმილი და შესაბამისად, ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოდით. მსაჯობა პირველ ორ თამაშში ძალიან ცუდი იყო, განსაკუთრებით შოტლანდიასთან მატჩში. რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩვენს გუნდს ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის არ უნდა ეთამაშა და დაგვჩაგრეს, თუმცა ჯგუფიდან მაინც გავედით. უკანასკნელი თამაში ძალიან ემოციური გამოდგა და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რამხელა სიხარული მივანიჭეთ საქართველოს. ყველას დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისთვის”. "ქართული სპორტის ქომაგების” ფოტო | |
|
სულ კომენტარები: 0 | |