2:35 PM გორის “დილამ” საქართველოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო | |
![]() საქართველოს საიუბილეო, 25-ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი "მიხეილ მესხზე” ბოლნისის "სიონსა” და გორის "დილას” შორის გაიმართა. მატჩი გორელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მოგეხსენებათ, "დილა” ევროპალიგაზე ასპარეზობს და მატჩების ზედიზედ გამართვა უწევს, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში მაინც საბრძოლო და ძირითადი შემადგენლობით დაიწყო. ბოლნისის "სიონი” კი დიდი მონდომებითა და ბრძოლით ცდილობდა პირველი შეხვედრა მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო. პირველი გოლიც სწორედ მასპინძელთა აქტიურობას მოჰყვა, რამაც გორელი ფეხბურთელები ცოტა დააბნია კიდეც. მე-11 წუთზე გორელთა საჯარიმოში დიდი არეულობა იყო, რადგან "სიონის” ფეხბურთელებმა ზედიზედ რამდენიმე სახიფათო იერიში შექმნეს, თუმცა "დილას” მცველები ან შორს იგერიებდნენ ბურთს, ან კუთხურზე. სწორედ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა თოთაძემ და რევიშვილს მარცხენა კუთხეში შეუგდო – 1:0. ბოლნისელები ცდილობდნენ ტემპი არ დაეგდოთ და კიდევ შეეტიათ მეტოქისთვის, მაგრამ მეტი ბურთის გატანა ვეღარ მოახერხეს. 39-ე წუთზე კი გორელებმა აიღეს თამაშის ინიციატივა და სტუმრებს ანგარიშიც გაუთანაბრეს. ყველაფერი კი მასპინძელთა ცენტრალური მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა. ილურიძემ იაქტიურა, კარში დარტყმაც მოახერხა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, რომლისგანაც ბურთი იქვე მდგომ დოლიძეს მიუვიდა. ამ უკანასკნელს მცველი უშლიდა, მაგრამ გორელთა 22 ნომერმა ერთი მოძრაობით ჩამოიშორა მეტოქე და მეკარეს კარის მაღალ კუთხეში ლამაზი ბურთი გაუტანა – 1:1. მეორე ტაიმი "დილამ” აქტიურად დაიწყო, რაც დროულმა შეცვლამ განაპირობა. მოედანზე ბოლქვაძის გამოსვლამ ყველაფერი დაალაგა და გორელები ჩვეული თამაშის რიტმს დაუბრუნდნენ. "დილა” ხშირად სტუმრობდა მეტოქის საჯარიმოს და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა. ბოლნისელები კი ცდილობდნენ შეეტიათ სტუმრებისთვის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. მატჩის საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე დოლიძის დუბლით დაფიქსირდა. გრიგოლმა მცველების უყურადღებობით ისარგებლა და მერლანს აუღებელი დაურტყა – 1:2. მატჩის დასრულებამდე ორივე კართან იყო სახიფათო მომენტების შექმნის მცდელობები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. XXV ეროვნული ჩემპიონატი, I წრე, I ტური "სიონი”-”დილა” 1:2 სიონი: მერლანი, სვანიძე, თოთაძე, ტვილდიანი, ფოფხაძე, განუგრავა, პარუნაშვილი (ჩივაძე 80), გოგობერიშვილი, ზვიად ლობჟანიძე, მიკუჩაძე (ცხადაია 70), ახალაია (უგულავა 75) მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე დილა: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, გურული, დოლიძე, მაისურაძე, ილურიძე (გორელიშვილი 82), მოდებაძე (სადაღაშვილი 17), ხიზანეიშვილი, დიასამიძე (ბოლქვაძე 46) მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი გოლები: 1:0 თოთაძე (11), 1:1, 1:2 დოლიძე (39, 77) გაფრთხილება: მიკუჩაძე (58), პარუნაშვილი (62); ილურიძე (25), კვახაძე (39) მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი ზიზუ ჯიქიას ფოტო | |
|
სულ კომენტარები: 0 | |