3:26 PM ეროვნულის სამზადისი – ნაკრები ნელ-ნელა ივსება | |
![]() საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომავალი ამხანაგური თამაშებისთვის მზადებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" აგრძელებს. ფეხბურთელები ბაზაზე ჯერ არ ცხოვრობენ და ყოველდღიურ ვარჯიშებზე სახლებიდან დადიან. დღეს, გუნდს შეუერთდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა გერმანული „ბოხუმის" თავდამსხმელმა – ნიკოლოზ გელაშვილმა. ასე რომ, დღევნდელ ვარჯიშზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ: ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გურამ კაშია, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, მერაბ გიგაური, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი. რაც შეეხება გიორგი ლორიასა და ირაკლი ძარიას, რომლებმაც გუშინ „დინამოს" შემადგენლობაში საქართველოს თასი მოიგეს, თემურ ქეცბაიამ მათ ორდღიანი დასვენების საშუალება მისცა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები საათზე მეტხანს ავარჯიშა და ბოლოს, თავადაც ითამაშა მინი-ორკარა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, ნაკრების ფეხბურთელებმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარები გააკეთეს. გურამ კაშია: „ფეხბურთელისთვის სანაკრებო თამაშები ყოველთვის განსაკუთრებულია და მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგურია თუ ოფიციალური – მოტივაცია მაღალია. ვარჯიშები დავიწყეთ იმ ფეხბურთელებმა, ვინც ჩემპიონატი დაასრულა. სავარჯიშო პირობები ძალიან კარგია და ყველანაირად გვაქვს საშუალება, რომ კარგად მოვემზადოთ. ირლანდიისა და დანიის სახით ძალიან ძლიერი და საინტერესო მეტოქეები გვეყოლება. რთული მატჩები გველის… ისე, ადვილი არც გვაქვს-ხოლმე და არც ჩვენ მეტოქეებს აქვთ ჩვენთან იოლი თამაშები. აუცილებლად ვნახავთ მეტოქეების თამაშების ვიდეოჩანაწერებს და ანალიზსაც გავაკეთებთ." დავით კვირკველია: „ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მე ნათამაშები მაქვს. ამ გუნდთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია. განსაკუთრებით მათთან, სადაც საოცარი სტადიონი, გულშემატკივრები და ატმოსფეროა. ჯერჯერობით, არასრული შემადგენლობით ვემზადებით, მაგრამ ბიჭები ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან. ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ ორ თამაშში ჩვენთვის სასურველ შედეგებს მივაღწიოთ. ჩემთვის, თითოეული ასეთი სანაკრებო თამაში და თანაც, ასეთი დონის გუნდებთან ძალიან მნიშვნელოვანია და პროფესიულად საინტერესო. მიხარია, რომ ნაკრების შემადგენლობაში ვარ და ასეთ თამაშებში მონაწილეობის საშუალება მაქვს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ნაკრებში ახალი სახეები უკვე ინტენსიურად ჩნდებიან. მაგალითად, მერაბ გიგაური. რაც მე საქართველოში დავბრუნდი სათამაშოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს და ძალიან მომწონს მისი თამაში. რაც მთავარია, ის მთავარმა მწვრთნელმაც შეამჩნია და ნაკრებში გამოიძახა-კიდეც. ეს მერაბ გიგაურის შანსია და ვუსურვებ, რომ კარგად გამოიყენოს. ახლა, ყველაფერი მასზე დამოკიდებული, თუ როგორ გამოიჩენს თავს. მთავარია, მონდომება…" ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით 28 მაისს შეიკრიბება და ამავე დღეს, თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას გამართავს. ამასთან, მედიას ნაკრების ღია ვარჯიშზე დასწრების საშუალებაც ექნება. სფფ-ის პრესსამსახური | |
|
სულ კომენტარები: 0 | |