3:44 PM
ექსკლუზივი: კახი კალაძის პირველი კომენტარი გამოსამშვიდობებელ მატჩთან დაკავშირებით [Geosports.Ge]



31 მაისს, "დინამო არენაზე” კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს კალაძის მეგობრები და "მილანი” დაუპირისპირდება. აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინიტრმა, საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა და "მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა – კახი კალაძემ პირველი კომენტარი, ექსკლუზიურად, რადიო "კომერსანტის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კახა კალაძე: "რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელისთვის გულდასაწყვეტია, როცა კარიერას ასრულებს. ეს შეგრძნება ერთხელ უკვე განვიცადე, როცა ოფიციალურად განვაცხადე დიდი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ. 31 მაისს ალბათ ამ ემოციის შეგრძნება კიდევ მომიწევს, უამრავი გულშემატკივრის წინაშე.

მატჩის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ჩემმა მეგობრებმა ითავეს, დავით მუჯირის ხელმძღვანელობით. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდეს. რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც ამ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას, მათი მოწვევით პირადად ვარ დაკავებული. მინდა განვაცხადო იმის შესახებ, რომ ხშირად ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და სახელდება ისეთი ფეხბურთელების გვარები, რომლებიც რეალურად ამ მატჩისთვის არ ჩამოვლენ. ისიც თქვეს, თითქოს ზინედინ ზიდანი აპირებდა ჩამოსვლას, რაც სიმართლეს არ შეეფერება. გულშემატკივარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს.

შეხვედრას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება, არამხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით.

თუ გადავხედავთ ჩემს საფეხბურთო კარიერას, ძალიან საინტერესოა. ერთმა ბიჭმა, რომელიც რაიონში დავიბადე და გავიზარდე, მივაღწიე დიდ წარმატებას. ყველაზე გამორჩეული ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა იყო, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. გარდა ამისა იყო წარუმატებელი, ძნელი წუთები, ეს უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მხედველობაში მაქვს ის ორი ავტოგოლი, რომელიც ჩემი საფეხბურთო ტრაგედიაა. ამას დღესაც განვიცდი, რამდენჯერმე ქართველ გულშემატკივარს ბოდიშიც მოვუხადე. როგორც ყველა სპორტსმენს, მეც მქონდა წარმატებული პერიოდი, იყო ტრავმებიც, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სპორტი. ჩემს განვლილ საფეხბურთო ცხოვრებას დადებითად შევაფასებდი. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იბადება, ვისურვებდი, რომ მათ ჩემზე მეტს მიაღწიონ და გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე მე შევძელი.

ქართული ფეხბურთიდან არსად წავსულვარ, სპორტი და ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ფეხბურთს ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება აქტიურად არ ვიყო ფეხბურთში ჩაბმული, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე, მთავრობის წევრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სახეობა განვითარდეს საქართველოში. ყველას კარგად მოგვეხსენება როგორ უყვართ ჩვენს ქვეყანაში ეს სპორტი. მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ქართული ფეხბურთისა და სპორტის განვითარებაში”.

შეგახსენებთ, კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი 31 მაისს, "დინამო არენაზე”, 20:30 საათზე დაიწყება.

მალხაზ გედევანიშვილი, Geosports.Ge

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: