9:38 AM
“დინამო თბილისი” დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია



დღეს, "მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს "დინამო” თბილისი და საჩხერის "ჩიხურა” დაუპირისპირდა. დედაქალაქელებმა საჩხერელები 3:1 დაამარცხეს და ცოტა ხნის წინ მოპოვებულ ჩემპიონობას თასიც შეჰმატეს.

მატჩი აქტიურად დაიწყო. პირველ 4 წუთში ჯაბა დვალმა და ირაკლი ძარიამ მოსინჯეს მიზანი, თუმცა ორივე მათგანს უმტყუნა. მე-9 წუთზე გიორგი მერებაშვილმა გაისროლა შორიდან, თუმცა სომხიშვილს ბურთის აღება არ გასჭირვებია. მე-13 წუთზე იმავე მერებაშვილის აქტიურობას პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ჩისკო მივიდა, მაგრამ მარჯვენა დაბალ კუთხეში დარტყმული გიორგი სომხიშვილმა მოიგერია და ტაბლოზე წონასწორობა შეინარჩუნა. ზუსტად 2 წუთში საპასუხო იერიში „ჩიხურამ" განახორციელა. ბოლქვაძემ, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობა, კვასხვაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა მცირე რეიდი შემოგვთავაზა, რამდენიმე მცველი გააბითურა, მაგრამ კარში ზუსტად დარტყმა ვეღარ შეძლო. 37-ე წუთზე ვაჟა ლომიაშვილს ჰქონდა მომენტი, თუმცა გიორგი ლორიამ ადვილად აიღო ბურთი ხელებში. საპასუხო შეტევის დროს „დინამოს" სასარგებლოდ კუთხური დაინიშნა, უსტარიცმა კარში დარტყმა სცადა, მაგრამ ააცილა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ დარტყმებში წუნი ბევრი იყო.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ ფრუიძის შეგირდებს. 48-ე წუთზე დავით ბოლქვაძემ შორეული დარტყმა შემოგვთავაზა- გიორგი ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო. 58-ე წუთზე პუბლიკამ ნანატრი გოლიც იხილა. გრაიციარმა მარჯვენა ფლანგიდან მაღალი ბურთი დაკიდა „ჩიხურას" საჯარიმოში – ბურთი ყველას გადასცდა და გიორგი მერებაშვილს მიუვიდა, მან მკერდით ჩამოიღო და ერთი შეხებით მეკარისგან მარცხენა შორეულ ცხრიანში მოათავსა. 1:0 , „დინამო" დაწინაურდა.

63-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ლევან ხმალაძემ ყველას აჯობა და სომხიშვილსაც შანსი არ ჰქონია. 11 წუთში კი ანგარიშმა გამანადგურებელ ზღვარს მიაღწია. მარჯვენა ფლანგზე გრაიციარის სწრაფ ჩართვას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, იქ მცირე არეულობა შეიქმნა, საბოლოოდ ბურთი ირაკლი ძარიას მიუვიდა და მანაც აუღელვებლად, დაბალი დარტყმით აანთო ტაბლოზე „სამიანი". 78-ეზე უხეშობის გამო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ლაშა სილაგავამ, მოედნიდან უსტარიცი გააძევა. ჯარიმა გიორგი ქიმაძემ შეასრულა. მართალია, ლორია ადგილზე დახვდა ბურთს, თუმცა მოგერიება მაინც გაუჭირდა. შეტევა ჯერ არ იყო დამთავრებული. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი „დინამოელთა" კიპერმა მუშტებით მოიგერია, შემდეგ კი გოცირიძე ცდილობდა კარის აღებას, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმამ გიორგის პრობლემები ვერ შეუქმნა.

88-ე წუთზე სტადიონზე შეკრებილ მაყურებლებს წამით სუნთქვა შეეკრათ, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ედიკ საჯაიამ ულამაზესი გასროლა შეასრულა. რომ არა ხარიხა, მართლაც ჩინებული გოლის მომსწრენი გავხდებოდით.

საჯაიამ თავისი მაინც გაიტანა. მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე დანიშნული კუთხურიდან „ჩიხურამ" ერთი ბურთი გაქვითა.

ამრიგად, 2008 წლის შემდეგ თბილისის „დინამომ" საქართველოს თასი პირველად მოიპოვა. ორი კვირის განმავლობაში ფეხბურთელებს ოფიციალური დასვენება აქვთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყება.

მატჩის შემდეგ:

სოსო ფრუიძე ( „ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი): „დინამოს" ძალიან კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს. ისინი ძალიან მრავალფეროვანს ხდიან თამაშს შეტევაში. ვფიქრობ, დღესაც ამ საშემსრულებლო ოსტატობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. თუმცა უიმედოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ. პირველ ნახევარში რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა და ჩემს ბიჭებს სწორედ ოსტატობა დააკლდათ, თორემ განსხვავებულ მეორე ნახევარს ვიხილავდით. მიმაჩნია, რომ უძლიერესმა გაიმარჯვა. თბილისის „დინამო" დღეს ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, სად ჩავატარებთ ევროპის ლიგის მატჩებს. ამ ტურნირისთვის რამდენიმე კაცით გაძლიერება გვჭირდება. ლეგიონერების საკითხი გადაწყვეტილი არაა. ჯერ ხელმძრვანელობას უნდა შევხვდეთ. სწორედ ხელმძღვანელობის პოლიტიკიდან გამომდინარე, არ გვქონდა ლეგიონერებზე აქცენტი გაკეთებული და მათ ჩვენს, ქართველ ბიჭებს ვამჯობინებდით”.

დუშან უჰრინი („დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ყველაფერი განვიხილეთ და მოედანზე უფრო კონცენტრირებულები გამოვედით. ახლა პირველ რიგში არდადეგებზე ვფიქრობთ. სეზონის დაწყებამდე ჩვენი მიზანი იყო, წარმატებას მიგვეღწია ჩემპიონატში და თასზე, რაც შევასრულეთ, ამიტომ ამ ეტაპზე ბედნიერები ვართ. შესაძლებელია, რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ, მაგრამ მთავარი არსებული გუნდის შენარჩუნებაა”.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი
„დინამო თბილისი" 3:1 „ჩიხურა" საჩხერე
გოლები
: მერებაშვილი, 58, ხმალაძე, 63, ძარია, 74 – საჯაია, 90+3.

დინამო” თბილისი: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, დვალი(90,კოტო), მერებაშვილი(89, მილხრაუმი), გრაიციარი, ჩისკო(90, პაპავა), გლიშიჩი, ძარია.
მწვრთნელი: დუშან უჰრინი

ჩიხურა": სომხიშვილი, ჭელიძე, კვასხვაძე, ბოლქვაძე(71, ქიმაძე), დიღმელაშვილი(61, კირკიტაძე), ლომაშვილი, ჩიკვაიძე, გოცირიძე, დეკანოიძე, საჯაია, კაშია.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

გაფრთხილება: კაშია, 14, მერებაშვილი, 37, გოცირიძე, 45, გრაიციარი, 67.
გაძევება: უსტარიცი, 78.
მსაჯი: ლაშა სილაგავა

ვიდეო აღებულია fcdinamo.ge- დან

ოთარ მუმლაძის ფოტო

Geosports.Ge


Goal.Ge

ნანახია: 249 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: