6:22 PM “დინამო” თასის ფინალში უპრობლემოდ გავიდა | |
![]() დღეს, "დინამო არენაზე” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. უკვე მეთოთხმეტედ გაჩემპიონებული თბილისის "დინამო” რუსთავის "მეტალურგს” მასპინძლობდა. ამ მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას ის სძენდა, რომ ამ გუნდების რუსთავში გამართული პირველი დაპირისპირება "მეტალურგის” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე ჩემპიონის ტიტულის მატარებელი "დინამო” შეხვედრას საკმაოდ კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე შეხვდა. თავის მხრივ, ამ სეზონში რუსთაველთა ერთადერთი ამოცანა სწორედ თასზე წარმატებული ასპარეზობა გახლდათ და შესაბამისად, ამ მატჩზე კონცენტრურებულ რუსთაველებისგან სიურპრიზებსაც არ გამორიცხავდნენ. თუმცა საბოლოოდ ბრძოლა არ შედგა, "დინამომ” გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა მეტოქე და ფინალის საგზურიც ღირსეულად მოიპოვა. დინამოელთა შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება მოხდა, რაც მთავარია, გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი, საუკეთესო ბომბარდირი ჩისკო. ტრავმით გამოწვეული პაუზის გამო, ძირითადში დაბრუნდა დედაქალაქელთა ცენტრალური მცველი უსტარიციც. სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა დინამოელთა ათი ნომერი გიორგი მერებაშვილი, მისი ადგილი წინა ხაზში, ჩისკოს გვერდით, ასი გოლის გამტანმა – ჯაბა დვალმა დაიკავა. პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. ტაიმის დასაწყისში, გრაიციარის და ჩისკოს დარტყმებს, რომელიც პირველ შემთხვევაში არაზუსტი იყო, ხოლო ესპანელს ალავიძემ აუღო, რუსთაველებმა მე-15 წუთზე ფიფიას შორეული დარტყმით უპასუხეს, რომელიც ლორიამ ეფექტურ ნახტომში მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. ამ ეპიზოდს კუთხური მოყვა, რომლის შემდეგაც საჯარიმოდან უხეიროდ მოგერიებულ ბურთს საჯაია გზავნიდა კარისკენ, მაგრამ კვარცხელიამ ბურთი დამაჯერებლად მოიგერია ერთ წუთში "დინამოს” ცენტრალურ მცველს თავად ჰქონდა გოლის გატანის შანსი: ჩისკოს მოწოდდებული სტანდარტულის შემდეგ, იგი თავით ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, თუმცა ხეირიანად ვერ მოარტყა თავი მრგვალ საგანს და მომენტიც განიმუხტა. "დინამომ” საჭირო გოლის გატანა მალევე მოახერხა. 21-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან მიკელ ალვაროს დარტყმული, მცირე რიკოშეტის შემდეგ, ალავიძის კარში აღმოჩნდა – 1-0! გაშვებული გოლი რუსთაველებს უკვე შეტევაზე გადასვლას აიძულებდა. ისინი ასე თუ ისე ახერხებდნენ ბურთის კონტროლოს, მაგრამ სახიფათო მომენტამდე საქმე მხოლოდ მატჩის 39-ე წუთზე მივიდა – "მეტალურგის” ფეხბურთელების მოწოდებულ კუთხურს "დინამოს” საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითიც ვერცერთმა რუსთაველმა ვერ ისარგებლა და საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა ვერ მოახერხა. ტაიმიც საბოლოოდ ასეთივე ანგარიშით დასრულდა. თუ შეხვედრის პირველ ნახევარში "მეტალურგი” ასე თუ ისე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, მეორე ტაიმი "დინამოს” სრული უპირატესობით წარიმართა და 4 გატანილ გოლთან ერთად დინამოელებმა უამრავი საგოლე ეპიზოდის გაცუდებაც მოახერხეს. მეორე გოლი 57-ე წუთზე გავიდა, მიკელ ალვაროს ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში ბურთს გავაშელიშვილი აცდა, კარის სიახლოვეს მყოფმა ჩისკომ კი მეტოქეს ეს შეცდომა არ აპატია და დაბრუნება გოლით აღნიშნა – 2-0! ზუსტად 9 წუთში, მიკელ ალავარომ დუბლი გაიფორმა – ჩისკოს მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავით ბურთს მიმართულება ხმალაძემ ოდნავ შეუცვალა, ესპანელმაც ასევე თავური დარტყმით გააგრძელა და საკუთარი გუნდის უპირატესობა სამბურთიანი გახადა – 3-0! მეოთხე გოლის გასატანად "დინამოს” 4 წუთი დაჭირდა – კომბინაცია დვალმა წამოიწყო, რომელმაც გრაიციარი ფლანგზე ეფექტური პასით მოძებნა, სლოვაკმაც მცირე რეიდით მეტოქის საჯარიმომდე იარა და ხმალაძე მოხდენილი პასით მეკარეს შეატოვა პირისპირ, "დინამოს” 8 ნომერს არ გასჭირვებია შეტევის დასრულება – 4-0! რუსთაველთა რბევა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა დაასრულა – იგი 87-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვეს ადვილად გაუსწორდა რამოდენიმე მეტოქეს და მოჭრილი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5-0!. შუალედებში "დინამოს” კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდა, რომლის დროსაც გოლის გატანა მართებდათ დვალს, ჩისკოს, გრაიციარს, კოტოს და პაპავას, თუმცა ხან მცველები და მეკარე ყოჩაღობდნენ, ხანაც საბოლოო დარტყმული იყო არაზუსტი. მატჩის ბოლო მომენტი კი "მეტალურგმა” შექმნა, როდესაც პირისპირ გასული ფიფიას დარტყმული "დინამოს” კარის ძელმა მოიგერია, საბოლოოდ კი სიტუაცია მცველებმა განმუხტეს. "დინამომ”, ორი მატჩის ჯამში, 6-2 დაამარცხა მეტოქე და ფინალში საჩხერის "ჩიხურას” დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს ასპარეზობას ბოლნისის "სიონი” გამოთიშა. უჰრინის შეგირდებმა კი ბოლო ორ მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხეს ისე, რომ ერთიც არ გაუშვიათ და სეზონის დუბლის დასასრულებლად ყველა წინაპირობა გააჩნიათ. მატჩის შემდეგ დუშან უჰრინი (დინამო): "გასულ ტურში "ტორპედოსთან” გამართულმა თამაშმა დიდი ენერგია წაიღო და აქედან გამომდინარე, თამაში შედარებით მძიმედ დავიწყეთ. პირველი შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშიდან გამომდინარე, მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვჭირდებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ჩვენმა წინა მეტოქემ. იმ ეპიზოდის შემდეგ, როდესაც გიორგი ლორიამ ურთულესი დარტყმა მოიგერია, "დინამომ” კიდევ უფრო მოუმატა, მიმაჩნია, რომ გარდამტეხი ეპიზოდი სწორედ ეს იყო. ახლა კი დაველოდებით თასის ფინალს და გადამწყვეტი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადებით. მართალია, "ჩიხურასთან” კვირასაც მოგვიწევს დაპირისპირება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ჩემპიონები ვართ, ნამდვილად არ ვიცი რა შემადგენლობით გავალთ მოედანზე. ფინალამდე კი დიდი დროა და ვეცდებით, ეს დრო სათანადოდ გამოვიყენოთ და სეზონის დუბლიც გავიფორმოთ. რაც შეეხება მერებაშავილის სათადარიგოთა სკამზე დასმას, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, სავსებით ნორმალურია. გუნდში ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და შანსი მათაც უნდა მიეცეთ. წინა თამაშებში მაგალითად დვალი იყო სათადარიგო. ჩვენ მარტო 11 ფეხბურთელზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული”. დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/2 ფინალი. განმეორებითი მატჩი 08.05.13 თბილისი. დინამო არენა. დინამო (თბ) – მეტალურგი (რუსთავი) 5-0 (1-2) გოლები: 21, ალვარო (1-0), 57, ჩისკო (2-0), 66, ალვარო (3-0), 70, ხმალაძე (4-0), 87, მერებაშვილი (5-0) დინამო (თბ): ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, დვალი (73, მერებაშვილი), ალვარო (84, კოტო), გრაიციარი, ჩისკო, გლიშიჩი, ძარია (77, პაპავა) სათადარიგოები: ზარქუა, მერებაშვილი, პაპავა, ტატანაშვილი, კოტო, მილხრაუმი, გველესიანი მთ. მწვრთნელი: დუშან უჰრინი მეტალურგი (რუსთავი): ალავიძე, დობროვოლსკი (73, კორღალიძე), სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, გეწაძე (კ) (70, ხაბელაშვილი), ჯაფარიძე, მენთეშაშვილი (67, მენთეშაშვილი), რაზმაძე, ინწკირველი, ფიფია, საჯაია სათადარიგოები: ბედიაშვილი, სიხარულიძე, მახვილაძე, ქავთარაძე, ლობჟანიძე, კორღალიძე, ხაბელაშვილი მთ. მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი წყარო:Geosports.Ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |