12:15 PM
"დილას" უდანაკარგო სერია თბილისის "დინამოსთან" შეწყდა




XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურს განსაკუთრებული ინტრიგა ახლდა თან, ამ ინტრიგას კი სახელად "დინამო"-"დილას" დაპირისპირება ერქვა, რომელიც "დინამო არენაზე" დღეს გაიმართა. ეს იყო იმ ორი გუნდის დაპირისპირება, რომელიც სპეციალისტებმა უკვე შერაცხეს ჩემპიონობის ყველაზე რეალურ კანდიდატებად. ყველაფერზე სატურნირო ცხრილიც მეტყველებდა, ამ ტურამდე გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო.

"დილა" უშუალო კონკურენტთან შეხვედრას ფანტასტიკური, 11-მატჩიანი მოგებების სერიით ხვდებოდა, რომელიც 20 სექტემბერს სწორედ "დინამოსთან" საშინაო გამარჯვებით დაიწყო და რომლის განმავლობაშიც, გორელებს მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდათ გაშვებული. "დინამოც", თავის მხრივ, 15 მატჩში მხოლოდ 1 წაგებით, 3 ფრით და 11 გამარჯვებით ცხრილის უპირობო ლიდერი იყო და თან თბილისურ კლუბს საშინაო არენაზე არცერთი ქულა დაუკარგავს.

"დინამომ" არც ამ შეხვედრაში დაკარგა ქულები და უახლოესი მდევარი დამაჯარებელად და დამსახურებულად 3-0 გაანადგურა. თბილისელებმა ყველა რგოლში დაჯაბნეს მეტოქე, ამაზე კი, დინამოელთა ძალინ ბევრი საგოლე ეპიზოდი, გორელთა მიერ კარის ჩარჩოში მხოლოდ ერთი დარტყმის წინააღმდეგ მეტყველებს. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

მეტ-ნაკლები ხიფათი გორელთა კართან უკვე მეორე წუთზე შეიქმნა, თუმცა ჩისკოს საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთზე ხმალაძეს სკენდერმა დაასწრო და სიტუაცია ადვილად გააუვნებელყო. 2 წუთში კი პირველი გოლიც ვიხილეთ - დინამოელთა მარჯვენა მცველმა, გიორგი სეთურიძემ საოცარი ფლანგური გარღვევა განახორციელა, რომლის დროსაც კვირკველია გაუნძრევლად დატოვა, მის ჩაწოდებას კი მერებაშვილი საპირიპირო ფლანგიდან ერთი შეხებით გამოეხმაურა და ლამზი გოლიც გამოვიდა - 1-0!

ამის შემდეგ "დილა" ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, აქტიური იყო ბრაზილიელი რამოსი, რომლის წინააღდეგ რამდენიმეჯერ დაჯარიმდნენ კიდეც, თუმცა სტანდარტებს ხიფათი არ მოჰყოლია. პირიქით, მე-16 წუთზე "დინამომ" კონტრშეტევა წამოიწყო, მერებაშვილმა ჩისკო გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, რომელსაც სკენდერმა აუღო, მოგერიებულ ბურთს დვალი გზავნიდა კარში და რომ არა ბეჭვაია, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, ანგარიში ორამდეც გაიზრდებოდა.

"დილა" ისევ აგრძელებდა ბურთის ფლობას და შეტევების გამწვავებას ფლანგური ჩაწოდებებით ცდილობდა, თუმცა სახიფათო მომენტის მსგავსამდეც კი არ მისულა საქმე. კარის მიმართულებით გორელებმა მხოლოდ ერთხელ გაგზავნეს ბურთი, კვირკველიას ჩაწოდებულს კახელიშვილი ურტყამდა, თუმცა საკმაოდ სუსტად და ლორიას მისი დაუფლება არც გასჭირვებია.

ტაიმის ბოლო კი "დინამოსი" იყო, ჯერ 38-ე წუთზე ჩისკოს მართებდა საჯარიმოში ეულად მდგარი ალვაროსთვის ზუსტი პასის მიცემა, საიდანაც ამ უკანასკნელს არ უნდა გასჭრვებოდა დამაგვირგვინებელი დარტყმის შესრულება. ერთ წუთში კი ლამის შედევრი ვიხილეთ მერებას შესრულებით, ამ უკანასკნელმა სოლო რეიდით მოახერხა "დილას" დაცვის გარღვევა, პირისპირ დარჩენილი კი თავზე ეფექტურად უგდებდა სკენდერს, ბურთი ძელს ხვდება, დამატებაზე დვალმა ვერ ივარგა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გიორგი მერებაშვილის თამაში, რომელიც ინდივიდუალურ ოსტატობის ხარჯზე, საოცრად ადვილად და ეფექტურად უმკლავდებოდა "დილას" დაცვას და რომ არა ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული პასი ან სკენდერის ოსტატობა, მის შედეგიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალი იქნებოდა, თუმცა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, მერება უდავოდ საუკეთესო იყო მოედანზე.

ტაიმის ბოლო ხიფათიც სკენდერის კართან შეიქმნა, ჩისკოს ჩამოწოდებულ საჯარიმოს შემდეგ, ბურთს ხმალაძემ თავი შეაგება, კარისკენ გაგზავნილ მრგვალ საგანს ხიზანეიშვილი ფეხით გზავნის კარში და ხორვატი მეკარე საოცარი რეაქციით იგერიებს ბურთს. ბოლოს შანსი ჩისკოსაც ჰქონდა, თუმცა ეს უკანასკნელი თამაშგარეში აღმოჩნდა. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარი დინამოელთათვის არც თუ სახარბიელო ამბით დაიწყო, ტრამვის გამო გიორგი სეთურიძემ, რომელიც მთელ დაცვის ხაზთან ერთად, ბრწყინვალე შეხვედრას ატარებდა, ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება, როგორც შემდეგ გაირკვა, ტრამვა სერიოზულია, მის ნაცვლად თამაშში ტვილდიანი ჩაერთო. ცვლილებამ აშკარად გაამართლა. ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

მეორე ნახევრის პირველი ხიფათიც "დინამოს" ანგარიშზეა. ისევ მერებაშვილის საოცარი გარღვევა საჯარიმოში და სკენდერი ახლო მანძილიდან დარტყმულს იგეირებს. 4 წუთში კი წარმატებული ცვლილების შესახებ. ჩისკომ საჯარიმოში შეჭრილ ტვილდიანს შეუყოლა ბურთი, ეს უკანსკნელი მცველებთან ორთაბრძოლაში ადვილად გაერკვა სიტუაცაში და მახვილი კუთხიდან აუღებელი დაურტყა სკენდერს. ეს ტვილდიანის პირველი გოლია "დინამოს" მაისურით, დინამომ კი სერიოზული ფორა მიიღო - 2-0!

ამის შემდეგ ყურადღების ცენტრში ყოფილი დინამოელი, გიორგი კახელიშვილი მოექცა, ჯერ კუთხურის ჩამოწოდების დროს გლიშიჩთან ორთაბრძოლისას მიიღო პირველი ყვითელი, რამოდენიმე წუთში კი იმავე სერბთან უხეში მოქცევისთვის სილაგავასგან მეორეც დაიმსახურა და საკუთარი თანაგუნდელები კაცნაკლულები დატოვა.

რამდენიმე წუთში ისევ მერებამ გაიბრწყინა, თუმცა სკენდერს ვერც ამჯერად აჯობა, ისვე როგორც ჩისკომ, რომელიც განმეორებით ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას. ერთ წუთში "დილამ" ერთადერთი სახიფათო დარტყმა განახორციელა ლორიას კარის მიმართულებით, როდესაც კვირკველიას კუთხურიდან ჩამოწოდებულს სალუქვაძე გზავნიდა კარში, თუმცა ბურთს ტვილდიანი გადაეღობა. თამაში რამოდენიმე წუთით ჩაწყნარდა, "დინამო" ბურთს დამაჯერებლად აკონტროლებდა. 10-კაციან "დილას" კი შეტევა არ გამოსდიოდა. ვერც ონიანის გასვლამ და ჟუნიორის შემოსვლამ შეცვალა რამე. საბოლოოდ მატჩს წერტილი 86-ე წუთზე დაესვა, მერებამ კუთხური ძარიასთან გაითამაშა და ბურთი ისევ "დინამოს" 10 ნომერთან მივიდა, ამ უკანასკნელმა კი საჯრიმოსკენ გაგზავნა, რომელსაც ხმალაძემ ლამაზ ნახტომში საბოლოო ადგილიც მიუჩინა - 3-0!

შეხვედრა ასევე მშვიდად დასრულედბოდა, რომ არა ბრაზილიელი რამოსის და ხიზანეიშვილის ინციდენტი. "დილას" ახალწვეულმა ორთაბრძოლის შემდეგ, დინამოელთა მცველს შეაფურთხა და გაიქცა, მას არც ხიზანეიშვილი ჩამორჩა და მისი დაწევა სცადა (არ ვაჭარბებთ - ავტ.), საბოლოოდ, განრისხებული მცველი თანაგუნდლებმა დააწყნარეს, ხოლო ბრაზილიელი სილაგავს წითელ ბარათამდე გაიყვანეს მოედნიდან, სილაგავამ მას ხიზანეიშვილიც მიაყოლა და საბოლოოდ გუნდებს 9-10-ზე მოუწიათ თამაშის დასრულება.

"დინამომ" მოიგო. მოიგო სრულიად დამსახურებულად და შთამბეჭდავად. უპირატესობა ყველა რგოლში თვალშისაცემი იყო, ბრწყინვალე იყო დაცვის ხაზიც, რომელიც ამ სეზონში ალბათ საუკეთესო თამაშს ატარებდა. აღნიშვნის ღირსია დარკო გლიშიჩის თამაში, რომელიც არც თუ ხშირად ხვდება "დინამოს" ძირითადში. საუცხოო ტაიმები ჩაატარეს სეთურიძემ და ტვილდიანმა, ამ წყვილის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა. შეუდარებელი იყო დაცვის ცენტრი, მიუხედავად ხიზანეიშვილის გაძევებისა, კვარაცხელიასთნ მის ტანდემზე ენა არავის შემოუბრუნდებოდა. რაც შეეხება "დილას", ამ გუნდმა დარასელიას ხელმძღვანელობით მიმდინარე ჩემპიონატში ალბათ ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარა, მიზეზი ზედმეტ თავდაჯერებულობასთან ერთად, უთუოდ მეტოქეც იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, თბილისლებს 39 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ "დილას" 5 ქულით უსწრებენ.



P.S დღევანდელ შეხვედრაში პირველად მოხდა ისე, რომ მატჩი 6-კაციანმა მსაჯთა ბრიგადამ განსაჯა, საუბარია დამატებით ასისტენტებზე, რომლებიც კარის მარჯვნივ დგანან. როგორც დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, მსაჯები სრულიად შეუმჩნეველნი იყვნენ შეხვედრის დროს, რითიც ყველაფერი ნათქვამია. თემიდის წარმომადგენლების მისამართით უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ ყოფილა.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს.

დუშან უჰრინი: "ბედნიერი ვარ, დავამარცხეთ საკმაოდ ძლიერი გუნდი და თან ისე, რომ გატანის არანაირი შანსი არ მიგვიცია. შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი წარმატება სულ პატარა ნაბიჯია ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე. მთელი კვირა ამ მატჩისთვის ვემზადებოდით, ბოლომდე "დილასთან" შეხვედრზე ვიყავით კონცენტრირებულნი და შედეგიც სათანადოა. თუმცა დღეს ამ თამაშზე ფიქრს ვწყვეტთ და მომავალზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, წინ სხვა თამაშები გველის და ეს 5-ქულიანი უპირატესობა რომ შევინარჩუნოთ, იქ წარმატებაა საჭირო. 
ხიზანეიშვილის მომენტს რაც შეეხება, ზუსტად არ ვიცი რატომ გააძევეს, თუმცა მგონია, რომ შეიძლებოდა ამ წითელი ბარათის გარეშეც დაესრულებინა შეხვედრა".

უჰრინს რეხვიაშვილზეც ჰკითხეს: "ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა ურთიერთობაში, თუმცა ეს საჯარო განხილვის საგანი არაა".

გიორგი დარასელია: "ეს ჩემი პირველი მარცხია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. ფეხბურთია, დღეს მეტოქე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. მინდა "დინამოს" დამსახურებული გამარჯვება მივულოცო".

საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი, XVI ტური

ქ. თბილისი, დინამო არენა

დინამო (თბ) - დილა (გორი) 3-0

გოლები: 4, მერებაშვილი (1-0), 56, ტვილდიანი, (2-0), 86, ხმალაძე (3-0)

დინამო (თბ): ლორია, გლიშიჩი, კვარაცხელია, ხიზანეიშვილი, სეთურიძე (46, ტვილდიანი), ძარია, ხმალაძე, ალვარო (89, რობერტინიო), მერებაშვილი, ჩისკო, დვალი (88, კვეკვესკირი)
სათადარიგოები: ზარქუა, კვეკვესკირი, ტვილდიანი, გველესიანი, პარუნაშვილი, ვოსკობოინიკოვი, რობერტინიო
მთ. მწვრთნელი: დუშან უჰრინი

დილა: სკენდერი, ონიანი (75, ჟუნიორი), კახელიშვილი, მოდებაძე (66, სალუქვაძე), კვირკველია, გურული, ბეჭვაია, თომაშვილი, კაშია, გვალია (46, არზიანი), რამოსი

სათადარიგოები: შეყრილაძე, სალუქვაძე, არზიანი, ახალკაცი, გორელიშვილი, ჟუნიორი, კლიმიაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილებები: კახელიშვილი, ხმალაძე, ალვარო, ლორია

გაძევება: 67, კახელიშვილი, 90, ხიზანეიშვილი, 90, რამოსი

მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა
ნანახია: 225 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: დილას უდანაკარგო სერია თბილისის დინ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: