1:10 PM
„დილამ“ აუტსაიდერის დამარცხებით რეკორდი გაიმეორა




გათამაშების ერთპიროვნული აუტსაიდერი ფოთის „კოლხეთი–1913" „დილას" გორში უნდა მიეღო, მაგრამ უამინდობამ წლის ბოლო საშინაო მატჩი სამტრედიაში გადაიტანა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა მატჩის დებიუტშივე შეძლეს მომგებიანი კომბინაციის გოლად ქცევა, დარჩენილ დროში კი, ერთხელაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ თავიანთი უპირატესობა.

თუმცა, ვიდრე თამაში დაიწყებოდა, გორელებმა იმერეთშიც ისარგებლეს მასპინძლის სტატუსით და 2 სასიამოვნო მისია შეასრულეს. კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე დასრულებული გამოკითხვის შედეგად ნოემბრის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის ძირითადი კიპერი მარინ სკენდერი აღიარეს. ჰოდა, კლუბის მენეჯერმა გია ისიანმა მას სამახსოვრო საკლუბო ატრიბუტიკით სავსე ჩანთა გადასცა. კლუბის დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა კი, ეროვნულ ჩემპიონატებში გორის „დილას" შემადგენლობაში გატანილი მე–700 გოლისთვის, შესაბამის ნომრიანი მაისური დავით კვირკველიას უსახსოვრა.

როგორც ვთქვით, ანგარიში სასტარტო სასტვენიდან მალევე გაიხსნა. მე–4 წუთზე მარცხენა ფლანგიდან კვირკველიას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას ლაშა სალუქვაძე „შეეხმიანა". კაპიტანმა ბურთს თავი დაჰკრა, იგი ფოთელთა მცველ გია ჩადუნელს შეეხო და ბადეშიც ისე აღმოჩნდა – 1:0.

პირველ ტაიმში, თუ შაშიაშვილისა და ჟუნიორს შორის გათამაშებულ კომბინაციას არ ჩავთვლით, რომელიც მახვილი კუთხიდან ბრაზილიელი ფორვარდის უზუსტო დარტყმით დასრულდა, არაფერი ღირშესანიშნავი არ მომხდარა. უფრო თვალსასეირო გამოდგა მე–2 ტაიმი, როცა „დილას" ანგარიშის გაზრდის რამდენიმე რეალური შანსი მიეცა.

აქტიურობდა ლეონარდო რამოსი, რომელიც 4–მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ასევე პირველად დაიწყო თამაში სასტარტოში გიორგი აბურჯანიამ. თბილისის „დინამოსთან" მარცხის (0:3) შემდეგ პირველად ითამაშა გულვერდ თომაშვილმაც, რომელმაც დაცვის ცენტრში, 3 გაფრთხილების გამო დისკვალიფიცირებული გიორგი ონიანის ადგილი დაიკავა.

68–ე წუთზე ნათან ჟუნიორს შეეძლო საკმაოდ გაჭიანურებული „მშრალი" სერია შეეწყვიტა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა გამოაგდო უკან. საფინალო სასტვენამდე ხუთიოდე წუთით ადრე, უკვე ხოჯავას მიეცა ანგარიშში სხვაობის ორამდე გაზრდის საშუალება, რომელსაც გიორგი კახელიშვილმა დიდსულოვნად დაუთმო ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმის უფლება – გოჩას დარტყმული ხარიხას ზემოდან გადაევლო.

სხვათა შორის, არც ფოთელები იყვნენ უშანსოდ. მათგან ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა ალექსანდრე ქორჩილავა გახლდათ, რომლის 62–ე წუთზე კონტრშეტევაში სწრაფი ჩართვა იმით დასრულდა, რომ ბექა შეყრილაძემ კუთხურზე მოიგერია. ცნობისათვის, ამ უკანასკნელმაც მიმდინარე სეზონში პირველად მოირგო ძირითადი გუნდის კიპერის მაისური.

„დილამ", მეტოქის რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საკმაოდ მოკრძალებულად იმარჯვა. ეს იყო ჩვენი გუნდის მიერ ამ ჩემპიონატში მოპოვებული მე–15 მოგება (ბოლო 17 მატჩში), რაც ძველი რეკორდის გამეორებაა. საქმე ის გახლავთ, რომ უმაღლესი ლიგის ერთ სეზონში გორის „დილას" მიერ ყველაზე მეტი მოგებული მატჩების რაოდენობა დღემდე 15 გახლდათ. ეს მოხდა შორეულ 1993–1994წწ სეზონში. მაშინ ამ მაჩვენებელს ჩვენმა გუნდმა სრული სეზონის (38 მატჩი) შედეგად მიაღწია. დღევანდელ შემთხვევაში კი „დილას" წინ კიდევ 11 მატჩი აქვს.



სამტრედია. 19 დეკემბერი, 2012 წელი. „ეროსი მანჯგალაძე". 14:00

„დილა" (გორი) – „კოლხეთი–1913" (ფოთი) 1:0 (1:0)

"დილა”: შეყრილაძე, შაშიაშვილი, სალუქვაძე (კაპ.), კვირკველია, თომაშვილი, ბეჭვაია, გორელიშვილი (კახელიშვილი, 46), ხოჯავა, აბურჯანია (კლიმიაშვილი, 56), რამოსი (ალადაშვილი, 87), ჟუნიორი.

სათადარიგოები: სკენდერი, ახალკაცი, მოდებაძე, გვალია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

"კოლხეთი–1913″: ბუბუტეიშვილი, კილასონია, ცხვიტარია, ჩადუნელი, მამუკა ლორია, გოგონაია, ტყეშელაშვილი, ბარამიძე (მოსიაშვილი, 46), კრასოვსკი (კაპ.) (ზვიად ჭედია, 84), ქორჩილავა, ბუხაიძე (კვანტალიანი, 46).

სათადარიგოები: ხარშილაძე, ხოშტარია, კახიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია.

გაფრთხილება: გოგონაია (26).

გოლი: 1:0 ჩადუნელი (4, საკუთარ კარში).

მსაჯები: ბ. ნინუა; ი. კაკაბაძე, დ. კვეტენაძე; გ. კიკაჩეიშვილი.
 
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: