დღეს გორში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გიორგი დევდარიანმა თავისი შეგირდები ავარჯიშა. ფეხბურთელები გორში 10 დღე დარჩებიან და დღეში ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ.
დღეს მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები ავარჯიშა: შეყრილაძე, ზუროშვილი, ალადაშვილი, მნათობიშვილი, გორელიშვილი, ილურიძე, გვალია, კახელიშვილი, ჯიშკარიანი, აბურჯანია, მაისურაძე, გოგინაშვილი, ი. ლომიძე, ვ. ხორგუაშვილი, პ. ხორგუაშვილი, მოდებაძე, კვახაძე, ლობე.
ასევე გუნდთან ერთად იმყოფებიან: გიორგი გურული („ტორპედო"), გიორგი დიასამიძე („სასკო"), და გიორგი შუშიაშვილი („სპარტაკი").
კლუბი უკვე ოფიციალურად დატოვეს: გოგიტა გოგუამ, ლეონარდო რამოსმა, ნათან ჟუნიორმა, ზურაბ არზიანმა და ზურაბ მამალაძემ.
ვარჯიშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა გიორგი დევდარიანმა.
„დღეს ჩავატარეთ პირველი ვარჯიში და უფრო ახლოს გავიცანი ფეხბურთელები. პირველი ვარჯიშიდან გამომდინარე გუნდს ეტყობა რომ ჯერ სათანადოდ არ არიან მზად. ეს შეკრება სწორედ იმას ემსახურება, რომ თითოეულმა მათგანმა წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
გუნდში არის გარკვეული ცვლილებები. არიან რიგი იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც შარშან „დილას" წარმატებებში შეიტანეს წვლილი და ასევე დღეს რამოდენიმე ახალი ფეხბურთელიც შემოგვიერთდა, რომლებზეც გაგრძელდება დაკვირვება. შარშანდელთან შედარებით გუნდი საკმაოდ სახეშეცვლილია. მიმდინარეობს მოლაპარაკება რამოდენიმე ფეხბურთელთან, ამას დილას გულშემატკივარი უახლოეს ხანში გაიგებს.
ასვე ამ შეკრების დასრულების შემდეგ, თვის ბოლოსთვის იგეგმება უცხოური შეკრების მოწყობა, ირჩევა რამოდენიმე ვარიანტი: ავსტრიის, თურქეთისა და სლოვენიას შორის. გავემგზავრებით ამ სამიდან იმ ქვეყანაში, სადაც დილასთვის მისაღები სპარინგპარტნიორები იქნებიან."
"დილას” პრესსამსახური