12:03 PM
"დილა" კვლავ უძლეველია


ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე გორის „დილამ" თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან" გასვლითი მატჩით დაიწყო. გორელები მცხეთაში სტუმრობდნენ თბილისურ გუნდს, სადაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეძლო მასპინძელთა დამარცხება – 2:0.

ამ მატჩში „დილას" შემადგენლობაში კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგიონერის, 20 წლის ლეონარდო რამოსის დებიუტი შედგა. იგი მთავარმა მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა, თუმცა როცა შეატყო, რომ სამხრეთამერიკელს უჩვეულო საფარის, მერე კი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა გაუჭირდა, შესვენებაზე ზურაბ არზიანით შეცვალა. სწორედ ამ უკანასკნელის კარგ თამაშს მოჰყვა ჩვენი გუნდის მიერ თამაშში გარდატეხის შეტანა. მანამდე კი, იყო მომენტი, რომლის მასპინძელთაგან გოლად ქცევის შემთხვევაში, „დილას" საკმაოდ გაუჭირდებოდა ზედიზედ მე–8 მატჩის მოგება.

50–ე წუთზე, „ვიტ ჯორჯიას" ფორვარდმა ბესიკ ჩიმაკაძემ 100%–იანი საგოლე შანსი გაანიავა. გულვერდ თომაშვილთან სპრინტში დაწინაურებული „ვეტერინარი" გორელთა კიპერთან პირისპირ დარჩა, ბურთს დაუყოვნებლივ დაჰკრა, მაგრამ მარინ სკენდერმა მოიგერია. ბურთს ისევ თავდამსხმელი დაეუფლა, მაგრამ წამოსწრებულმა მცველებმა ხეირიანად დამატების საშუალება აღარ მისცეს.

ანგარიში „დილამ" მე–60 წუთზე გახსნა. ზურაბ არზიანმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსა და მოედნის ცენტრის შუაში მიიღო, ბურთიანად ჩვეულ სტილში დატრიალდა და დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა. სიმართლე გითხრათ, ბურთმა იმდენი კი იფრინა, ნიკა დაუშვილს რეაგირება მოესწროს, მაგრამ ფაქტია, გორელები ანგარიშში დაწინაურდნენ – 0:1.

გატანილმა გოლმა „დილას" „მარწუხების ინტენსიურად მოჭერის" საშუალება მისცა. უფრო აქტიური გახდა ჩვენი ნახევარდაცვა, მეტოქის დაცვის „დატერორებას" მოუხშირა ნათან ჟუნიორმა. ერთ–ერთი ასეთი ეპიზოდისას, ბრაზილიელი „ვიტელთა" საჯარიმოსთან სიახლოვეს წააქციეს და გოგუას სახიფათო საჯარიმო დარტყმის რეალიზების შანსი გაუჩნდა. გოგიტამ ბურთი „კედელს" შემოატარა, მაგრამ დაუშვილი კუთხეს მიუხვდა და ნახტომში მოიგერია.
აქედან ორიოდე წუთში (მე–80) „დილამ" მეორე გოლი გაიტანა. „მეორე სართულზე" ბრძოლისას ისევ იმარჯვა გოგუამ, ბურთი ჟუნიორს უპასა, მან კი შეტევის მარცხენა ფლანგზე გურული მონახა. სანდრომ მეტოქის საჯარიმო მოედნის საპირისპირო მხარეს მონახა კლიმიაშვილი, რომელმაც ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა „ვიტელთა" კარისკენ და მიზანსაც მიაღწია – 0:2.

ერთი ხაზგასასმელი გარემოება. „დილამ" ზედიზედ მე–8 მატჩი მოიგო და აქედან 6–ში, პირველ ტაიმში ფრედ თამაშის შემდეგ შეძლო მეტოქის დამარცხება. ეს კი, სათამაშო პროცესში სამწვრთნელო შტაბის დროული და გონივრული ჩარევის დამსახურებაა.

ამ მოგებით „დილას" 25 ქულა გაუხდა და ჩემპიონატის დებულების მიხედვით, თანაბარქულიან ქუთაისის „ტორპედოს" ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით (1:0) სჯობს. სწორედ ამიტომაა ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე.

მორიგ მატჩს „დილა" კვლავ სტუმრად გამართავს. ამჯერად ჩვენი მეტოქე საჩხერის „ჩიხურა" იქნება, რომელიც 23 ქულით მე–4 ადგილზე იმყოფება. თამაში სოფელ ივანწმინდას სტადიონზე 4 ნოემბერს შედგება და 14:00 საათზე დაიწყება.

მცხეთა. 31 ოქტომბერი, 2012 წელი. „მცხეთა პარკი". 15:00
„ვიტ ჯორჯია" (თბილისი) – „დილა" (გორი) 0:2 (0:0)
ვიტ ჯორჯია: ნიკა დაუშვილი, გოგიაშვილი, ადამაძე, გეთიაშვილი (გაბრიჭიძე, 79), ხურცილავა, ჯავაშვილი, ვასაძე (კაპ.), გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე (ღიბრაძე, 83), კორიფაძე, ჩიმაკაძე.
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ღანიაშვილი, კასრაძე, ჯუღელი.
მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი.
დილა: სკენდერი, კვირკველია (კაპ.), თომაშვილი, გიორგი ონიანი, კაშია, კახელიშვილი (გურული, 61), გოგუა, კლიმიაშვილი, ბეჭვაია, რამოსი (არზიანი, 46), ჟუნიორი (გვალია, 90+1).
სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, ახალკაცი, გორელიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
გაფრთხილება: ჟუნიორი (64).
გოლები: 0:1 არზიანი (60), 0:2 კლიმიაშვილი (80).
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი; ზ. ბერულავა, ა. კოკაია; ზვ. ასკარ–ოღლი.
 
ნანახია: 232 | დაამატა: RoM@N | ტეგები: დილა კვლავ უძლეველია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: