2:41 PM დევდარიანი: “8 აგვისტოა… ვეცდებით, პატარა სიხარული ვაჩუქოთ გულშემატკივარს” | |
![]() 8 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გორის "დილასა” და სპლიტის "ჰაიდუკს” შორის გაიმართება. მატჩის წინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს, გუნდებმა კი – ვარჯიში. პირველმა ჟურნალისტების კითხვებს "დილას” თავკაცმა გიორგი დევდარიანმა უპასუხა. გიორგი დევდარიანი: "დილა” ახალი გუნდია, ორი თვეა შევიკრიბეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი თამაში სრულყოფილი არ არის, გვაქვს ბევრი სათამაშო ხარვეზი, პრობლემა, რომელიც პირველი მატჩის დროსაც გამოჩნდა. ჩვენ ერთად ვუყურეთ მატჩს, გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები და შევეცდებით გამოვასწოროთ. ეს შეცდომები ერთ მატჩში არ აღმოიფხვრება, თუმცა თანდათან მათ გამოსწორებას, თამაშიდან თამაშამდე სისუსტეების გამოსწორებას ვეცდებით. ტაქტიკაზე საუბარი უადგილოა, რაც შეეხება სტრატეგიას, არსად გვეჩქარება, მშვიდად ვითამაშებთ. ანგარიში ხელს გვაძლევს. მეტოქეს თამაშის გახსნის საშუალებას მივცემთ და ხელსაყრელ მომენტს მოთმინებით დაველოდებით. ჩვენ თამაშს კონტრეშევებზე ავაწყობთ. რაც შეეხება ოთარ ხიზანეიშვილს, მის არყოფნაში ალექსანდრე კვახაძე ითამაშებს. ხიზანეიშვილის ნაცვლად სხვა ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, ალბათ ამ საქციელს ღალატს დავარქმევდი, მაგრამ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია, თავი ვერ შეიკავა. იმედი მაქვს ეს გაკვეთილი იქნება მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვისაც. გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომ მოგვცეს საშუალება ჩვენი მიზანი განვახორციელოთ. მგონია, რომ ქომაგი გაგებით მოეკიდება იმ ფაქტს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ პლეი ოფში გასვლას. ირაკლი მოდებაძეზე მინდა ვთქვა, ის არ იყო წინა შეხვედრაში და ძალიან დაგვაკლდა. "ოლბორგთან” მისმა თამაშმა გვაჩვენა, რომ ბურთის დაჭერა შეუძლია. იმედია ის "ჰაიდუკთან” თამაშს 90 წუთის განმავლობაში შეძლებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს მატჩი მხოლოდ "დილა”-”ჰაიდუკის” თამაში არ არის. ხვალ 8 აგვისტოა, საქართველოსთვის და განსაკუთრებით გორელებისთვის მძიმე და დამთრგუნველი დღეა, ჩვენ გეოპოლიტიკაში ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ვეცდებით, რომ პატარა სიხარული ვაჩუქოთ გულშემატკივარს, რისი ვალდებულიც ვართ”. ნუკრი რევიშვილი: "ჩვენგან ასეთ თამაშს არ მოელოდნენ. როგორც ხორვატიაში, ისე აქაც ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ. გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება”. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "დილამ” ხორვატიაში 1:0 მოიგო. საპასუხო მატჩი კი 8 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე”, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ელექტრონული ბილეთები სტადიონის სალაროებში იყიდება და 3 ლარი ღირს. მანანა სურმანიძე, Geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |