10:18 PM
ჩემპიონი ლიდერთანაც ჩემპიონია




2012 წლის 23 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის დასკვნითი ტურის ცენტრალური შეხვედრა გუნდებმა "დაზვერვის გარეშე" დაიწყეს და მატჩის დებიუტშივე სახიფათო მომენტები გაცვალეს - ჯერ დინამოელმა ჩისკომ არაზუსტად შეასრულა სტანდარტი, ხოლო საპასუხო შეტევაში სტუმართა კარს შორიდან დარტყმით შოთა ბაბუნაშვილი ემუქრებოდა. თანდათან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და 18-ე წუთზე, ალექს ბენაშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, გიორგი ლორიასთან პირისპირ გავიდა შოთა ბაბუნაშვილი, რომელმაც სტუმართა დაცვისა და გოლკიპერისათვის მოულოდნელი რამდენიმე ცრუმოძრაობის შემდეგ, დიდოსტატურად დალაშქრა დინამოელთა კარი.

დაწინაურების შემდეგ მარგველები საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ და მათი კოტდ'ივუარელი ლეგიონერი ბოტი გოა ზედიზედ ორ ეპიზოდში თავის გუნდის კიდევ უფრო დაწინაურებასთან ძალიან ახლოს გახლდათ. დინამოელებმა იმერლებს ჯერ ოთარ ხიზანეიშვილის სტანდარტით უპასუხეს, შემდეგ კი მიკელ ალვაროს ჯარიმის დარტყმის ჯერი დადგა - თუკი პირველ შემთხვევაში ზესტაფონელთა გოლკიპერის ხელთან შეხების შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და მომენტი განიმუხტა, მეორეში (38-ე წუთზე) როინ კვასხვაძემ გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ტაიმის მიწურულს ბოტი გოას კარის აღების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შანსი მიეცა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა...

მეორე ტაიმის დასაწყისში მარგველებს დაწინაურების კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცათ - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბოტი გოას გარღვევისა და საჯარიმოს ცენტრის მიმართულებით გაკეთებული ზუსტი პასის შემდეგ, თეიმურაზ ღონღაძემ თბილისელთა კარში კარგად კი დაარტყა, თუმცა "დინამო" გიორგი ლორიამ გადაარჩინა. ცოტა ხანში გოლის გატანასთან ახლოს უკვე დინამოელი გივი კვარაცხელია იყო - მისი თავური მასპინძელთა კარის ძელმა მოიგერია.

75-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აიღეს 13-გზის ჩემპიონთა კარი. არაზუსტი პასის შემდეგ მასპინძელთა სწრაფი იერიში წესით უნდა ჩაშლილიყო, თუმცა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა ალექს ბენაშვილმა და მარჯვენა ფლანგზე გაჭრილმა უზუსტესი გადაცემა გააკეთა თეიმურაზ ღონღაძის მისამართით - ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ თბილისელთა კარის დარაჯს საკუთარი გუნდის გადარჩენის მცირე შანსიც არ მისცემია.

მატჩის ეპილოგში კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა - დინამოელები მატჩის გადასარჩენად გაიწიეს, თუმცა მასპინძელთა კართან რაიმე განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ მოახერხეს; რაც შეეხება მასპინძლებს, მათ, შეხვედრის ამ მონაკვეთში, თამაში კონტრშეტებზე ააგეს და რატი წინამძღვრიშვილსა და იგორ იელიჩს იმერელთა კიდევ უფრო დაწინაურებაც მართებდათ. საბოლოოდ, პრინციპული მეტოქეების დღევანდელი ძალიან დაძაბული და ამავე დროს სანახაობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა - 2-1.


მატჩის შემდეგ:

დუშან უჰრინი (დინამოს მთავარი მწვრთნელი) - ძალიან კარგი თამაში იყო. თავიდან კარგად დავიწყეთ. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, თუმცა ჩვენს კარში გოლი მივიღეთ. აქტიურად ვმოძრაობდით, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. დღევანდელი ტურის შემდეგ უშუალო მდევართან სამი ქულაა სხვაობა. წაგების მიუხედავად პირველ ადგილზე ვართ და ამით კმაყოფილი ვარ. ზესტაფონის თამაშმა მოწონება დაიმსახურა. წარმატებები მინდა ვუსურვო ახალ მწვრთნელთან ერთად, ოღონდ არა ჩვენთან შეხვედრებში.

კახა კაჭარავა (ზესტაფონის მწვრთნელ-კონსულტანტი) - დინამო კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ბევრი გამოცდილი მოთამაშე ყავთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ დინამოსთან რთული თამაში გველოდებოდა. ფეხბურთი გამართლება არის და დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო. კარგი თამაში იყო, ორივე გუნდს თანაბარი რაოდენობით ჰქონდა საგოლე მომენტები. საბოლოოდ ჩვენ მეტოქეზე უკეთესად გამოვიყენეთ ეპიზოდები. თანაბარი თამაში იყო და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.



ზესტაფონი 2:1 დინამო
გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი 18' , 1:1 ალვარო 39’, 2:1 ღონღაძე 75’.

ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, თედორე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, იელიჩი (გაგოშიძე 89’), თორნიკე გრიგალაშვილი, აფციაური, ბაბუნაშვილი, დემელი (წინამძღვრიშვილი 60’), ბენაშვილი, მენთეშაშვილი (გორგიაშვილი 51’)

დინამო: ლორია, ხიზანეიშვილი (გველესიანი 29’), კვარაცხელია, რეხვიაშვილი, სეთურიძე, ძარია, ხმალაძე, მერებაშვილი (გლიშიჩი 90’), ჩისკო, ხოჭოლავა (კოტო 89’), ალვარო

გაფრთხილება: ბენაშვილი, ღონღაძე, კაჭკაჭიშვილი.

ნანახია: 283 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: