10:15 PM 20 ყველაზე წარმატებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში (ნაწილი II) | |
![]() 10. "ფიორენტინა” და რუი კოშტა იყიდეს: 5,5 მილიონ ევროდ "ბენფიკასგან” გაყიდეს: 42 მილიონ ევროდ "მილანში” მოგება: 36,5 მილიონი ევრო 1994-წელს "ფიორენტინამ” რუი კოშტას სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხად ითვლებოდა. კოშტამ ფლორენციაში 7 სეზონი გაატარა, "იების” ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და ფლორენცია მხოლოდ მაშინ დატოვა, როდესაც გაკოტრებული კლუბი იტალიის დაბალ ლიგაში აღმოჩნდა. პორტუგალიელი ახლაც ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია "მილანის” უდიდეს ისტორიაში.
9. "პორტუ” და ჯეიმს როდრიგესი იყიდეს: 7,35 მილიონ ევროდ "ბანფილდისგან” გაყიდეს: 45 მილიონ ევროდ "მონაკოში” მოგება: 37,65 მილიონი ევრო ჯეიმს როდრიგესი – "პორტუს” ახალი, ყველაზე მომგებიანი ტრანსფერი. "ბანფილდელი” კოლუმბიელის ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლა პორტუგალიურმა კლუბმა, კიდევ ერთ სატრანსფერო გენიას, "უდინეზეს” მოუგო. როდრიგესმა "პორტუში” გატარებული ერთი წლის შემდეგ, კონტრაქტი გაახანგრძლივა, სადაც ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის პოტენციურ მყიდველს მისი კონტრაქტის გამოსასყიდად 45 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. ამ ზაფხულს კი ასეთი მყიდველი გამოჩნდა. დმიტრი რიბოლოვლევმა "მონაკოსგან” ახალი სუპერკლუბის შექმნა გადაწყვიტა და ამ ბიჭის სანაცვლოდ ამხელა თანხა გადაიხადა.
8. "ლაციო” და პაველ ნედვედი იყიდეს: 3,5 მილიონ ევროდ "სპარტასგან” გაყიდეს: 41,2 მილიონ ევროდ "იუვენტუსში” მოგება: 37,7 მილიონი ევრო ბოლოს "ლაციომ” სკუდეტო მაშინ მოიგო, როდესაც გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი პაველ ნედვედი იყო. 2001-წელს, "იუვენტუსს” "რეალში” წასული ზიდანის შემცვლელი უნდა ეპოვნა და სწორედ ამ ჩეხის სანაცვლოდ გადაიხადა 40 მილიონ ევროზე მეტი. ნედვედმა ტურინში 8 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, "ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა და კლუბიდან არც მაშინ წასულა, როდესაც "იუვე” სერია ბ-ში დააქვეითეს.
7. "პორტუ” და ფალკაო იყიდეს: 5,43 მილიონ ევროდ "რივერ პლეიტისგან” გაყიდეს: 47 მილიონ ევროდ "ატლეტიკოში” მოგება: 41,57 მილიონი ევრო ფალკაო ის ფეხბურთელია, რომელიც "პორტუმ” ყველაზე ძვირად გაყიდა. 2009-წელს სატრანსფერო საქმეების ექსპერტმა პორტუგალიურ კლუბს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის შეძენა ურჩია, რომლის შეძენითაც, იმ დროისთვის, "ემიუ” და "არსენალიც” კი ინტერესდებოდნენ. "პორტუში” გატარებული ორი წლის განმავლობაში, კოლუმბიელმა, შედეგიანობის მხრივ, ევროპის ლიგის რეკორდი დაამხო და ჰალკთან "მკვლელი” დუეტი შექმნა. ამით მოხიბლულმა "ატლეტიკომ”, რადამელის სანაცვლოდ, კლუბის ისტორიაში სარეკორდო, 47 მილიონის გადახდა არ დაიშურა.
6. "ინტერი” და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყიდეს: 24,8 მილიონ ევროდ "იუვენტუსისგან” გაყიდეს: 69,5 მილიონ ევროდ "ბარსელონაში” მოგება: 44,7 მილიონი ევრო ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში. კლუბებმა მის სანაცვლოდ საერთო ჯამში 171 მილიონი ევრო გადაიხადეს. ზლატანში ყველაზე მეტი "ინტერმა” გამოიმუშავა. მილანელებმა იბრაჰიმოვიჩი სერია ბ-ში დაქვეითებული "იუვენტუსისგან” 25 მილიონად იყიდეს, მასთან ერთად სკუდეტო სამჯერ მოიგეს და შემდეგ, "ბარსელონაში” გაყიდეს, ბონუსის სახით სამუელ ეტო’ო მიიღეს და შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიგეს.
5. "პარმა” და ერნან კრესპო იყიდეს: 4 მილიონ ევროდ "რივერ პლეიტისგან” გაყიდეს: 55 მილიონ ევროდ "ლაციოში” მოგება: 51 მილიონი ევრო თავის დროზე, ყველაზე დიდი ფული სერია ა-ში ტრიალებდა. არგენტინელი ბომბარდირის სანაცვლოდ, "ლაციომ” "პარმას” 50 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა. კრესპომ "ლაციოში” ორი სეზონი გაატარა, პირველ წელს კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა. ერნანი, ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის, მხოლოდ იბრაჰიმოვიჩსა და ანელკას ჩამორჩება.
4. "მილანი” და კაკა იყიდეს: 8,25 მილიონ ევროდ "სან პაულუსგან” გაყიდეს: 65 მილიონ ევროდ "რეალში” მოგება: 56,75 მილიონი ევრო 2003-წელს, ლეონარდოს რეკომენდაციით, "მილანმა” ბრაზილიელი ახალგაზრდა "სან პაულუსგან” 8 მილიონ ევროდ შეიძინა. იმ დროისთვის "მილანს” 8 მილიონზე მეტი არცერთ ფეხბურთელში არ ჰქონდა გადახდილი. კაკა "მილანს” მთელი რიგი ტურნირების მოგებაში დაეხმარა, 2007-წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 2009-წელს კი "რეალში” 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავიდა.
3. "ბარსელონა” და ლუიშ ფიგუ იყიდეს: 2,5 მილიონ ევროდ "სპორტინგიდან” გაყიდეს: 60 მილიონ ევროდ "რეალში” მოგება: 57,5 მილიონი ევრო პორტუგალიის ბრწყინვალე თაობის ფლაგმანი "ბარსელონამ” სულ რაღაც ორნახევარ მილიონ ევროდ შეიძინა. ფიგუმ კატალონიაში ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ფანების სიყვარულად იქცა, 2000-წელს კი, რეკორდული 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "რეალში” გადავიდა. ეს ტრანსფერი დღემდე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალურ ტრანსფერად ითვლება.
2. "იუვენტუსი” და ზინედინ ზიდანი იყიდეს: 3,5 მილიონ ევროდ "ბორდოსგან” გაყიდეს: 73,5 მილიონ ევროდ "რეალში” მოგება: 70 მილიონი ევრო სამნახევარი მილიონი ევრო ზინედინ ზიდანის სანაცვლოდ. ჭკუისშემშლელი ციფრებია. ზიდანი ტურინში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გმირად იქცა, გარდა ამისა, ორჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2000/01-წლების სეზონის ბოლოს ზიდანმა სამუშაო ადგილი შეიცვალა. სწორედ ზიდანთან ერთად მოახერხა "რეალმა” კლუბის ისტორიაში ბოლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება, თავად ფეხბურთელი კი მესამედ დასახელდა წლის საუკეთესო მოთამაშედ.
1. "მანჩესტერ იუნაიტედი” და კრიშტიანუ რონალდუ იყიდეს: 17,5 მილიონ ევროდ "სპორტინგიდან” გაყიდეს: 94 მილიონ ევროდ "რეალში” მოგება: 76,5 მილიონი ევრო ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში. ყველაზე წარმატებული გარიგება ფეხბურთის ისტორიაში. ეს ყველაფერი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის. 2003-წელს, ალექს ფერგიუსონმა გარისკა და ახალგაზრდა პორტუგალიელის სანაცვლოდ თითქმის 18 მილიონი ევრო გადაიხადა, თავად რონალდუმ კი ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისური მოირგო. "ემიუს” მაისურით კრიშტიანუმ ჯერჯერობით თავისი ერთადერთი "ოქროს ბურთი” მოიგო, 2009-წელს კი, მადრიდის "რეალმა” მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა 94 მილიონი ევრო გადაიხადა.
შენიშვნა: სატრანსფერო ღირებულებები მითითებულია transfermarkt.de-ს მიხედვით სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ: 20 ყველაზე წარმატებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში (ნაწილი I) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |