9:16 PM
19-წლამდელები „ტორპედოდან“: „ვგრძნობდით, მთელი საქართველო გვერდში გვედგა“



ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხმაურიანმა გამოსვლამ ქართველი ხალხი აღაფრთოვანა. ქუთაისის "ტორპედოსთვის” ორმაგად სასიხარულოა, რომ ინგლისის, შოტლანდიისა და ბელგიის ჯობნით, ჯგუფის ტრიუმფატორ გუნდში, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, „ტორპედოსაც" ჰყავს ფეხბურთელები წარმოდგენილი. ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ(3-ვე მატჩი), შემტევმა ნახევარმცველმა თეიმურაზ მარკოზაშვილმა(2 მატჩი) და ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ(2 მატჩი – 2 გოლი) არც თუ ისე მცირე წვლილი შეიტანეს აღნიშნულ მონაპოვარში.

კლუბის ოფიციალური საიტი ახალგაზრდებს 19-წლამდელთა ნაკრებზე ესაუბრა…

ფანცულაია: „ბელგიაში ჩასვლის დღიდან ძალიან მომართულები ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს არ სჯეროდა, რომ ამას გავაკეთებდით, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით და შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, რამაც ჩვენდამი ხალხის სიყვარული, დაფასება და საკუთარი თავის რწმენა უფრო გაზარდა, ამასთან ერთად დიდი გამოცდილებაც მივიღეთ.

მარკოზაშვილი: „ბუნებრივია, ასეთი წარმატება იოლად არ მიიღწევა, ბიჭებმა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღეთ და ამან შედეგიც მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი მსაჯობის გამო ბევრი წინაღობა გვქონდა, ევროპის ჩემპიონატზე მაინც გავედით, სადაც ასევე ვეცდებით ისეთი შედეგები ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტად გავახაროთ".

სანდოხაძე: „ურთულესი ჯგუფური ეტაპი გამოვიარეთ. ფავორიტი ინგლისის ნაკრები იყო, მაგრამ ჩვენთან გამართულ პირველივე თამაშში მათთვის სასურველი შედეგი არ დაფიქსირდა. შოტლანდიასთან 9 კაცით დავრჩით, მაგრამ მაინც საჩვენოდ დავასრულეთ მატჩი. ბელგიასთან დაპირისპირებას რაც შეეხება, რომელიც გადამწყვეტი იყო, მოგება გვჭირდებოდა, თან ცუდი მდგომარეობა გვქონდა სათადარიგო ფეხბურთელების სახით, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა".

- რის ხარჯზე აჯობეთ თქვენს მეტოქეებს?

სანდოხაძე: „პირველ რიგში, გუნდური თამაშით, ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით. რა თქმა უნდა რწმენითაც და მიუხედავად იმისა, რომ თამაშითაც ვაჯობეთ გუნდებს, ცოტაოდენი გამართლებაც გვქონდა.

მარკოზაშვილი: ჩვენ ფიზიკურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად ბოლომდე მზად ვიყავით და შეიძლება ისინი – არა.

ფანცულაია: „ალბათ, ჩვენ ყველანაირად უფრო სწორი მიდგომა გვქონდა ამ თამაშების მიმართ.

ტორპედოელები დიდად ემადლიერებიან ქართველ გულშემატკივრებს – „დიდი მადლობა მათ ვინც ბელგიაში გვქომაგობდა და ყველას, ვინც ჩვენ გვიჭერდა მხარს. ყოველ წუთში ვგრძნობდით, რომ მთელი საქართველო გვერდში გვედგა". ასევე, ცალკე გამოყოფენ მწვრთნელ გია ცეცაძის როლს და ამბობენ, რომ ამ საერთაშორისო წარმატებაში მისი დამსახურება დიდია.

- დამდეგი ფინალური ეტაპისგან რას ელით?

მარკოზაშვილი: „არასდროს არ მისცემია საქართველოს იმის შანსი, რომ მოწინავე ადგილი დაეკავებინა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ.

სანდოხაძე: „ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ მეოთხედფინალი გადავლახოთ, იმიტომ რომ გვაქვს ამის პოტენციალი".

ფანცულაია: „რა თქმა უნდა, ურთულეს შეხვედრებს ველით, ჩვენზე დამყარებული იმედები გვინდა გავამართლოთ და უპირველესი ამოცანაა, რომ ნახევარფინალში ვითამაშოთ.

– რას იტყვით „ტორპედოს" ახალ კურსზე?

სანდოხაძე: „ახალგაზრდა ბიჭები მოიყვანეს, რომლებსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ვფიქრობ, უფრო სამომავლო გუნდი კეთდება. ახალი მწვრთნელიც საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა, პირველი დღეებია და უკვე საინტერესოა მასთან მუშაობა. გრანდებს ახასიათებს მისი სტრატეგიითა და იდეოლოგიით თამაში".

ფანცულაია: „გუნდი გადახალისდა და გაჩნდა იმის დიდი პოტენციალიც, რომ „ტორპედომ" ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშოს. ვნახოთ რა იქნება ევროპალიგაზე, წინა სეზონთან შედარებით ყველას უფრო მეტის მიღწევა გვინდა".

მარკოზაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ახალგაზრდები ვართ, ევროპის ლიგაზე უპირველესად საწყისი ეტაპის გადალახვა გვმართებს".




ნანახია: 339 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: